Accentnews.ge
4 მაისისთვის რუსეთს სუვერენული დეფოლტი ელის

4 მაისისთვის რუსეთს სუვერენული დეფოლტი ელის

13/04/2022 12:35:22 ეკონომიკა

უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საჯარო სივრცეში მხოლოდ ბელარუსი მოკავშირის - ალექსანდრე ლუკაშენკოს კამპანიაში ჩნდება, ცივილიზებული მსოფლიოსთვის იგი პერსონა-ნონ-გრატად არის ქცეული და ხელს აღარავინ ართმევს. დასავლური სანქციები რუსეთის ეკონომიკაზე სულ უფრო მტკივნეულად აისახება. უკრაინაში კონვექციური ომის პირველი ფაზა რუსეთს პირწმინდად აქვს წაგებული. ახლა "სახის შესანარჩუნებლად" პუტინი 9 მაისამდე დონბასის აღებაზე აპირებს კონცენტრირებას, თუმცა შესაძლოა, ვერც ეს გამოუვიდეს იმ პირობებში, როცა კრემლელი დიქტატორის იმპერიალისტური ამბიციების გამო უკრაინაში სიცოცხლის გაწირვა სულ უფრო ნაკლებ გვარდიელსა და ჯარისკაცს სურს. ჰორიზონტზე კი სულ უფრო ნათლად იკვეთება ჰააგის ტრიბუნალის მომავალი ვერდიქტი ყველა იმ სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის, რომელსაც პუტინის რეჟიმი უკრაინაში აგრძელებს და რომლის მტკიცებულებები საერთაშორისო თანამეგობრობას უკვე საკმარისზე მეტი რაოდენობით აქვს მოპოვებული.

ძალზე არასახარბიელო პერსპექტივების მქონე პუტინს ისღა დარჩენია, მის მიერ შავ დღეში ჩაგდებული რუსეთის მოსახლეობა კვლავინდებურად ამყოფოს სრულ საინფორმაციო ვაკუუმში და აბითუროს კრემლის სადეზინფორმაციო პროპაგანდით, თითქოს ყველა ის მტკიცებულება, რომელიც რუსული ჯარის მიერ უკრაინაში ჩადენილ სისასტიკეს უკავშირდება, "ფეიქია", ხოლო დასავლური სანქციები - აბსოლუტურად არაეფექტიანი და რუსეთს "დასახული მიზნებისკენ გზაზე ვერ შეაჩერებს".

ამას იმეორებდა კრემლელი დიქტატორი ლუკაშენკოსთან ერთად 12 აპრილსაც, მაგრამ ეს მხოლოდ მისი - გაუკუღმართებული "რეალობაა". რეალურად კი, უკვე სამ კვირაში, 4 მაისს რუსეთი, მაღალი ალბათობით, სუვერენული დეფოლტის მდგომარეობაში აღმოჩნდება.

მიზეზი 2012 წელს გამოშვებული 10-წლიანი ევროობლიგაციებია სახელწოდებით "რუსეთი 2022". 4 აპრილს ვალის ძირითადი ნაწილი - 2 მლრდ დოლარი უნდა ყოფილიყო დაფარული დაგროვებულ კუპონურ შემოსავალთან ერთად, მაგრამ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ამ მიზნით რუსეთის ბანკის ანგარიშებზე დაბლოკილი ვალუტის გამოყენება აკრძალა.

რუსეთის ფინანსური უწყება არჩევანის წინაშე დადგა: ან დეფოლტს შეეგუოს, ან ვალის დასაფარად უკვე ცენტრობანკის ანგარიშების ბლოკირების შემდეგ ნახშირწყალბადების გაყიდვიდან შემოსული დოლარები გამოიყენოს. არჩევანი ფაქტობრივად, პირველი სცენარის სასარგებლოდ გაკეთდა. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ანტონ სილუანოვმა გასცა განკარგულება, კრედიტორებს რუბლში, ცენტრალური ბანკის 31 მარტის კურსით გადაუხადონ.

მათი დოლარში კონვერტირება მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც აშშ-ის ხელისუფლება რუსულ სუვერენულ ანგარიშებს შეზღუდვებს მოუხსნის, ანუ შესაძლოა, არასოდეს.

რუსეთს დოლარში გადასახდელად ჯერ კიდევ რჩება 30-დღიანი საშეღავათო პერიოდი, თუმცა როგორც რუსი ექსპერტების უმრავლესობა მიიჩნევს, მოსკოვი ამაზე არ წავა. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ამაზე აკეთებს გათვლას საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P, რომელმაც 8 აპრილს უცხოურ ვალუტაში რუსეთის სუვერენული რეიტინგი "შერჩევითი დეფოლტის" დონემდე ჩამოაქვეითა.

საინტერესოა, რომ რუბლი ამ სიახლეების ფონზე გამყარდა. გასული კვირის ბოლოს, 8 აპრილს დოლარის კურსი არა მარტო ომის დაწყებიდან, არამედ წლის დასაწყისიდან პირველად, 72 რუბლის ნიშნულს ჩამოსცდა. რუსეთის ბანკმა საბაზისო განაკვეთი ერთბაშად სამი პროცენტული პუნქტით - წლიური 20-დან 17%-მდე შეამცირა. მეტიც, მან ნება დართო ბანკებს, 18 აპრილიდან მოსახლეობისთვის ნაღდი ვალუტის მიყიდვა განაახლონ, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი გათვლით, აკრძალვას სულ მცირე, 9 სექტემბრამდე უნდა ემოქმედა.

მაგრამ ნიშნავს კი ეს იმას, რომ საერთაშორისო სანქციები რუსეთის ეკონომიკაზე არავითარ ხელშესახებ ზეგავლენას არ ახდენს და ქვეყანამ უპრეცედენტო შეზღუდვებით გამოწვეული შოკიდან ერთ თვეში გამოსვლა შეძლო? სულაც არა, პირიქით!

ამ დრომდე ანალიტიკოსთა უმრავლესობა (მათ შორის - რუსეთის ბანკის ის სპეციალისტები, რომლებიც ქვეყნისათვის საკვანძო მნიშვნელობის გადაწყვეტილებებს იღებენ) მარტივი სქემებით ხელმძღვანელობს: მაგალითად, "ძლიერი რუბლი - დაბალი ინფლაცია", ან "არის ვალუტა - არის იმპორტი, არ არის ვალუტა – ვცხოვრობთ იმპორტჩანაცვლების რეჟიმში და ვიმარაგებთ წიწიბურას". ამიტომაც ომის დაწყებისთანავე რუსეთის ბანკმა ყველაფერი გააკეთა, რათა რუსეთში დოლარებისა და ევროს მაქსიმალური რაოდენობა დაგროვებულიყო. ბანკიდან გააძევეს უცხოელი ინვესტორები, რომელთაც წაართვეს შესაძლებლობა, რუბლის აქტივები გაეყიდათ და თანხა უცხოურ ვალუტაში გადაეკონვერტირებინათ. ამავდროულად მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნაც გაანულეს. ამან მოსკოვის ბირჟაზე მოთხოვნის მკვეთრი ვარდნა განაპირობა. პარალელურად, შემოიღეს წესი ექსპორტიორების მიერ სავალუტო შემოსავლის 80%-ის გაყიდვის თაობაზე. ხოლო ვინაიდან ევროპელები ბუჩასა და კრამატორსკის შემზარავი მოვლენების შემდეგაც კი არ აღმოჩნდნენ მზად, რუსულ ენერგომატარებლებზე უარი ეთქვათ, ვალუტა რუსეთში შესაშური რეგულარობით ხვდება.

თუმცა ეს დიდად მაინც ვერაფერს ცვლის. ძველი სქემები ვეღარ მუშაობს. სანქციების მოქმედების პირობებში აღმოჩნდა, რომ ფული, თუნდაც უცხოური, თავისთავად არავითარ ფასეულობას არ წარმოადგენს. ფასი ფულს მხოლოდ მაშინ აქვს, როცა შესაძლებელია მისი გადაცვლა ნებისმიერ სასურველ საქონელსა და მომსახურებაში, ამ მხრივ კი რუსეთში დიდი პრობლემებია.

თუ ადრე ქვეყანაში იმპორტული საქონლის ღირებულება პირდაპირ იყო დამოკიდებული ვალუტის კურსზე, ახლა ეს დამოკიდებულება მკვეთრად შემცირდა. განურჩევლად იმისა, 90 რუბლი ღირს დოლარი თუ 90 კაპიკი, რუსი მომხმარებლისთვის საქონლის მარაგების ამოწურვის შემდეგ საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ "მეგობრული ქვეყნებიდან" შეტანილი კონტრაფაქტი ან კონტრაბანდა იქნება ხელმისაწვდომი. მათი ღირებულება ბევრად ნაკლებადაა დამოკიდებული ვალუტის კურსზე. თუმცა დიდ იმედებს რუსეთი ამაზე ვერ დაამყარებს თუნდაც იმიტომ, რომ აქ ანგარიშსწორებისთვის უამრავი პრობლემის დაძლევაა საჭირო - დაწყებული ამ საქონლის შესაძენად საჭირო თანხების გადარიცხვით, დამთავრებული რისკებით, რომლის წინაშეც რუსეთში არალეგალური პროდუქციის მიმწოდებლები დგანან. მათ, სულ მცირე, შესაძლოა, დაუყადაღონ ის ანგარიშები, რომლებზეც რუსეთიდან დოლარი და ევრო უჯდებათ.

ასე, რომ მიუხედავად რუბლის კურსის მეტ-ნაკლები დასტაბილურებისა, მკვეთრად ავარდნილი ფასები რუსეთში კლებას არ ჩქარობს. მეტიც, იმპორტული საქონლის ღირებულება, მაღალი ალბათობით, ზრდას გააგრძელებს.

უკვე ჩნდება პირველი ციფრები, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა, მიახლოებით მაინც შევაფასოთ რუსული ეკონომიკისა და საბოლოო მომხმარებლების - რუსეთის რიგითი მოქალაქეების დანაკარგები. ასე, მაგალითად, პლატფორმა FourKites-ის მონაცემებით, საომარი კონფლიქტის პირველი თვის განმავლობაში ყველა სახის სატვირთო გადაზიდვების მიხედვით რუსული იმპორტი თითქმის 2/3-ით - 62%-ით შემცირდა.

რუსული ავტომრეწვეობის გაჩერებამ და განვითარებული ქვეყნებიდან მოწოდებების შეწყვეტამ ავტომობილების დეფიციტი და ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. შედეგად, ევროპული ბიზნესასოციაციის მონაცემებით, მარტში ახალი მანქანების გაყიდვები იმავე 2/3-ით - 63%-ით შემცირდა.

დასასრულს - მსგავსი მნიშვნელობის კიდევ ერთი ციფრი. კომპანია Knight Frank-ის მონაცემებით, აპრილის დასაწყისისთვის რუსეთში საკუთარი პროდუქციის მიწოდება 160-მდე საერთაშორისო ქსელმა შეწყვიტა. და თუ ისინი ხილულ მომავალში არ დაბრუნდებიან, არასასურსათო რითეილის ბრუნვა შესაძლოა, ასევე 2/3-ით - 70%-ით შემცირდეს.

ომის დასაწყისშივე ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ ყველაფერს, რის გარეშეც რუსეთს განვითარებული ქვეყნები დატოვებენ, მას თურქეთი, ჩინეთი და "პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე" სანქციებს არმიერთებული სხვა სახელმწიფოები მიაწვდიდნენ. მეტიც, რუსეთის მთავრობამ პრაქტიკულად "რუხი" იმპორტის (ქვეყანაში მწარმოებლის და მფლობელის თანხმობის გარეშე პროდუქციის შეტანის) ლეგალიზება მოახდინა. თუმცა ეს იმედები შესაძლოა, ინფრასტრუქტურულ პრობლემებს შეეჩეხოს. ევროპიდან მოწოდებების სწრაფი ჩანაცვლება ვერ გამოვა თუნდაც ლოჯისტიკური შეზღუდვების გამო. რუსული პორტების, რკინიგზისა და ავტოგზების შესაძლებლობები შეზღუდულია. გარდა ამისა, შეზღუდვების დაწესების შემდეგ დასავლეთის ქვეყნები სანქციებისთვის გვერდის ავლის ყოველგვარი შესაძლებლობის აღმოფხვრით დაკავდნენ. ამდენად, რუსეთში კონტრაბანდის მიწოდების საეჭვო სიამოვნებისთვის გარისკვის მსურველები არც ისე ბევრნი არიან და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ რუსეთში მალე გააუქმებენ აკრძალვას არა მარტო მოსახლეობისთვის ვალუტის მიყიდვაზე, არამედ საზღვარგარეთ მის გატანაზეც.

რაც შეეხება დეფოლტს, 1998 წლის განმეორება რუბლის დევალვაციით, საბანკო სისტემის კრახითა და ეკონომიკის არასიცოცხლისუნარიანი საწარმოებისგან წმენდით ამჯერად არ იქნება, ისევე, როგორც 1998 წლის კრიზისიდან ერთ წელიწადში დაწყებული მძლავრი ზრდა. იმხანად ეკონომისტ ანდრეი ილარიონოვის მიერ ფორმულირებული მიზნის - 10 წელიწადში მშპ-ის გაორმაგების მისაღწევად სულ მცირედი დააკლდათ, რეალური შემოსავლების ზრდა კი მშპ-ის ზრდის უჩვეულოდ მაღალ ტემპსაც კი უსწრებდა.

არ იქნება არც უცხოური ინვესტიციების შედინება - არც პირდაპირის, არც "პორტფელურის". უპირველესად, იმიტომ, რომ ომმა, შემდგომმა სანქციებმა და ე.წ. კონტრსანქციებმა უკვე დაასვა წერტილი რუსულ ეკონომიკაში უცხოურ ინვესტიციებს. დეფოლტი კი მხოლოდ კონსტატაციად იქცევა იმისა, რაც უკვე მოხდა: რუსეთი უცხოელი ინვესტორების ფულის კრემატორიუმად გადაიქცა.

მორეც, იმ პერიოდთან შედარებით, რუსეთის ამჟამინდელი ეკონომიკა სრულიად საპირისპირო მიმართულებით მიდის. და რომც ველოდოთ განმეორებას, ეს არა 1998, არამედ უფრო 1928 წლის მოვლენები შეიძლება, იყოს - "ახალი ეკონომიკური პოლიტიკის" საბოლოო ალაგმვისა და პირველი ხუთწლედის გეგმის რეალიზების დრო. მაგრამ ამჯერად ვერავითარი "ხუთწლედი ოთხ წელიწადში" ვეღარ გამოვა.

"რეინუდსტრიალიზაციის" შესახებ ოცნებები ვერგანხორციელებადია თუნდაც სულ სხვა - დემოგრაფიული სიტუაციის გამოც. ვინ უნდა განახორციელოს აღმოსავლეთ ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ათვისების გრანდიოზული გეგმები?

ამგვარად, ამჟამინდელ რუსეთს ძალზე არასახარბიელო პერეპქტივები აქვს როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო კუთხით. არავითარი "გამარჯვების აღლუმი" 9 მაისს კიევის მაიდანზე უკვე ცალსახად არ ჩატარდება. პუტინის რეჟიმის ბოლო შანსი, ძალაუფლება შეინარჩუნოს, "მეხუთე კოლონასა" და "ნაციონალ-მოღალატეებთან" ბრძოლაა. ასე, რომ თუ რამ ნამდვილად რეალურია, ეს რუსეთში 1938 წლის მოვლენების განმეორების პერსპექტივაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S