
სახდეპი: "საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა"
13/04/2022 06:22:56 პოლიტიკა, სამართალი
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა. დოკუმენტში საუბარია 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შესახებ.
„ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი საკითხები მოიცავდა სარწმუნო ცნობებს: სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების შესახებ, თვითნებური ან შერჩევითი დაკავებების, გამოძიების და დევნის შესახებ, რომელიც ფართოდ არის მიჩნეული პოლიტიკურად მოტივირებულად; პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის შესახებ; ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და მუქარის შესახებ; მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების მიმართ შეზღუდული პატივისცემის შესახებ; ლგბტქ თემის წევრებისა და აქტივისტების მიმართ ძალადობის შესახებ.
საქართველოს მთავრობამ მიიღო ზომები ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ზოგიერთ თანამდებობის პირთან დაკავშირებით გამოძიების ჩასატარებლად, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა. მთავრობის წარუმატებლობამ, ჩაეტარებინა სარწმუნო გამოძიება 5-6 ივლისს მომხდარ ძალადობაზე და სასამართლო წესით დევნა განეხორციელებინა ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ გამოიწვია ამ ძალადობასთან დაკავშირებული დაუსჯელობა,“- აღნიშნულია ანგარიშში.
ინფორმაციისთვის: გასული წლის 5–6 ივლისს პრორუსული ჯგუფის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ჟურნალისტებს მასობრივად გაუსწორდნენ. რიგ კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებით ძალადობაში მხილებულები დააკავეს, თუმცა ამ დრომდე არ არიან გამოვლენილი ძალადობის ორგანიზატორები.
ამასთან, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, "იყო მინიშნებები, რომ სამოქალაქო ხელისუფლება შიდა უსაფრთხოების ძალების ეფექტურ კონტროლს ზოგჯერ ვერ ახორციელებდა. არსებობდა სანდო ცნობები იმის შესახებ, რომ უშიშროების ძალების წევრებმა, სავარაუდოდ, გარკვეული დარღვევები ჩაიდინეს":
„შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კანონის აღსრულებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. სამინისტრო არის პირველადი სამართალდამცავი ორგანიზაცია და მოიცავს ეროვნულ პოლიციას, სასაზღვრო უსაფრთხოების ძალებს და საქართველოს სანაპირო დაცვას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის შიდა სადაზვერვო სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია კონტრდაზვერვაზე, კონტრტერორისტულ და ანტიკორუფციულ ძალისხმევაზე. იყო მინიშნებები, რომ სამოქალაქო ხელისუფლება შიდა უსაფრთხოების ძალების ეფექტურ კონტროლს ზოგჯერ ვერ ახორციელებდა. არსებობდა სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უშიშროების ძალების წევრებმა, სავარაუდოდ, გარკვეული დარღვევები ჩაიდინეს,“- აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშში 2020 წლის არჩევნებზეცაა საუბარი:
„ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ“ საბოლოო ანგარიშში განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური კონკურენტუნარიანი იყო და, მთლიანობაში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, მაგრამ საპარლამენტო არჩევნების დროს ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ბუნდოვანი ზღვარი საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა,” - ვკითხულობთ ანგარიშში.
ანგარიშში მოხვდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საკითხიც:
„ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ“ ოქტომბერში ორ ტურად ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებზე დამკვირვებლები გაგზავნა. პირველი ტურის წინასწარი შეფასებით, დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ „კონკურენტებს შეეძლოთ თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია კონკურენტულ გარემოში, თუმცა, ის „დააზიანა დაშინების, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ ფართოდ გავრცელებულმა და თანმიმდევრულმა განცხადებებმა და არათანაბარმა საასპარეზო პირობებმა.
მეორე ტურის წინასწარი შეფასებით, დამკვირვებლებმა განაცხადეს: „კანდიდატებს ძირითადად შეეძლოთ თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია, მაგრამ ბრალდებები ამომრჩევლების დაშინებისა და ზეწოლის შესახებ გაგრძელდა. რესურსების მკვეთრმა დისბალანსმა, ხელისუფლებაში ყოფნით განპირობებულმა შეუსაბამო უპირატესობამ სარგებელი მოუტანა მმართველ პარტიას და დააზიანა საასპარეზო პირობები“.