
2021 წელს "ბორდერიზაციის" ფაქტები გაორმაგდა - სუს–ი
18/04/2022 13:45:44 კონფლიქტები
2021 წელს საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ბორდერიზაციის 139 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ორჯერ მეტია წინა წელთან შედარებით - ამის შესახებ ნათქვამია სუს–ის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უკანონო ბორდერიზაციის 9, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით - 130 შემთხვევა დააფიქსირდა. 2020 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 16, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით კი 60 შემთხვევაა დაფიქსირებული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონო აქტივობები 2021 წელს გამოიხატა როგორც ახალი მავთულხლართების გავლებაში, ისე ძველი მავთულხლართებისა და ღობეების განახლებაში, ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებისა და მიწათხრილების მოწყობაში, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებისა და საგუშაგოების უკანონოდ აღმართვაში.
2021 წელს გაზრდილია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის პირობით საზღვართან უკანონო დაკავების რაოდენობაც. ამ წელს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით - 11, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით 70 უკანონო დაკავების ფაქტი დაფიქსირდა. 2020 წელს ცხინვალის რეგიონის მიმართულებით - 64 და აფხაზეთის მიმართულებით 13 უკანონო დაკავებაა დაფიქსირებული.
2021 წლის დასასრულს უკანონო პატიმრობაში, საერთო ჯამში, საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფებოდა.
ფატალურად დასრულდა პირობით საზღვართან დაკავებული გენადი ბესტაევის პატიმრობა ცხინვალის იზოლატორში. ის საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას 2021 წლის ნოემბერში გადმოეცა მაშინ, როცა ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად ჰქონდა დამძიმებული. გენადი ბესტაევი სამთვიანი მკურნალობის შემდეგ, 2022 წლის თებერვალში გარდაიცვალა.