
ხობის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგები და მეთოდისტები გადაამზადეს
17/09/2019 11:59:52 სხვა, რეგიონები, რეკლამა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოს მასშტაბით “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვას აგრძელებს. ამის შესახებ „აქცენტს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, სახელმძღვანელოს დასანერგად ცენტრის თანამშრომლებმა ხობის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგები და მეთოდისტები გადაამზადეს და სასწავლო რესურსები გადასცეს.
„სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.
სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისის მუნიციპალიტეტში, კახეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და იმერეთის მხარეებში. 2019 წლის ბოლომდე კი მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება“ , - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.