„თუ „წითელი ხაზი“ უკვე არ გადაგვიკვეთავს, ძალიან ახლოს ვართ“ – როდესაც დიპლომატიური ენა არ გესმის

20-07-2021 17:15:35 ანალიზი

19 ივლისს ოთხი პრეზიდენტის მონაწილეობით, შეთანხმების დასტურად, რომ "ასოცირებული ტრიო" (საქართველო უკრაინა, მოლდოვა) გააძლიერებს ერთობლივ ძალისხმევას ევროპული ინტეგრაციისთვის, ხელი მოეწერა დოკუმენტს. ამ პროცესში კი საქართველოს თავზე კვლავ „დამოკლეს მახვილივით“ ჰკიდია მართლმსაჯულების რეფორმა: თბილისს ჯერ ბრიუსელიდან შეახსენეს, რომ ევროკავშირისგან მიღებული ფინანსური დახმარება უპირობო არ არის და ერთ–ერთი ფუნდამენტური საკითხი სწორედ, რომ პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი მართლმსაჯულებაა. შემდეგ უკვე თბილისში გაიმეორა იგივე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და თქვა ისიც, რომ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა არ არის თანხვედრაში წარმოებულ კონსულტაციებთან და რომ რეფორმები ქვეყანას არა ბრიუსელში თავმოწონებას, არამედ საკუთარი ხალხის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება. პასუხად კი „ქართული ოცნებიდან“ შეეცადნენ ქართული საზოგადოების „ინფორმირებას“, თუმცა ფინანსური დახმარების პოლიტიკური განზომილების მნიშვნელობას ისინიც ვერ არიდებენ თავს:

"არანაირი საფრთხე არ იქნება, მითუმეტეს, რომ საუბარი არ არის დახმარებაზე, ეს არის სესხი, თუმცა შეღავათიანი პირობებით, რაც საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური გზავნილი, ვიდრე როგორც რაიმე სახის ეკონომიკური დახმარება," - თქვა 19 ივლისს „რუსთავი 2“–ის ეთერში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილმა.

ამ კონტექსტში საინტერესოა მოლდოვის პრეზიდენტის მარია სანდუს მოკლე ისტორიული რაკურსი, რომელიც მან ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე შემოგვთავაზა. პრეზიდენტის მიმოხილვას ფართო განხილვა მოჰყვა სოციალურ ქსელში, ბევრს გაუჩნდა რა ასოციაცია საქართველოსთან. სანდუმ კერძოდ, შეგვახსენა, რომ საწყის ეტაპზე მოლდოვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის წარმატებულ სახელმწიფოდ მიიჩნეოდა, იყო იმედი, რომ ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე ქვეყანა განვითარდებოდა, ჩამოყალიბდებოდა დემოკრატიული ინსტიტუტები, თუმცა მალევე, „ოლიგარქიულმა სისტემამ, კორუფციამ ჩაითრია ქვეყანა, რეფორმები ქაღალდზე დარჩა, დისკუსია ანტიკორუფციული ძალისხმევის შესახებ მხოლოდ ლამაზ ანგარიშებში იგზავნებოდა, ქვეყანა ჩაეფლო მორევში, რომელიც მას ევროკავშირთან ასოცირების გამოყენების შესაძლებლობას აღარ აძლევდა“:

„მოლდოვამ სანქციების გარეშე დაკარგა რეპუტაცია, ჩვენ აღარ ვიყავით სანდო პარტნიორი, აღარ ვიყავით ქვეყანა, რომელიც ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებდა“.

საქართველომაც გადაკვეთა „წითელი ხაზი“?

„თუ არ გადაგვიკვეთავს, ძალიან ახლოს ვართ გადაკვეთასთან, განსაკუთრებით, ეს ეხება მოსამართლეების თემას, რომელიც ჩადებულია 19 აპრილის შეთანხმებაში. გასულ კვირას მოსამართლეების დანიშვნით დაირღვა ფუნდამენტური საკითხი“,– პასუხობს კითხვას ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე.

იმავდროულად, ჩხიკვაძე ფიქრობს, რომ „წითელ ხაზებზე“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საჯარო განცხადებებშიც მიანიშნა, მაგრამ არა იმდენად ხისტად, რა მოლოდინიც იყო საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. აღნიშნულის მიზეზად ანალიტიკოსი „აქცენტთან“ ორ სავარაუდო მიზეზს ასახელებს:

  • ერთი, რომ ევროკავშირი საკომუნიკაციო არხს ღია ტოვებს. იმედი აქვთ, რომ დემოკრატიის რელსებიდან გადასულ მატარებელი ელზებზე კვლავ შეაყენებენ;
  • მეორე მოტივაცია შესაძლოა, იყოს, ძლიერად არ მოხდეს „ქართული ოცნებისთვის“ ხელის კვრა, რადგან შესაძლოა, ხელისუფლებამ სხვა ორბიტაზე „გადასვლა“ გადაწყვიტოს. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ღიად ამის თქმა გაუჭირდება, მაგრამ ნიშანდობლივია მოლდოვას გამოცდილება: იანუკოვიჩის უკრაინისგან განსხვავებით, (რომელმაც ღიად იცვალა კურსი), მოლდოვაში ეს ცვლილება ღიად, გამოხატულად არ მომხდარა. აქ მთავარი საქმეა.

რაც შეეხება ფინანსური დახმარების პოლიტიკურ განზომილებას, ანალიტიკოსი რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას:

„როდესაც ერთის მხრივ, ვაცხადებთ, რომ 2024 წელს ევროკავშირში წევრობისთვის განაცხადის შეტანა გვინდა, მეორეს მხრივ, ევროკავშირი მსგავს გადაწყვეტილებას იღებს, აბსოლუტურად წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან. მეორეს მხრივ – როგორც მახსოვს, შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლებში მოხდა, როდესაც ევროკავშირმა ტრანშის შეჩერება გადაწყვეტა, მას შემდეგ საქართველოსთან მიმართებით მსგავსი რამ არ მომხდარა მიუხედავად მთელი რიგი დარღვევებისა და ესეც ნიშანდობლივია. მესამე – იმიჯის აღდგენას, რაც ტრანშის შეჩერებას მოჰყვება, ძალიან დიდი შრომა და დრო დასჭირდება. ეს გზა მოლდოვამაც გაიარა – ტრანშის გაჩერების შემდეგ დიდი ძალისხმევის გაწევა მოუხდათ.

გარდა ამისა, ეს არა დაბალპროცენტიანი სესხი, არამედ საბიუჯეტო დახმარებაა, რომელიც განსაზღვრულ მიმართულებებს ხმარდება, მათ შორის, მართლმსაჯულების რეფორმას. იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირს და აშშ–ს სოლიდური თანხა აქვს მართლმსაჯულების რეფორმაში ჩადებული, ვფიქრობ, მათი პოზიციონირება გასაკვირი არ არის: ისინი ამ თანხას თავიანთ გადასახადის გადამხდელებს აკლებენ და აძლევენ საქართველოს“.

"წინა ხელისუფლებამ გამოსცადა, იგივეს არ ვუსურვებდი „ქართულ ოცნებას“

მაინც რატომ ჯიუტობს საქართველოს ხელისუფლება პირობითად, 6 მოსამართლის გამო, რომელიც გასულ კვირას უვადოდ დანიშნა უზენაეს სასამართლოში და აიფეთქა კიდეც „ნაღმი“ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობაში? ისედაც საკამათო ელექტორალური მხარდაჭერის, მძიმე სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკური ფონის პირობებში ფაქტობრივად, სანქცირების რისკის ქვეშ რატომ უნდა დაეყენებინა თავი?

ვანო ჩხიკვაძე განმარტავს, რომ მართლმსაჯულება ერთის მხრივ, დემოკრატიის ფუნდამენტია, მეორეს მხრივ, ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტი, ძალოვან სისტემებთან ერთად, საჭირო სასამართლო გადაწყვეტილებებით და სწორედ ამიტომ არ თმობდა საქართველოს ისტორიაში არც ერთი ხელისუფლება მას.

იუსტიციის საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი კი გვირჩევს, საკითხზე მსჯელობისას წარსულში, 2012 წელში დავბრუნდეთ, როდესაც ქვეყნის პლიტიკური ხელმძღვანელობა შეიცვალა:

„სასამართლო რეფორმების პარალელურად, სასამართლოში არსებულმა „კლანმა“ ძალიან კარგი კავშირი დაამყარა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან. ვნახეთ, რომ ნელ–ნელა „ქართულმა ოცნებამ“ „კლანი“ გააძლიერა ერთის მხრივ, კონსტიტუციით (ძლიერი გარანტიები აქვთ – უვადო დანიშვნებიდან დაწყებული, დამთავრებული იმუნიტეტით, რომელიც დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელშია და არა პარლამენტის), მეორეს მხრივ, ყველანაირი ბერკეტი სასამართლოს გადასცა და ამას სასამართლოს დამოუკიდებლობის საფარველქვეშ აკეთებდა, სინამდვილეში კი ეს იყო „კლანისთვის“ სასამართლო სისტემის პრივატიზაცია. თავის დროზე მურუსიძეს (რომელიც იყო წლების განმავლობაში მართლმსაჯულების სისტემაში არსებული მძიმე პრობლემების თვალსაჩინო მაგალითი) შეხვდა ბიძინა ივანიშვილი, ამჟამინდელი პრემიერიც, დაამყარეს „კარგი“ კომუნიკაცია და ამას განსაკუთრებული პროტესტი არ მოჰყოლია. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ „კლანი“ შეირგო და მივიღეთ სადღეისოდ არსებული რეალობა: 2019 წლის ბოლოს უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლე უვადოდ დაინიშნა, ამას დაემატა 6 მოსამართლე. თუ ადრე სასამართლოში სისტემის გარედან ადამიანის მოხვედრა შესაძლებელი იყო, ეს დღეს გამორიცხულია, თუ არ არის „კლანის“ და ხელისუფლების ნება. სისტემა ჩაიკეტა! სადღეისოდ მოსამართლეების 92% უკვე უვადოდაა დანიშნული და მათი უმეტესი ნაწილი ძველი მოსამართლეა, ხოლო თუ ვინმეა ახალი, ისიც მათ მიერ გამოზრდილი თანაშემწეები“.

ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ცვლილებისთვის მტკიცე პოლიტიკური ნება და პროფესიონალიზმია საჭირო, რათა პროცესს ქვეყნის ისედაც შელახული დემოკრატია არ შეეწიროს:

„წინა ხელისუფლებამ უკვე გამოცადა, როგორია, როდესაც სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და კონკრეტული ხელისუფლების ინტერესს ემსახურება ამა თუ იმ დროს. არ ვუსურვებდი „ქართულ ოცნებას“, მურუსიძის, ჩინჩალაძის, გვრიტიშვილის ხელით გამოცადონ, თუ რა ცუდია ის სასამართლო სისტემა, რომელიც დღეს გვაქვს, რადგან შედეგები მათთვის მძიმე იქნებოდა. ოთხი წელი ვუყურებდი ამ ადამიანებს და მერწმუნეთ, მათ ხალხის წინაშე არანაირი ანგარიშვალდებულების განცდა არ აქვთ, აინტერესებთ მხოლოდ ძალაუფლება და რაც შეიძლება ხანგრძლივი ვადით. არიან ბოროტი ადამიანები, შემსრულებლები!",– ამბობს ჯანეზაშვილი და დასძენს, რომ ვიდრე ესა თუ ის პოლიტიკური ჯგუფები „გამოცდილებას“ იღებენ, ან მომავალში მიიღებენ, ზარალდება რიგითი მოქალაქის ინტერესი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები