
პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა - სუს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე უკრაინულ მხარესთან კომუნიკაცია ქონდათ
15/04/2022 12:14:37 სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკრაინაში შესაძლო პროვოკაციების მოწყობის შესახებ ოპერატიულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო,– ამის შესახებ ინფორმაცია „აქცენტს” უწყებაში განუცხადეს.
მათი თქმით, გამოძიება 325-ე მუხლის 1-ელი ნაწილითაა დაწყებული, რაც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმას გულისხმობს. მათივე ცნობით, ინფორმაცია მიეწოდა უკრაინის სპეცსამსახურებსაც.
„აქცენტი“ დაინტერესდა, გამოძიების დაწყების საფუძველი იყო თუ არა დეპუტატ გია ვოლსკის დღევანდელი განცხადება, როდესაც მან მედიას ამცნო შესაძლო პროვოკაციების შესახებ. საპასუხოდ უწყებაში აღნიშნეს, რომ გამოძიება დაიწყო ჯერ კიდევ 13 აპრილს, ხოლო უკრაინულ მხარესთან კომუნიკაცია, ინფორმაციის მიწოდების მიზანით, 14 აპრილს შედგა. უწყებაში არ დაგვიკონკრეტეს, რომელ პოლიტიკურ პირზე თავდასხმის შესახებ ცნობებს შეიცავდა „ოპერატიული ინფორმაცია“.
დღეს, 15 აპრილს გია ვოლსკიმ განცხადა, რომ ქართულმა სპეცსამსახურებმა „საკამოდ სარწმუნო წყაროდან“ მიიღეს ინფორმაცია იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „გარკვეული პროვოკაციის დაგეგმვის მიზნითაა მობილიზებული“ და ეს ინფორმაცია უკრაინის სპეცსამსახურს მიაწოდა.