Accentnews.ge
აფხაზეთი: როგორ მოვექცეთ უკრაინაში გაწბილებულ “ჩაცუცქულს”

აფხაზეთი: როგორ მოვექცეთ უკრაინაში გაწბილებულ “ჩაცუცქულს”

15/04/2022 04:25:11 კონფლიქტები

უკრაინაში შეჭრის მომენტიდან რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი საჯარო სივრცეში სულ უფრო იშვიათად ჩნდება და ამ იშვიათ მომენტებში გვერდში მხოლოდ ალექსანდრე ლუკაშენკო ჰყავს. რა გასაკვირია? - ცივილიზებულ მსოფლიოში ხომ მას ხელს აღარავინ ართმევს. დღის სინათლეზე ამ იშვიათი გამოსვლების მიზანი ორია: პუტინმა, რომელიც ომის დაწყებიდან კრემლიდან ურალის ბუნკერში გადაინაცვლა, პერიოდულად უნდა დაუმტკიცოს ხალხს, რომ საკუთარ გარემოცვას ლინჩის წესით ჯერ არ გაუსამართლებია და ამასთანავე, სიცრუის მორიგი დიდი აბი გადააყლაპოს რუსულ საზოგადოებას, რომელიც მართალია, სრულ საინფორმაციო ვაკუუმშია მოქცეული, თუმცა ნელ-ნელა მაინც ხვდება, რომ საქმე მთლად კარგად ვერ მიდის.

სიცრუის დიდი აბი გადააყლაპეს რუს ხალხს 12 აპრილსაც: პუტინი ისევ იტყუებოდა უკრაინაში შეჭრის მიზეზებისა და მიზნების, “სპეცოპერაციის წარმატებით, გეგმასთან სრულ შესაბამისობაში მიმდინარეობის”, ასევე იმის შესახებ, რომ რუსული ჯარის მიერ უკრაინაში ჩადენილი გაუგონარი სამხედრო და ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულების მტკიცებულებები, რომლებიც უკვე საკმარისზე მეტი რაოდენობითაა შეგროვებული, მხოლოდ “ფეიქია”, ხოლო დასავლური სანქციები რუსეთის ეკონომიკას “ვერაფერს ავნებს”.

ასეთია ის “რეალობა”, რომლითაც რუსეთის ხელმძღვანელობა რუსულ საზოგადოებას ამ დრომდე კვებავს. რეალურ რეალობაში კი, თვენახევარია, რუსეთი უკრაინაში კონვექციურ ომს პირწმინდად აგებს და ცოცხალი ძალის კუთხით ამ დროში უკვე ბევრად მეტი დანაკარგი აქვს, ვიდრე ავღანეთის ომის ათივე წლის განმავლობაში (სხვადასხვა მონაცემებით, უკრაინაში უკვე 17-20 ათასი რუსი სამხედროა დაღუპული). კიევი, ისევე, როგორც უკრაინის სხვა საკვანძო ქალაქები, არათუ “2-3 დღეში” ვერ აიღეს – როგორც პუტინს მისი კორუმპირებული მატყუარა სამხედრო სარდლობა ჰპირდებოდა, არამედ თვენახევარშიც კი და უკვე სრულიად ნათელია, რომ ვერავითარ აღლუმს რუსეთი 9 მაისს კიევის კრეშჩატიკზე ვერ ჩაატარებს.

იძულებით გამოაცხადა რა თვენახევრიანი წარუმატებლობა “სპეცოპერაციის მხოლოდ პირველ ფაზად” და უკან დაახევინა რა თავის ჯარს, ახლა პუტინი საკრალური 9 მაისისთვის დონბასის “მირთმევას” მოელის – ამჯერად სრულად, ანუ ადმინისტრაციულ საზღვრებში, რათა ეს მაინც გაასაღოს “უძლეველი რუსული არმიის დიდ გამარჯვებად” და ამით სცადოს გამაოგნებლად დიდი დანაკარგის გამართლება. თუმცა სადღეისოდ მსგავსი პერსპექტივაც კი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა: ხმები ფრონტზე არსებული რეალური მდგომარეობის შესახებ “ტვირთ-200”-თან ერთად სულ უფრო აქტიურად აღწევს ახლა უკვე რუსეთის ყველაზე მოშორებულ წერტილებშიც და ამის კვალდაკვალ სულ უფრო იზრდება იმ სამხედროებისა და გვარდიელების რაოდენობაც, რომლებსაც არ სურთ, ამ უსამართლო, უგუნურ ომში ბუნკერის მატყუარა მმართველის იმპერიალისტურ ამბიციებს შეეწირონ.

რაც შეეხება ეკონომიკას, თავად რუსი ექსპერტებიც კი რუსეთის პერსპექტივას სამი სიტყვით აღწერენ: დეფოლტი, ბლოკადა, დეფიციტი. რეალურ და არა პუტინის რეალობაში დასავლური სანქციების ეფექტი მხოლოდ ახლა იწყებს გამოვლენას, რუსეთის ფედერაცია კი უკვე სამ კვირაში - 4 მაისს, მაღალი ალბათობით, სუვერენული დეფოლტის მდგომარეობაში აღმოჩნდება.

აი, ასეთ ვითარებაში და ამგვარი პერსპექტივების მქონე ქვეყნისთვის მიერთებას უპირებს სამხრეთ ოსეთს ანატოლი ბიბილოვი, თუმცა თუ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით ვიმსჯელებთ, იგი ოპოზიციონერ კანდიდატთან აგებს. რით მოინდომებს ბიბილოვის ისტორიის დასრულებას მოსკოვი – სულ მალე შევიტყობთ. აფხაზეთი კი, უკრაინაში “პირველ ფაზაში” განცდილი სამხედრო-პოლიტიკური მარცხით გაცოფებული კრემლის მხრიდან საგრძნობლად გაძლიერებული ზეწოლის მიუხედავად, რუსეთის შემადგენლობაში აშკარად არ იღწვის. მისმა ხელმძღვანელობამ მსგავსი შესაძლებლობა ცალსახად გამორიცხა. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ სუვერენული დამოუკიდებელი აფხაზეთი აშენებს და სამომავლოდაც გააგრძელებს მოძმე მოკავშირე რუსეთთან ურთიერთობების 2014 წლის 24 ნოემბრის შეთანხმებასთან მკაცრ შესაბამისობაში მშენებლობას. პარლამენტის სპიკერმა ვალერი ქვარჩიამ ბრძანა, აფხაზეთის კონსტიტუცია აბსოლუტურად მკაფიოდ აღიარებს რესპუბლიკას დამოუკიდებელ სახელმწიფოდო, ხოლო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ – რომ “აფხაზეთში არ არიან პარტიები ან პოლიტიკოსები, რომლებიც რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხს დააყენებდნენ”.

თუმცა როგორც მალევე გაირკვა, მსგავსი პოლიტიკოსი აფხაზეთში არსებობს. ეს ადგურ არძინბაა – ეკონომიკის ექს-მინისტრი, ამჟამად კი – აფხაზური ოპოზიციის თვითგამოცხადებული ლიდერი. ამ დღეებში მან აფხაზეთის “საკავშირო სახელმწიფოსთან” მიერთების მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზეც ორაზროვანი პოზიცია დააფიქსირა. “ამ დროისთვის აფხაზეთი რუსეთის შეადგენლობაში შესვლას არ გეგმავს. […] თუმცა ჩემი ხედვით, საშუალოვადიან პერსპექტივაში რესპუბლიკა უნდა იღწვოდეს, მიუერთდეს რუსეთსა და ბელარუსს შორის “საკავშირო სახელმწიფოს ჩამოყალიბების შესახებ” შეთანხმებას” – განაცხადა არძინბამ და იქვე დასძინა, რომ “ამ შეთანხმების მეორე მუხლში გაწერილი არაერთი მიზნის აღსრულების მიმართულებით რუსეთმა და აფხაზებმა უკვე მეტ წინსვლას მიაღწიეს, ვიდრე რუსეთმა და ბელარუსმა”.

უნდა ითქვას, რომ ახალგაზრდა ოპოზიციონერი, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ კომფორტულად გრძნობდა თავს ხელისუფლებაში და მინისტრის პოსტზე 5-წლიანი მუშაობის პერიოდში არანაირი განსაკუთრებული დამსხურება არ ჰქონია, ორი წლის წინ პრეზიდენტადაც კი იყრიდა კენჭს. თუმცა მაშინ არჩევნებში ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა, ადგურ არძინბა კი ხმათა 30%-ზე ოდნავ მეტით მეორე და ბოლო ადგილზე გავიდა. უკანასკნელ პერიოდში ეკონომიკის ექს-მინისტრი, რომელმაც აფხაზეთში ეკონომიკა ვერა და ვერ ჩამოაყალიბა, მთავარ ოპოზიციონერად პოზიციონირებდა და მიტინგების მოწყობასაც კი ცდილობდა, ოღონდ ნულოვანი შედეგით. ახლა, მიხვდა რა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება არ უწერია, მან, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, “რუსეთის ფედერაციის, ცოტა ბელარუსისა და სამხრეთ ოსეთის” გუბერნატორად მაინც მოცადოს ბედი. და არ ვიცი, რა გაგრძელებას ჰპოვებს არძინბას უცნაური ინიციატივა, მაგრამ მის მხარდამჭერებს შორის იგი ჯერ-ჯერობით ამაყ მარტოობაშია და მაღალი ალბათობით უკვე დღეს შეგვიძლია, ვუწინასწარმეტყევლოთ ექს-მინისტრს რეიტინგის მკვეთრი ვარდნა.

საქმე ისაა, რომ დიახ, თავისუფალ – რეალური და არა პუტინისეული რეალობის ამსახველ მედიაზე წვდომა, რუსეთის მსგავსადა და მისივე მოთხოვნით, აფხაზეთშიც მნიშვნელოვნადაა შეზღუდული, მაგრამ მოსახლეობა მის გარეშეც მშვენივრად ხვდება, რომ ყველაფერი სულაც არაა ისე, როგორც კრემლის პროპაგანდისტები სახავენ. აფხაზურმა საზოგადოებამ ხომ უკვე დაიწყო საკუთარ თავზე არა მარტო დასავლური სანქციების, არამედ ბუნკერის მმართველის ბრალეულობით არაშესაშურ დღეში ჩავარდნილი რუსეთის მიერ თავს მოხვეული რეპრესიების წვნევაც.

ამ “სიკეთეებიდან” მხოლოდ რამდენიმეს ჩამოვთვლი. აფხაზეთში საგრძნობლად გაიზარდა ჯერ საწვავის, მის კვალდაკვალ კი ყველა პროდუქტისა და საქონლის ფასი. ამასთან, “სტრატეგიული პარტნიორი”აფხაზეთზე საწვავს ყველაზე მაღალ საექსპორტო ფასად ასაღებს, მაშინ, როცა ყველა დანარჩენს მას ლამის უფასოდ სთავაზობს. ხელფასები, პენსიები და შემწეობები ამ ფონზე არ გაზრდილა, გადახდები გვიანდება, საბანკო ბარათები ვაივაგლახით მოქმედებს. შედეგად სულ რაღაც ერთ თვეში სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა უკვე გაათმაგდა. ფსოუს საზღვარზე რუსებმა ისედაც მაღალი გადასახადები კიდევ უფრო გაზარდეს, რის გამოც რუსეთიდან შემოტანილ პროდუქციას მთლად ოქროს ფასი დაედო. თანაც, რუსეთში მისი ბითუმად შოვნაც გართულდა — იქ ხომ უკვე თითქმის ყველაფრის დეფიციტია. ყველა «სიკეთესთან» ერთად, პუტინმა, რომელსაც უკრაინაში ყველა გეგმა აერია, «რუსსკი მირის» დასახმარებლად აფხაზური ჯარი გამოიძახა, ოღონდ არაფრით აღჭურვილი — ფაქტობრივად საზარბაზნე ხორცად. ხოლო სხვადასხვა ყაიდის რუსი პოლიტოლოგების, ექსპერტებისა და სხვა კრემლელი ლაქიების საჯარო მოწოდებებმა, «აფხაზეთი რუსეთთან მიერთების არსურვილის გამო დაისაჯოს», რაც არცთუ უსაფუძვლოდ იქნა აღქმული აფხაზეთისადმი რუსეთის რეალური დამოკიდებულებისა და გეგმების ნათელ მაჩვენებლად, მოსახლეობაში ანტირუსული განწყობების ახალი ტალღა გამოიწვია.

რა გასაკვირია, რომ არავინ იწვის სურვილით, რუსეთის ფედერაციას სუვერენიტეტი მიუგდოს ფერხთით? მაგრამ ვითარება დღითიდღე იძაბება, მოსკოვი წნეხს აძლიერებს და მატულობს შეგრძნება იმისა, რომ უახლოეს ხანებში აფხაზურ საზოგადოებას მოუწევს, “სტრატეგიულ მეგობარს” მტკიცე “არა” განუცხადოს.

ამ ყველაფერზე ფიქრსა და პარალელურად ინტერნეტში ქექვაში წავაწყდი რამდენიმე იმ ადამიანის მოსაზრებებს, რომლებიც ვლადიმირ პუტინს ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში სანქტ-პეტერბურგში იცნობდნენ, ხოლო შემდეგ, უკვე მოსკოვში მასთან ერთად წლები იმუშავეს. “პუტინი დიდ გულზე მხოლოდ მათთან იყო, ვინც დაშინების შესაძლებლობას მისცემდა, ხოლო თუ ვინმესთან თუნდაც მცირედ წინააღმდეგობას აწყდებოდა, მაშინვე უკან იხევდა. ის ტიპური “ჩაცუცქულია” პეტერბურგის ეზოებიდან. სწორედ ასეთი იყო მისი არსი ახალგაზრდობის წლებში, ასეთია იგი დღესაც. მართალია, წლების შემდეგ მას ერთი-ორი წმინდა ФСБ-შნიკური მანერაც შეემატა, თუმცა პუტინის თავდაპირველი პიროვნული ჩონჩხი ამას დიდად არ შეუცვლია” – ამბობენ მისი ძველი ნაცნობები.

ჰოდა, მომივიდა აზრი, რომ მათ, ვინც უკრაინაში “ჩაცუცქულის” ჩაფლავების ფონზე ამჟამად მოსკოვის ზეწოლას განიცდის, რა თქმა უნდა, სიფრთხილე და სიფხიზლე ჰმართებთ – როგორც კუთხეში მომწყვდეულ ვირთხასთან, მაგრამ “ჩაცუცქულს” შიში არ უნდა უჩვენონ - პირიქით, გაბედულად უნდა დაიცვან მის წინაშე საკუთარი ეროვნული ინტერესები.

ინალ არისტავა

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S