რა შანსები აქვს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად

18-04-2022 17:15:37 ანალიზი

მართალია, მმართველი გუნდი ევროკავშირთან ურთიერთობებში შემდეგ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობების შექმნაში, რასაც ჯერ კიდევ სამიოდ თვის წინ ვერავინ ივარაუდებდა, მთავარი ფაქტორის – უკრაინის როლის იგნორირებას და მასზე პარტიის სასარგებლოდ კაპიტალიზებას ცდილობს, მაგრამ წინ ჯერ კიდევ რთული პროცესია: თბილისს ევროკავშირის მიერ დასმულ 369 კითხვაზე პასუხის გასაცემად სამიოდ კვირა რჩება. თავად ევროკავშირშიც აღიარებენ, რომ გამოყოფილი დრო შემჭიდროებულია, თუმცა ასევე მნიშვნელოვნადაა შემჭიდროებული კითხვარის მოცულობაც განსხვავებით სხვა შემთხვევებისგან.

ამდენად, ახლა უკვე „ბურთი“ საქართველოს მოედანზეა და პროცესზე დამკვირვებლები, განსაკუთრებული მღელვარებით ელიან ყველაზე პრობლემურ სფეროდ აღქმული მართლმსაჯულების კუთხით დასმულ კითხვებზე პასუხებს, რომელიც საკვანძო საკითხად იქცა საქართველოსა და ევროკავშირს შორი ურთიერთობებში და საქმე იქამდეც მივიდა, რომ ბლოკმა თბილისს ფინანსური დახმარების ნაწილი შეუჩერა.

„სად გვაქვს ყველაზე დიდი სირთულეები, ეს კითხვარის გარეშეც ვიცოდით – ესაა მართლმსაჯულების ნაწილი. მხოლოდ აღწერილობით ნაწილს არ სთხოვენ ხელისუფლებას, 85–ე, 86–ე, 87–ე, 88–ე კითხვები ეხება, თუ როგორაა უზრუნველყოფილი მოსამართლეების მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება, როგორაა დისციპლინური რეგულირება სასამართლო ხელისუფლების – ძალიან პრობლემური სფეროა და ძალიან მნიშვნელოვანი კითხვებია.

ასევე ძალიან საყურადღებოა, მაგალითად, 196–ე კითხვა, კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ, მათ შორის ეს ფარულ მიყურადებასაც ეხება.

კითხვები რთულია და საინტერესოა პასუხები. კარგია, რომ დოკუმენტი საჯარო გახდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი ბოლომდე ინკლუზიური იყოს და პასუხებიც გასაჯაროვდეს“,– ამბობს „აქცენტთან“ ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე.

უკრაინის ფაქტორი შემდეგ ეტაპზეც იმუშავებს?

მიუხედავად სირთულეებისა, ჩხიკვაძე ელის, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეძლებს:

„აქ ორი მდგენელი არსებობს: ტექნიკური (პასუხები) და პოლიტიკური (გადაწყვეტილება). ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ნაწილი იქნება განმსაზღვრელი (როგორც ეს ამ ეტაპზე გადმოსვლის შემთხვევაში მოხდა), ვიდრე ის, თუ ამ ეტაპზე საქართველო რამდენად აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმებს. ამდენად, მგონია (ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს), რომ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ და უკვე შემდეგ ეტაპზე (გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები) გადასვლა დიდწილად იქნება დამოკიდებული იმ რეფორმებზე, რომლებსაც ევროკავშირი განსაზღვრავს კანდიდატის სტატუსის მონიჭების შემდეგ: იქნება კონკრეტული პირობები და თუ ჩვენ რეალურად გვსურს, რომ გაწევრიანების გზაზე წინ წავიწიოთ, ამ პირობების შესრულება მოგვიწევს. გაწევრიანების მოლაპარაკებები საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მოიცავს მოლაპარაკებების 35 თავს. და როდესაც წევრობის საკითხი დღის წესრიგში დადგება, ვფიქრობ, იმ დროისთვის განსხვავებული ვითარება იქნება როგორც ჩვენთან – ქვეყანაში, ისე ევროკავშირში“.

ჩხიკვაძე განმარტავს, რომ კანდიდატის სტატუსის მთავარი ბენეფიტი ორი გარემოებაა:

  • პოლიტიკურ გზავნილი;
  • ევროკავშირის რესურსებზე წვდომა.

„კანდიდატის სტატუსით პოლიტიკურად გაცილებით მაღალ დონეზე გადავდივართ, რასაც გასული წლის ბოლოს ვერც კი წარმოვიდგენდით: ეს არის პოლიტიკური გზავნილი, რომ ქვეყანა ევროკავშირის გზაზე განუხრელად დგას, და სამწუხარო კითხვებს საგარეო კურსთან დაკავშირებით, რომლებიც ისმოდა, შეიძლება ითქვას, რომ უკან მოვიტოვებთ. ვიქნებით ქვეყანა, რომელსაც წევრობამდე ერთი ეტაპი ექნება დარჩენილი. ამასთან, საქართველოს მიეცემა შესაძლებლობა, უფრო მეტ ფინანსურ რესურსზე ჰქონდეს წვდომა“.

რაც შეეხება მმართველი გუნდის მცდელობას, საკუთარ მიღწევად წარმოაჩინოს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული ესა თუ ის პროგრესი, ჩხიკვაძე მართებულად არ მიიჩნევს და გვახსენებს, რომ არჩევანი ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე დააფიქსირა საზოგადოებამ, მას შემდეგ კი ხელისუფლებებმა ამ მისწრაფების მატერიალიზება უნდა მოახდინონ: თანამშრომლობის შესახებ პირველი ხელშეკრულება 1996 წელს გაფორმდა; აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა, რომელმაც შემდეგ მოიტანა ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა და გაჩნდა უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა, 2009 წელს გამოიკვეთა.

„ესაა მშენებლობის პროცესი, რომლის ფარგლებშიც თითო აგურს ყველა დებს“,– დასძენს ჩხიკვაძე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები