Accentnews.ge
«ეს დასასრულის დასაწყისია! საფრთხეს ქართველებისგან ველოდით, მათ ნაცვლად კი დანა რუსებმა ჩაგვცეს ზურგში!»

«ეს დასასრულის დასაწყისია! საფრთხეს ქართველებისგან ველოდით, მათ ნაცვლად კი დანა რუსებმა ჩაგვცეს ზურგში!»

14/04/2022 18:58:25 კონფლიქტები

აფხაზეთს, როგორც ჩანს, უმძიმესი პერიოდი უდგება. და აქ არ მაქვს მხედველობაში პური ჩვენი არსობისა, ვსაუბრობ პოლიტიკურ ვითარებაზე. რესპუბლიკის უახლეს ისტორიაში პირველად, აფხაზეთს ჰყავს პარლამენტი, რომელიც პრაქტიკულად სრულადაა ლოიალური ხელისუფლების მიმართ. თითქოს დიდი არაფერი, მაგრამ აფხაზეთის პირობებში, რომლის უმაღლესი ხელმძღვანელობა რუსეთთან ფაქტობრივად, სუვერენიტეტის მიყიდვაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს, საფრთხე სრულიად რეალური ხდება.

რით ემუქრება აფხაზეთის მომავალს ჯიბის პარლამენტი? ეს მარტივია: საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრილთა უმრავლესობა გაუნათლებელია, სამუშაო სტაჟის გარეშე, თანაც ხშირ შემთხვევაში ნასამართლებიც. ნაწილი ვერ აზროვნებს და მეტყველებს. 35 პარლამენტარიდან მაქსიმუმ, 3-ს თუ აქვს საკმარისი განათლება, რომ ახალ კანონებზე იმუშავოს ან არსებულში ცვლილებები მოამზადოს. ხელისუფლებას მის გეგმებში წინააღმდეგობას მხოლოდ რამდენიმე დეპუტატი თუ გაუწევს — ის ადამიანები, რომლებმაც საარჩევნო გზა საკუთარი ძალებით გაიარეს.

სახალხო რჩეულების უმრავლესობა თავის ამ სტატუსს ადმინისტრაციულ რესურსსა და სახელმწიფოს შეუზღუდავ ფინანსებს უნდა უმადლოდეს. ყველაზე კონსერვატიული გათვლითაც კი, ყოველი «შინაური» დეპუტატი ხაზინას საშუალოდ 15-20 მილიონი რუბლი დაუჯდა. თუ მათ იმ კანდიდატებსაც დავამატებთ, რომელთა პარლამენტში გაყვანაც ვერ მოხერხდა, წარმოიდგინეთ, რა თანხებზეა საუბარი და რამდენი მართლაც სასარგებლო რამის გაკეთება შეიძლებოდა ამ ფულით აფხაზეთში! მაგრამ რესპუბლიკის ხელმძღვანელობას საკუთარი შორს მიმავალი გეგმები აქვს, რომელთა განხორციელებისთვის პარლამენტში თუნდაც ბეცი, მაგრამ სრულად ლოიალური ხალხი უნდა გაეყვანა.

როგორც ცნობილია, რუსეთმა აფხაზეთს წაუყენა მთელი რიგი პირობები, რომლებიც 2021 წლამდე უნდა შეგვესრულებინა. ხომ გახსოვთ «კანონმდებლობების ჰარმონიზების» 45-პუნქტიანი დოკუმენტი? ჰოდა, პრეზიდენტმა ბჟანიამ, რომელიც თვიდან თვემდე სტუმრობდა კრემლის დერეფნებს, შეძლო, მცირედი გადავადებისთვის მიეღწია. თუმცა იმ მომენტისთვის, როცა უკვე ვეღარაფერს გადაავადებდა, მას სჭირდებოდა პარლამენტში ხალხი, რომელიც ნებისმიერ საჭირო დოკუმენტს მოუწერდა ხელს — სიბეცის ან სიხარბის გამო.

წინამორბედი კოლეგებისგან განსხვავებით, ახალ დეპუტატებს ნამდვილად არ შეაწუხებთ სინდისი არც სახელმწიფო ინტერესების ჩაბარების, არც აფხაზეთის სიმდიდრეების გაყიდვის გამო. მთავარი საფრთხეც სწორედ ამაში მდგომარეობს.

წინა — VI მოწვევის პარლამენტის ბოლო სხდომაზე დეპუტატებმა სცადეს, მიეღოთ კანონი სტრატეგიული ობიექტების შესახებ, რომელთა ჩამონათვალშიც შევიდოდა ენერგეტიკული კომპლექსებიც, შსს-ს, უშიშროების კომიტეტისა და თავდაცვის სამინისტროს ყველა ობიექტიცა და შენოგა-ნაგებობაც, პორტებიც, ვაგზლებიც და ბევრი სხვაც — ანუ, ყველაფერი, რაც ფასეულია აფხაზური სახელმწიფოსთვის. დოკუმენტი რომ მიეღოთ, ვეღარავინ შეძლებდა სახელმწიფო ობიექტების პრივატიზებას და მით უფრო რუსებისთვის ჩუქებას. მაგრამ კანონპროექტი ჩავარდა - და ახლა აუქციონზეა გატანილი ყველაფერი, რისი დაკარგვაც აფხაზეთის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

«რუსებს დიდი ხანია, სურთ, ჩვენი ენერგეტიკა, სამრეწველო ობიექტები, საზღვაო პორტები და ბევრი სხვა რამ ჩაიგდონ ხელში, მაგრამ ამ დრომდე ჩვენი დეპუტატები მათ ამ მცდელობას ყოველმხრივ უბლოკავდნენ. ახლა კი, პრეზიდენტს ხელი გაეხსნა — ახალი პარლამენტი ლანგარზე მიართმევს ყველაფერს, რასაც მოისურვებს. ეს აფხაზური სახელმწიფოს დასასრულის დასაწყისია, ის, რისიც 30-ვე წელი გვეშინოდა. ოღონდ ჩვენ საფრთხეს თბილისიდან ველოდით, ქართველების ნაცვლად კი დანა რუსებმა ჩაგვცეს ზურგში. და ეს ყველაფერი — ჩვენივე ხელმძღვანელობის ხელით, რომელიც საკუთარი ჯიბის გარდა, სხვა არაფერზე ფიქრობს», - თვლის ჩვენი რესპონდენტი მირონი.

«ნებისმიერი, ვინც აფხაზური მიწის თუნდაც ერთი გოჯის გაყიდვას დაუშვებს, იქნება მოღალატე. აქ სხვა ახსნა უადგილოა. რუსებს ჩვენთვის არმაგედონიც მოუწყვიათ, მაგრამ ვერ გაგვტეხეს და ახლა თურმე, თავად უნდა ჩავბარდეთ?! - ვერ მივართვით! ხალხი არ მისცემს დეპუტატებს საშუალებას, ეს გეგმა განახორციელონ! და ნუ მიიყვანენ საქმეს ცოდვამდე!», - ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე ილია.

«ჯერ იყო, აიბღა მოგვეცითო, მერე - გაგრაო, შემდეგ — გალის რაიონიო. უკვე ისედაც წაგვაწაპნეს ასობით ჰექტარი მიწა სამხედრო ბაზებისა და პოლიგონებისთვის და რომ ჰკითხო, პარტნიორები და მეგობრები არიან ჩვენთვის! რუსებისთვის წმინდა არაფერია — ასე ამბობდნენ ჩვენი წინაპრები, - მათთან მეგობრობა არ შეიძლებაო. მაგრამ რა? - ჩვენ ბრძენებმა ფინანსური დახმარების მისაღებად ეს ყველაფერი დავივიწყეთ — ჰოდა ახლა შედეგებს ვიმკით», - თვლის ჩვენი რესპონდენტი რუფინა.

ქვეყნის ინტერესების გაყიდვაზე მიმართულ აგრესიულ პოლიტიკას აფხაზეთის ხელმძღვანელობა უკვე თითქმის ღიად აწარმოებს. ავიღოთ თუნდაც საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელსაც გასული წლის ნოემბრიდან ეროვნებით აფხაზი, მაგრამ შეგნებით რუსი ინალ არძინბა ხელმძღვანელობს. მისი მოგვარე — აფხაზეთის პირველი პრეზიდენტი - ყველაფერს აკეთებდა აფხაზური ეთნოსისა და სახელმწიფოს შესანარჩუნებლად, «რუსების ახალი თაობის» ფორმატის ამ ახალგაზრდამ კი ეს ყველაფერი სულ რამდენიმე თვეში გააჩანაგა.

ინალ არძინბა ყველა შესაძლო ხერხით მაქსიმალურად ცდილობს, აფხაზური საზოგადოება ყოველგვარ საერთაშორისო კონტაქტებს მოსწყვიტოს და ამავდროულად თავს გვახვევს მარგარიტა სიმონიანისეულ რუსეთს. ამდენად, ამიერიდან აფხაზეთი მხოლოდ რუსეთის მიყრუებულ რეგიონებში იქნება წარმოდგენილი და იქაც — სომხური დიასპორის წარმომადგენლების მიერ.

«აფხაზეთის ეკონომიკური პოტენციალის წარმდგენები სომხები იქნებიან. წარმოგიდგენიათ მსგავსი ბოდვა? თუმცა ინალ არძინბასთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს?! ჩვენ რა, ახალგაზრდა, განსწავლული აფხაზები გამოგველია, რომ სომხურ დიასპორას ვრთავთ საქმეში? ვლადისლავი [პირველი დე ფაქტო პრეზიდენტი არძინბა — რედ.] ალბათ, საფლავში ტრიალებს! ვნანობ, რომ ამ დღეებს შემასწრო უფალმა», - ამბობს ჩვენი რესპონდენტი ირინა.

მართლაც, თანამდებობაზე დანიშნვის მომენტიდან ინალ არძინბა ძალზე უცნაურ დიპლომატიურ საქმიანობას ეწევა. აფხაზეთში უდავოდ არიან ისეთებიც, ვინც მის აქტივობებს მხურვალე ტაშით ხვდება. მაგრამ განსწავლული და რაც მთავარია, გონიერი ადამიანები აცნობიერებენ, რომ მის ქმედებებში კარგი არაფერია.

როგორც ჩანს, ინალ არძინბა ძალიან ცდილობს, კრემლის თვალში წყალშეყენებული რეპუტაცია გამოასწოროს და მიზნის მისაღწევად მზადაა, მთელი აფხაზი ხალხი დააჩოქოს. ან რაა გასაკვირი? - ყმაწვილს ხომ დიდი ამბიციები და შორს მიმავალი გეგმები აქვს, მათ შორის - აფხაზეთის პრეზიდენტობა. ამბობენ, ასლან ბჟანიასა და ალექსანდრე ანქვაბს ეს მეტისმეტად გულმოდგინე ახალგაზრდა დიდად არ ეპიტნავებათ, მაგრამ ახლა იგი ერთგვარ ნისლადაა საჭირო, რომელიც ჩვენი — მოსახლეობის თვალისგან კულუარულ თამაშებს ფარავს.

სასწორზე კი ამ თამაშებში არც მეტი, არც ნაკლები, აფხაზეთის სახელმწიფოს მომავალი დევს — ის მომავალი, რომელიც ჩვენს ხელმძღვანელობას სურს, მოსკოვს მაქსიმალურად სარფიანად მიჰყიდოს.

კრისტინა ავიძბა

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S