
ფაშინიანი: «საერთაშორისო თანამეგობრობა გვეუბნება, ყარაბაღის სტატუსის საკითხში თამასა მცირედით დავწიოთ"
13/04/2022 16:28:16 კავკასია
«დღეს საერთაშორისო თანამეგობრობა გვეუბნება: "მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხში თამასა მცირედით დასწიეთ - და მიიღებთ დიდ საერთაშორისო კონსოლიდაციას სომხეთისა და არცახის ირგვლივ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი იმედი არ უნდა გქონდეთ - არა იმიტომ, რომ არ გვსურს თქვენი დახმარება, არამედ იმიტომ, რომ ამას ვერ შევძლებთო», – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნული კრების ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერის თქმით, მშვიდობიან დღის წესრიგს ალტერნატივა არ აქვს და აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების უმოკლეს ვადებში გაფორმება ერევნის გეგმაში შედის, ხოლო ფორმატი და განრიგი ჯერ კიდევ შესათანხმებელია.
რადიო "აზატუტიუნის" ცნობით, ფაშინიანმა არ გამორიცხა, რომ აზერბაიჯანმა სცადოს, მალევე შეიყვანოს სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში, რათა "შექმნას საბაბი სომხეთისა და არცახის წინააღმდეგ ახალი აგრესიული მოქმედებებისთვის".
"ანალოგიური შეშფოთებები აქვს ერევანს დელმიტაციის სამუშაოებთან დაკავშირებითაც" - განაცხადა ფაშინიანმა და განმარტა, რომ აზერბაიჯანმა შესაძლოა, ეს პროცესი "სომხეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების ფორმულირებისთვის გამოიყენოს, დე-იურე აცხადებს რა, რომ არავითარი ტერიტორიული პრეტენზიები არ აქვს".
რუსი "მშვიდობისმყოფელების" მხრიდან სომხური პარლამენტის რიგი ოპოზიციონერი დეპუტატების მთიან ყარაბაღში არდაშვების ფაქტის კომენტირებისას კი ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ეს ფაქტი "გაკვირვებას იწვევს", რადგან მსგავსი პრაქტიკა "ეწინააღმდეგება 9 ნოემბრის სამმხრივ განცხადებას იმის შესახებ, რომ ლაჩინის დერეფანი მოწოდებულია, სომხეთსა და მთიან ყარაბღს შორის კავშირი უზრუნველყოს".