
„ლელო“ საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშია: „ხაზარაძის პოლიტიკაში ჩართვა მასზე პოლიტიკურად მოტივირებულმა შეტევამ გამოიწვია“
18/09/2019 12:51:26 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ მიმდინარე წლის 12 სექტემბერს დაარსებული სამოქალაქო მოძრაობა „ლელო“ საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშია.
რიგი გამოცემა „ლელოს“ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის “En Marche”-ს („წინ რესპუბლიკა“) ინიციატივას ადარებს. ასე, მაგალითად, ლონდონში დაფუძნებული დამოუკიდებელი მედიაპლატფორმა EU Today აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველოში “En Marche”-ს სტილის მოძრაობა „ლელო“ დაარსდა“.
„სავარაუდოდ, აღნიშნული მოძრაობა ახალ ქართულ პოლიტიკურ პარტიაში გადაიზრდება. სიტყვა „ლელო“ ნიშნავს გუნდურ ძალისხმევას, რომელსაც წარმატება მოაქვს.
ანაკლიაში სიტყვით გამოსვლისას (სადაც ხაზარაძე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში მონაწილეობდა) ხაზარაძემ განაცხადა: ”ჩვენ დღეს ვაარსებთ მოძრაობას. ჩვენი მოძრაობის მიზანია გუნდურობა, მიზნების მიღწევა, სიყვარული, ერთობა და საქართველოს გამარჯვება. ჩვენ ახლა ანაკლიაში ვართ, სადაც უდიდესი პოტენციალის მქონე მსხვილი პროექტი უნდა განხორციელდეს და ხორციელდება. ანაკლიაში უამრავი სამუშაო ადგილი შეიქმნება და ეს არის საქართველოსთვის შესაძლებლობა ერთხელ და სამუდამოდ დაბრუნდეს სამეზობლოს, რეგიონის და მსოფლიო რუქაზე.”
ამასთან, მან აღნიშნა: ”ეს ქვეყანა უნდა გადაარჩინოს არა მესიამ ან ვინმე სხვამ, არამედ თითოეულმა ჩვენგანმა, ამიტომ ვეძებ ლიდერებს“. მისივე თქმით, „ლელო“ მოძებნის 12 ადამიანს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის არის მედიცინა, განათლება და ა. შ. მან დასძინა, რომ მოძრაობის ხედვა იმაში მდგომარეობს, რომ ეს იქნება ჰორიზონტალური სტრუქტურის მქონე "ლიდერთა პარტია". მან აგრეთვე ხაზი გაუსვა პარტიის განვითარების გარკვეული ვადების აუცილებლობას: ”ჩვენ განვსაზღვრავთ თარიღებს და კონკრეტულ მიზნებს, რათა სწრაფად გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ მდგომარეობიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ჭაობში აღმოვჩნდებით“, – წერს გამოცემა.
ამასთან, სტატიაში ყურადღება გამახვილებულია მამუკა ხაზარაძის წარმატებულ ბიზნეს–საქმიანობასა და მის მიერ მხარდაჭერილ საგანმანათლებლო პროექტებზე:
„ხაზარაძე არის ქართველი ბიზნესმენი, რომელმაც 1992 წელს უმსხვილესი ქართული უნივერსალური ბანკი – სს "თიბისი ბანკი" დააარსა. 1988 წელს მან დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი და ასევე აქვს ჰარვარდის ბიზნესის სკოლის მაგისტრის ხარისხი, სადაც ის 1998-2000 წლებში სწავლობდა. 2014 წელს, ხაზარაძეს მიენიჭა წლის მეწარმის ჯილდო, პირველი ასეთი ჯილდო ქართულ ბიზნესში. 2010 წელს მას ასევე გადაეცა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის გარდა, ხაზარაძე თავის ბიზნეს პარტნიორებთან ერთად გახლდათ IDS "ბორჯომის" მინერალური წყლის კომპანიის თანადამფუძნებელი, რომელიც საბჭოთა კავშირში კარგად ცნობილი "ბორჯომის" მინერალური წყლის ბრენდის საფუძველზე შეიქმნა. მან ასევე მხარი დაუჭირა გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის დაარსებას თბილისში (GZAAT) – კერძო საშუალო სკოლის, რომლის თანადამფუძნებელი 2001 წელს იყო გივი ზალდასტანიშვილი“.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ხაზარაძის პოლიტიკაში შესვლის გადაწყვეტილებას ქართული მმართველი წრეების მხრიდან წინააღმდეგობა შეხვდა. ამ კონტექსტში სტატიაში ნახსენებია 11 წლის წინანდელ ტრანზაქციასთან დაკავშირებით ხაზარაძის წინააღმდეგ აღძრული საქმე, რომლის ფარგლებშიც, როგორც გამოცემა წერს, ბრალი წაუყენეს ხაზარაძეს მის მიერ პოლიტიკაში მოსვლის განაცხადიდან მალევე.
„თბილისში საერთაშორისო დამკვირვებლები თვლიან, რომ ეს ყალბი ბრალდება ხაზარაძეს მისი პოლიტიკაში გადასვლის საპასუხოდ წაუყენეს, რადგან "ლელო" რეალურად მიიჩნევა ისეთ მოძრაობად, რომელიც შეავსებს ბზარს ამომრჩეველთა შორის, რომლებსაც იმედი გაუცრუეს როგორც "ქართულმა ოცნებამ", ისე "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ". ერთ–ერთი უცხოელი კორესპონდენტის თქმით, ხაზარაძის ჩართულობა ანაკლიის პორტის მშენებლობაში ნერვიულობის მიზეზი გახდა გავლენიანი წრეების ისეთ წარმომადგენლებს შორის, როგორიცაა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც შიშობს, რომ ხაზარაძის გავლენა საქართველოში გაიზრდება“, – წერს გამოცემა.
ბრიუსელში დაფუძნებული ახალი ამბების დამოუკიდებელი პორტალი EU Political Report უცვლელად აქვეყნებს EU Today–ს ზემოთხსენებულ სტატიას.
ხაზარაძის „ლელოს“ მაკრონის “En Marche”-ს („წინ რესპუბლიკა“) ინიციატივას ადარებს ბრიუსელში მდებარე ევროპული მულტიმედიური ახალი ამბების პლატფორმა Eureporter–იც.
სტატიის ავტორი მარტინ ბენკსი „ლელოს“ პრეზენტაციის დროს ხაზარაძის მიერ წარმოთქმულ სიტყვას ციტირებს.
„რიგი საერთშორისო დამკვირვებლები, რომლებიც თბილისში საქმიანობენ, ვარაუდობენ, რომ ხაზარაძის პოლიტიკაში ჩართვა მასზე პოლიტიკურად მოტივირებულმა შეტევამ გამოიწვია. მის წინააღმდეგ 11 წლის წინანდელ ტრანზაქციასთან დაკავშირებით საქმეა აღძრული და მას ბრალდება ოფიციალურად მას შემდეგ წარუდგინეს, რაც ხაზარაძემ პოლიტიკაში მოსვლა დააანონსა. ამასთან, არსებობს მოსაზრება, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მამუკა ხაზარაძე სამიზნედ აქცია, რადგან შიშობს, ხაზარაძის ჩართულობა ანაკლიის ღრმაწყლოვანო პორტის პროექტში ქვეყანაში მის გავლენას გააძლიერებს“, – დასძენს ბენკსი.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021