
"ვიზიტი შემთხვევითი არ არის": რა საკითხები განიხილა პაპუაშვილმა თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან
19/04/2022 14:46:32 კავკასია
საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა სტუმრობს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა მედიასთან განცხადებები გააკეთეს.
შალვა პაპუაშვილის თქმით, „საქართველოსა და აზერბაიჯანს ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ რეგიონში მშვიდობის მშენებლობის საქმეში":
„ვთანხმდებით, რომ ორივე ქვეყანამ უნდა გამოვიყენოთ ეს ისტორიული როლი და ერთობლივად და უფრო მეტი ძალისხმევით ხელი შევუწყოთ მშვიდობას და სტაბილურობას ჩვენი ქვეყნების, ჩვენი ხალხების და მთლიანად რეგიონის კეთილდღეობისთვის“.
მისი თქმით, აზერბაიჯანელი კოლეგის ვიზიტი სიმბოლური და განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან მიმდინარე წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება:
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ისტორიულ ხალხთაშორის კავშირებზე. ჩვენ მადლიერები ვართ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. ჩემს კოლეგას ასევე დავუდასტურე საქართველოს ურყევი მხარდაჭერა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში არსებული დაძაბული ვითარება:
„უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია, რეგიონული კონფლიქტები... საქართველოსა და აზერბაიჯანს ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ რეგიონში მშვიდობის მშენებლობის საქმეში. ვთანხმდებით, რომ ორივე ქვეყანამ უნდა გამოვიყენოთ ეს ისტორიული როლი და ერთობლივად და უფრო მეტი ძალისხმევით ხელი შევუწყოთ მშვიდობას და სტაბილურობას ჩვენი ქვეყნების, ჩვენი ხალხების და მთლიანად რეგიონის კეთილდღეობისთვის“.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საჰიბა გაფაროვას ვიზიტისა და თანამშრომლობის მზადყოფნისთვის მადლობა გადაუხადა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარის საჰიბა გაფაროვას თქმით, ვიზიტი შემთხვევითი არ არის - აზერბაიჯანი და საქართველო მეგობარი ქვეყნები და სტრატეგიული პარტნიორები არიან:
„ეს მეგობრობა ისტორიას ეფუძნება. ქართველი და აზერბაიჯანელი ერები ისტორიის და საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის გვერდით იდგნენ და მეგობრულ და ძმურ პირობებში თანაცხოვრობდნენ. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ამ მყარ ურთიერთობებზე არის დაფუძნებული. ეს ურთიერთობები დადებითად გრძელდება და განსაკუთრებულ ადგილს იკავებს საპარლამენტთაშორისო კავშირები“.
მისივე ინფორმაციით, ისაუბრეს აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების სამმხრივი ფორმატის მუშაობის მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე და "შემდეგი სამმხრივი ფორუმი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში და ქალაქ შუშაში გაიმართება“.
საჰიბა გაფაროვას თქმით, შალვა პაპუაშვილს მოახსენა ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგები:
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ სომხეთი დროის დაუკარგავად მოახდენს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და აღნიშნული ხელშეკრულებების შესრულება რეგიონში მშვიდობის განმტკიცების და გაძლიერების საფუძველი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი და განხილული საკითხები და საუბრები აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო განამტკიცებს და გააძლიერებს ჩვენს მეგობრობას“, - განაცხადა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვამ.