
"პანდემიის პერიოდში ბავშვთა მიმართ ძალადობის რეფერირებული შემთხვევების უმეტესობა, მათ შორის ადრეული ქორწინების ფაქტებს ეხებოდა"
18/04/2022 17:47:10 სამართალი
სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალური ანგარიში მოამზადა, რომელშიც შეფასებულია "კოვიდ-19"-ის პანდემიის გავლენა ბავშვთა უფლებებზე. დოკუმენტში მოცემულია კონკრეტული ფაქტები და მაგალითები, რომელიც აჩვენებს, როგორ გართულდა ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დაცვა იმ დროის მონაკვეთში, როცა სახელმწიფო სერვისები დისტანციურ რეჟიმში იყო გადასული ან გარკვეული შეზღუდვებით მოქმედებდა.
“ერთ-ერთ რეგიონში 12 წლის ბავშვის მიმართ ქორწინების იძულების ჩადენის ფაქტზე შემოვიდა შეტყობინება. ადგილზე მისვლისას პოლიციას დახვდა დაახლოებით 70-კაციანი სუფრა. თავდაპირველად პოლიციას უთხრეს, რომ ბავშვის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, თუმცა რეალურად 12 წლის ბავშვის ნიშნობის სუფრა აღმოჩნდა (შსს-ს განმარტებით, ამ პერიოდში აკრძალული იყო ჯგუფური თავყრილობების მოწყობა). დაახლოებით 4-5 საათისთვის არასრულწლოვანი პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა. რამდენიმე საათი ელოდებოდნენ ფსიქოლოგსა და სოციალურ მუშაკს და როდესაც მიიღეს გადაწყვეტილება ბავშვის ოჯახიდან გამოყვანასა და უსაფრთხო სივრცეში გადაყვანაზე, დაახლოებით 11 საათი იყო. არასრულწლოვნის მოთავსებამდ,ე საჭირო გახდა მისი კოვიდ-ტესტზე შემოწმება. თუმცა ყველა სასწრაფო-სამედიცინო დაწესებულება დაკეტილი იყო და კოვიდ-ტესტზე შემოწმება ვერ მოხერხდა, ვინაიდან ამ პერიოდში მოქმედებდა „კომენდანტის საათი“ 21:00 საათიდან. მოგვიანებით გაარკვიეს, რომ ერთ-ერთ კლინიკას ჰქონდა 24-საათიანი სერვისი, რომელსაც დაახლოებით სამსაათიანი კომუნიკაციისა და დახმარების თხოვნის შემდეგ მიაგნეს. რადგანაც ამ დაწესებულებას ოფისი თბილისში ჰქონდა, არასრულწლოვანი რეგიონიდან თბილისში ჩამოიყვანეს კოვიდ-ტესტის გასაკეთებლად”, - ეს შსს-ს წარმომადგენელის მიერ სახალხო დამცველის ოფისისთვის გაზიარებული გამოცდილებაა იმის საჩვენებლად, როგორ იყო გართულებული პანდემიის საწყოს ეტაპზე ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ოჯახიდან გამოყვანის პროცედურა და რთულად წარმოებდა კოორდინაცია შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შორის.
ანგარიშის მიხედვით, ჩანს რომ პანდემიის დროს ძალადობის შემთხვევებში გართულებული იყო სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის გამოყოფაც, რაც ადამიანური რესურსის ნაკლებობით აიხსნებოდა. რიგ მუნიციპალიტეტებში მხოლოდ ერთი სოციალური მუშაკი/ფსიქოლიგია და თუ ის კოვიდინფიცირებულის კონტაქტი იყო ან ინფიცირებული, საწირო ხდებოდა სხვა ქალაქებიდან სპეციალისტების ჩამყვანა, რაც ართულებდა ძალადობის სავარაუდო შემთხვევების გამოძიების პროცესში არასრულწლოვნის გამოკითხვას.
„უკვე ღამდებოდა, როდესაც სექსუალურ ძალადობაზე მივიღეთ შეტყობინება. იმ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ყველა სოციალური მუშაკი/ფსიქოლოგი კოვიდის კონტაქტი იყო ან კოვიდი ჰქონდათ დადასტურებული, შესაბამისად სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის ჩამოყვანა სხვა მუნიციპალიტეტიდან მოგვიწია. ამის გამო, სანამ ყველა მონაწილე პირი შეიკრიბა, 10-ის ნახევარი გახდა და იმ დღეს ვეღარ მოხერხდა ბავშვის სათანადოდ გამოკითხვა, ამიტომ, აუცილებელი გახდა არასრულწლოვნის ხელმეორედ გამოკითხვა“, - ესეც შსს-ს წარმომადგენლის გამოცდილებაა.
"ბავშვის გაუპატიურების საქმეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმე იყო კოვიდინფიცირებული, რომელსაც დაუყოვნებლივ მოუწია იზოლაციაში გადასვლა, ამიტომ მასთან გამოკითხვის ჩატარება შეფერხდა. პანდემიიდან გამომდინარე, ასევე დაბრკოლდა საქმესთან შეხებაში მყოფი პირების გამოკითხვაც, ვინაიდან, შესაძლოა, კოვიდინფიცირებული, ან ინფიცირებულის კონტაქტი იყოს" - ეს კიდევ ერთი სამართალდამცველის გამოცდილებაა.
სახალხო დამცველისთვის სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკების მიერ მიწოდებული ინფორმაციით, მათ უწყებაში, პანდემიისას, ზოგადად, იმატა ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე შეტყობინებების რაოდენობამ და გაიზარდა ბავშვებში სიუციდის მცდელობის შემთხვევები. სააგენტოს სოციალური მუშაკების დაკვირვებით, პანდემიისას განსაკუთრებით მაღალია მიმართვიანობა ოჯახში ბავშვის მიმართ ძალადობაზე ან/და ოჯახში ძალადობის ისეთ შემთხვევებზე, სადაც ბავშვი ძალადობის შემსწრეა.
ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის მარტიდან, როცა პანდემიის გამო პირველი შეზღუდვები დააწესა მთავრობამ, 2021 წლის აპრილამდე, სანამ სასწავლო დაწესებულებები ძირითადად დისტანციურ რეჟიმში მუშაობდნენ, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოდან შინაგან საქმეთა სამინისტროში ბავშვთა მიმართ ძალადობის რეფერირებული 200 შემთხვევიდან, უმეტესობა ფსიქოლოგიური, ფიზიკური და სექსუალური ძალადობისა და ადრეული ქორწინების ფაქტებს ეხებოდა. ამ დროის მონაკვეთში დაფიქსირდა ფსიქოლოგიური ძალადობის 49 ფაქტი, ადრეული ქორწინების 49, ფიზიკური ძალადობის 42 და სექსუალური ძალადობის 21 შემთხვევა;
ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის თანამშრომელთა დაკვირვებით პანდემიისას გაიზარდა ასევე ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ისეთი ფაქტები, როცა მოძალადე ოჯახის წევრია (ძმა, მამა, მამინაცვალი და ა.შ.)
2020-2021 (იანვარი-აპრილი) წლებში სქესობრივ დანაშაულებზე გამოძიების დაწყების მაჩვენებელი მცირედით აღემატება 2019 წლის მონაცემებს. ამ პერიოდში, 2019 წელთან შედარებით, 41-ით მეტ შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება. ჩადენილ დანაშაულებს შორის სჭარბობს სრულწლოვნის მიერ წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებისა და გარყვნილი ქმედების ფაქტები. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს გარყვნილი ქმედების 80 ფაქტზე დაიწყეს გამოძიება, 2020 წელს - 73 შემთხვევაზე, ხოლო 2021 წელს (იანვარი-აპრილი) – გამოძიება 27 სავარაუდო გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე დაიწყო.