
სკანდალური შეწყალება: რას ჰყვება მსჯავრდებულის ადვოკატი
17/09/2019 11:05:45 სხვა, სამართალი
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რიგით მეორე სკანდალური შეწყალების მოტივების შესახებ ამ დრომდე უცნობია, ვინაიდან ზურაბიშვილი განმარტებებს არ აკეთებს, თავად შეწყალებული მსჯავრდებულის ადვოკატი კი ფიქრობს, რომ აღნიშნული აქტი დაგვიანებულისკია.
ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა, ამ კუთხით ის პირველი ორი ისტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ უზენაეს სასამართლოში "მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო".
"ევროპის სასამართლოში შეტანილია მე-6 მუხლის დარღვევაზე კონკრეტული სისხლის სამართლის [სამართლიანი სასამარლოს უფლების დარღვევა] საქმე და ველოდებით, რომ დადგინდეს მე-6 მუხლის დარღვევა და მოგვეცეს საშუალება, ხელახლა გავასაჩივროთ სააპელაციო სასამართლოში და მოვითხოვოთ სრული გამართლება ასლან ბეჟანიძის“, – განაცხადა ადვოკატმა.
ამასთან, ის ირწმუნება, რომ ასლან ბეჟანიძის საქმით დაინტერესებული იყო უზენაესი სასამართლოს იმჟამინდელი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე:
"პროცესზე დადგინდა, რომ ნინო გვენეტაძე საერთოდ არ იცნობდა ამ სისხლის სამართლის საქმეს, ჩვენ გავვიჩნდა ის ეჭვი, რომ ნინო გვენეტაძე არ იყო კეთილსინდისიერი".
ადვოკატის თქმით, ასლან ბეჟანიძეს გააჩნია რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა.
შეგახსენებთ, რომ ასლან ბეჟანიძე 18 წლის დავით ოთხმეზურის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2016 წლის მარტში დააკავეს. ის 12 წლის განმავლობაში იძებნებოდა. პროკურატურა მისთვის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა ჯერ საქალაქო სასამართლომ, მოგვიანებით კი სააპელაციო სასამართლომ ის გაამართლა.
2018 წლის 2 მარტს ბეჟანიძე ისევ დააკავეს და იმავე წლის 29 მარტს უზენაესი სასამართლოს განაჩენით, მას განზრახ მკვლელობისთვის 9 წლით აღუკვეთეს თავისუფლება. 2012 წლის 28 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2004 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით, 19:00 საათზე თბილისში, პეკინის გამზირზე დავით ოთხმეზურსა და ასლან ბეჟანიძეს შორის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით კონფლიქტი წარმოიშვა, რა დროსაც, შსს-ის ინფორმაციით, ასლან ბეჟანიძემ ოთხმეზურს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი დავით ოთხმეზური მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცავალა.
ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 34 პატიმარი 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა. შეწყალებულთა შორის არის რამაზ დევაძე, რომელიც სასჯელს პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა. პრეზიდენტი არ განმარტავს, რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელი.