Accentnews.ge
ცხინვალის საპატიმროს საქართველოს ერთი მოქალაქე უახლოეს ხანში დატოვებს

ცხინვალის საპატიმროს საქართველოს ერთი მოქალაქე უახლოეს ხანში დატოვებს

12/04/2022 13:57:58 კონფლიქტები

ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროს საქართველოს ერთი მოქალაქე უახლოეს ხანში დატოვებს. ამის შესახებ ერგნეთში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე აცხადებს, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების რიგით 106-ე შეხვედრაზე ქართულმა მხარემ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად კვლავ მოითხოვა უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

"დავიწყებ მამუკა ჩხიკვაძით, როგორც ცხინვალელმა მონაწილეებმა გვამცნეს, ე.წ. მორიგი სასამართლო უნდა შედგეს ხვალ და მათთვის უცნობია, ეს იქნება ბოლო ე.წ სასამართლო, თუ გაგრძელდება. მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. რაც შეეხება ლევან მაჩაბელს, დაისვა საკითხი, ვინაიდან არ იყო გარკვეული მისდამი წაყენებული ე.წ. ბრალდებების შინაარსი, ისევე როგორც გიორგი ქუჯოშვილის შემთხვევაში, მივიღეთ განმარტება, რომ მათაც ედავებიან ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას. ლევან მაჩაბლის ე.წ. სასამართლო სხდომის თარიღი ქართული მხარისთვის "ცხელი ხაზის" მეშვეობით გახდება ცნობილი. რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, ლაშა ხეთერელს ე.წ. სასჯელის სახით მიესაჯა 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა. გრძელდება ბრძოლა, რათა იგი დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს. ასევე ე.წ გამოძიება მიმდინარეობს ზაზა მეგრელიშვილისა და თამაზ გოგიჩაშვილის წინააღმდეგ. მათ გამოგონილი ბრალდებების საფუძველზე ედავებიან კონტრაბანდას, თუმცა, როგორც დღეს ცხინვალის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ე.წ გამოძიება დასრულებული არ არის და უცნობია, როდის გაიმართება ე.წ სასამართლო პროცესი. რაც შეეხება ვალერი კანაშვილს და კახაბერ ნათაძეს, ამჯერადაც, წინა შეხვედრის მსგავსად, აქცენტი გაკეთდა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ვალერი კანაშვილს ეწურება ე.წ. ვადა და იგი გადმოვა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. რაც შეეხება კახაბერ ნათაძეს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით დიალოგი გრძელდება, პროცესი არის დინამიური და ჩვენი მიზანია, ისიც უახლოეს მომავალში დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ამჟამად ცხინვალში უკანონო პატიმრობაშია ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დაკავებული 8 მოქალაქე. ორი მათგანი, 2021 წლის დეკემბერში დაკავებული მამუკა ჩხიკვაძე და 2022 წლის მარტში დაკავებული ლევან მაჩაბელი ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები არიან.

ანთაძის თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს მიმდინარე ე.წ სამხედრო წვრთნებზე, რაც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოების გარემოს და ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას. აქცენტი გაკეთდა თავისუფალი გადაადგილების კუთხით დაწესებულ შეზღუდვებზეც.

რაც შეეხება ე.წ. გადასასვლელების გახსნას, "ისინი უკავშირებენ პროცესებს", რომლებიც, ირაკლი ანთაძის თქმით, "არანაირ კავშირში არ არის ჰუმანიტარულ საკითხებთან და უკავშირდება უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტს, რა მხრივაც სიტუაცია, სამწუხაროდ, ჯერჯერობით უცვლელია".

შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებს და ყველა სხვა ინციდენტს, რომლებიც საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ დაფიქსირდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აღდგომის სადღესასწაულო დღეებში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების მაქსიმალურ დაცვაზე.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა 2022 წლის 7 ივნისს გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S