
აფხაზეთი: “რუსეთი თავს გვახვევს “საინტეგრაციო პროცესებს” და ცივილიზებული სამყაროსგან ჩვენს იზოლაციას აძლიერებს”
20/04/2022 22:51:20 კონფლიქტები
რუსეთმა, რომელთან მრავალწლიანი “სტრატეგიული პარტნიორობის” შედეგადაც აფხაზეთმა დამოუკიდებელი განვითარებისთვის ვერაფერი მიიღო და მხოლოდ მოსკოვზე სრულად დამოკიდებულ ტერიტორიად გადაიქცა, ბოლო დროს აქტიურად აიძულებს სოხუმს, ფედერაციის, ან, სულ მცირე, “რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს” შემადგენლობაში შევიდეს, რაც არსობრივად, ერთმანეთისგან დიდად არაფრით განსხვავდება. ამ მიზნით პოლიტიკურის გარდა, აქტიურად გამოიყენება ზეწოლის ფინანსურ-ეკონომიკური ბერკეტებიც. აფხაზეთს, რომელსაც “სტრატეგიული მოკავშირე” წლობით სვამდა თავის ფინანსურ ნემსზე, ცოტა ხნის წინ მოულოდნელად გამოუცხადეს, რომ “საამური ცხოვრება” დასრულდა, რომ ამიერიდან მას მოუწევს, საკუთარ თავზე თავად იზრუნოს და პარალელურად რამენაირად რუსეთის წინაშე დაგროვებული უზარმაზარი ვალებიც ფაროს. სოხუმის გასული წლის მცდელობას, გადარჩენის მიზნით თბილისისკენ მიეპყრო მზერა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობები განეხილა, რუსეთმა მალევე დაასვა წერტილი. ახლა კი “სტრატეგიული მეგობარი” ცდილობს, აფხაზეთი ჰუმანიტარული დახმარებისა და უკანასკნელი საერთაშორისო კონტაქტების გარეშე დატოვოს, რათა სოხუმი სრულიად დაუცველად და მორჩილად აქციოს.
ამ “საპატიო” მისიის კურირება მოსკოვის კადრმა, აფხაზური დიპლომატიის ახალგაზრდა თავკაცმა ინალ არძინბამ იტვირთა. გასული წლის ნოემბერში მინისტრად დანიშნვამდე იგი აქტიურად იყო დაკავებული აფხაზური ახალგაზრდობის იდეოლოგიური დამუშავებით, რათა მოსახლეობა რუსეთისთვის “სუვერენიტეტის განაწილებისთვის” მოემზადებინა. თანამდებობაზე დანიშნვის შემდეგ კი არძინბამ დაუყოვნებლივ წამოიწყო რეპრესიები ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. ამ საქმიანობას იგი “ქართულ “რბილ ძალასთან” ბრძოლის” დროშის ქვეშ ახორციელებს და ცდილობს, აფხაზეთის განვითარებაზე მიმართული სხვადასხვა საერთაშორისო პროექტები “გავლენის აგენტურული ქსელის ჩამოყალიბების მიზნით სპეცსამსახურების პროდუქტებად” წარმოაჩინოს.
მცირე პაუზის შემდეგ, რომელიც აფხაზეთის მოსახლეობისთვის სიმონიანებისა და სოლოვიოვების რუსეთის თავს მოსახვევად საინფორმაციო პოლიტიკის კოორდინაციის მიზნით მოსკოვში ვიზიტს უკავშირდებოდა, ინალ არძინბამ რეპრესიები განაახლა, ჩაატარა რა მორიგი დამაშინებელ-სადამსჯელო შეხვედრა გაერო-ს სააგენტოებისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ოფისების წარმომადგენლებთან. ამჯერად დარტყმის ქვეშ საერთაშორისო პროექტი «განვითარების სფეროში ინკლუზიური მიდგომით ადგილობრივი თვითმმართველობის დახვეწა” დადგა: არძინბამ მისი დახურვის გადაწყვეტილება გამოაცხადა.
“მინდა, ყველამ იცოდეთ: თუ თქვენი საქმიანობა შეესაბამება ქართული პროგრამების მიზნებსა და ამოცანებს, ჩვენ მათ ავტომატურად განვიხილავთ საფრთხედ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის და დაუყოვნებლივ დავხურავთ. მშვენივრად ვხვდებით, რომ ამ ქართული პროგრამების რეალური მიზანი ჩვენი ტერიტორიის შთანთქმა და აქ ქართული ძალაუფლების დამყარებაა. ქართული დროშა აქ არასოდეს იფრიალებს!” - განუცხადა შეკრებილთ არძინბამ.
თუმცა “კრემლის რუხ კარდინალად” წოდებული ვლადისლავ სურკოვის შეგირდის პატრიოტულ სულისკვეთებაში მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს დიდი ეჭვი ეპარება. არსებობს საფუძვლიანი ეჭვები, რომ მოსკოვის ახალგაზრდა კადრი არა აფხაზეთის, არამედ რუსეთის დროშის ქვეშ მოქმედებს და აფხაზეთის ტერიტორიასაც “საქართველოსგან იცავს” არა აფხაზებისთვის, არამედ რუსებისთვის, რომელთა წინაშეც დიდ პირად ვალშია.
ამ ეჭვებისთვის მორიგ საბაბად იქცა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული ამასწინანდელი ღონისძიებაც – “აფხაზეთის პირველი საინვესტიციო ფორუმი”, რომელიც რატომღაც არა აფხაზეთში, არამედ სოჭში ჩატარდა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ინალ არძინბამ ახალი პლატფორმის ძირითად ამოცანად “რესპუბლიკის საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაცია” დაასახელა. თუმცა აფხაზეთზე არაფერს მიანიშნებდა ფორუმის არც ბანერი, არც ლოგოტიპი, რომელიც მეტისმეტად ჰგავდა რუსული არმიის ვარსკვლავს, აფხაზური დროშა კი დარბაზში სადღაც კუთხეში იყო მიმალული.
არასათავრობო სექტორისადმი რეპრესიების თემას რომ დავუბრუნდეთ, მსგავსი პოლიტიკის კრიტიკოსები იმთავითვე აღნიშნავდნენ რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს, რომელიც, მათი შეფასებით, ცხადყოფს, რომ მსგავსი მოქმედებები არანაირად არ შედის აფხაზეთის ეროვნულ ინტერესებში და ვერანაირად შეუწყობს ხელს რესპუბლიკის დამოუკიდებელ განვითარებას.
“რუსეთი, რომელიც აქტიურად გვახვევს თავს თავის “საინტეგრაციო პროცესებს”, ცივილიზებული სამყაროსგან აფხაზეთის იზოლაციას აძლიერებს” – სწორედ ასე აღიქვეს საზოგადოების დიდ ნაწილში ახალგაზრდა მინისტრის პირველივე ნაბიჯები ამ მიმართულებით. მით უფრო, რომ არასამთავრობო სექტორთან ბრძოლის იდეა, რომელიც სრულიად უცხო იყო აფხაზეთისთვის, რესპუბლიკას ციდან არ დასცემია – იგი რუსეთთან კანონმდებლობის “ჰარმონიზაციის” პროგრამის ფარგლებში, კერძოდ, “უცხოეთის აგენტების” შესახებ იმ პუნქტის ფარგლებში გაჩნდა, რომელმაც ყველამ ვიცით, სადამდე მიიყვანა თავად რუსეთი.
ბევრი გააკვირვა ინალ არძინბას იმ პოზიციამაც, რომელიც აფხაზეთის დემოკრატიულ განვითარებაზე მიმართული პროექტების მიუღებლობას ეხება. “დღემდე გვეგონა, რომ ჩვენი სახელმწიფოს საფუძვლებს სწორედ დემოკრატიული პრინციპები წარმოადგენდა, რაიმე შეიცვალა? თუ არა, მაშინ რატომ ვებრძვით პროგრამებს, რომლებიც განვითარებაზე, სახელმწიფოს ეფექტურობის ამაღლებაზეა მიმართული?!” - წერენ ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
გარდა ამისა, მათი აზრით, მინისტრის პოზიცია ეწინააღმდეგება აფხაზეთის ხელმძღვანელობის მთელი წინა პერიოდის განცხადებებს გარე სამყაროსთან ურთიერთობების განვითარებისკენ სწრაფვის შესახებ, მათ შორის – ფართო საერთაშორისო აღიარების მოსაპოვებლად: “ეს უკანასკნელი ხომ მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ აფხაზეთი იქნება ღია სახელმწიფო, მიმართული დემოკრატიის განვითარებაზე. სწორედ ამიტომ აფხაზეთში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმოდგენილობის მიზანშეწონილობას არასოდეს აყენებდნენ კითხვის ნიშნის ქვეშ არც ხელისუფლებები, არც სამოქალაქო საზოგადოება”.
რაც შეეხება აფხაზურ-ქართულ დიალოგთან დაკავშირებულ პროექტებს, რომლებიც ახალგაზრდა მინისტრის მთავარ სამიზნეს წარმოადგენს, აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეახსენებენ ინალ არძინბას, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების ფარგლებში გამართულ შეხვედრები – ეს “ერთადერთი შესაძლებლობაა, თავად გააცნონ საკუთარი პოზიცია და სიმართლე მათ, ვინც ცოტა რამ თუ იცის აფხაზეთის შესახებ, ან საქართველოსგან მცდარ ინფორმაციას იღებს”. გარდა ამისა, ადამიანებისთვის, რომლებიც ათწლეულებია, მონაწილეობენ ამ შეხვედრებში და ამით სწორედაც რომ აფხაზეთის ეროვნულ ინტერესებს ემსახურებიან, ღრმად შეურაცხმყოფელია ღალატზე მინიშნებების მოსმენა კრემლის ახალგაზრდა კადრისაგან, რომელსაც შეგნებული ცხოვრების უდიდესი ნაწილი სამშობლოს ფარგლებს გარეთ აქვს გატარებული და ჯერ-ჯერობით აფხაზეთის წინაშე არავითარი განსაკუთრებული დამსახურება არ გააჩნია. “რას ნიშნავს საერთოდ “ექსპერტების დონეზე პირდაპირი დიალოგის დამყარების დაუშვებლობა”? სწორედ იმიტომ არიან ექსპერტები, რომ გააჩნიათ საკმარისი კომპეტენცია, ცოდნა, გამოცდილება, აწმყოსა და მომავლის სტრატეგიული ხედვა! ხოლო ის ფაქტი, რომ ისინი თავისუფალი ქვეყნის მოქალააქეები არიან, მათ სრულ უფლებას ანიჭებთ, მონაწილეობდნენ სხვადასხვა ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში და იცავდნენ აფხაზეთის ინტერესებს, რასაც აკეთებენ კიდეც უკვე თითქმის 30 წლის განმავლობაში” – წერენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
სოცქსელებში ბევრი კომენტატორი ინტერესდება იმითაც, როდიდან გახდა საერთოდ აფხაზეთის ხელმძღვანელობა დიალოგის, როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზის წინააღმდეგი და რაში შეიძლება, მდგომარეობდეს მისი ალტერნატივა: “რა ალტერნატივას გვთავაზობენ – მუდმივ კონფლიქტსა და ამ ტვირთის მომავალი თაობების მხრებზე გადატანას?! როგორ უნდა იცხოვრო ომის მუდმივ შიშსა და სიძულვილში?! ისევე, როგორც ჩვენი ახალგაზრდობის დიდ ნაწილს, მეც მსურს, მშვიდობიანი მომავალი მქონდეს უზრუნველყოფილი. დიახაც, მხარს ვუჭერთ დიალოგს, რადგან ეს არის ის, რაც ადამიანებს ცხოველებისგან განასხვავებს! უნდა ვამაყობდეთ იმით, რომ ამ თაობამ შეძლო ის, რაც ვერ მოახერხეს წინამორბედებმა – დაამყარა დიალოგი!”.
კიდევ ერთი ასპექტი, რომელზეც ინალ არძინბას პოლიტიკის კრიტიკოსები ამახვილებენ ყურადღებას, ფინანსურ-ეკონომიკური ხასიათისაა. ჯერ კიდევ უკრაინაში შეჭრამდე რუსეთმა გააფრთხილა აფხაზეთი, მისგან ფინანსურ დახმარებას აღარ დაჰლოდებოდა და საკუთარ თავზე თავად დაეწყო ზრუნვა. ახლა კი, როცა დასავლური სანქციების ფონზე რუსეთი განუსაზღვრელი - შესაძლოა, მრავალწლიანი ვადით თავად აღმოჩნდა ძალზე არასახარბიელო მდგომარეობაში და უკვე მაისის დასაწყისში, მაღალი ალბათობით, გამოცხადდება მისი სუვერენული დეფოლტი, საღად მოაზროვნე ნებისმიერი ადამიანისთვის ცხადი გახდა, რომ აფხაზეთმა რუსეთის ფედერაციაზე გათვლა აღარ უნდა აკეთოს. ამასთან, სანქციებმა, რომლებიც დასავლეთმა მოსკოვს დაუწესა, აფხაზეთის მოსახლეობას უკვე საგრძნობლად დაარტყა – და ეს მხოლოდ დასაწყისია. მაშ მართებულია კი მსგავს პირობებში რეპრესიების გატარება იმ ორგანიზაციების მიმართ, რომელთა დახმარებითაც აფხაზეთი ფერმერებისთვის 0%-იან კრედიტებსა და უსასყიდლო ფინანსურ დახმარებას, სოფლად მცხოვრებთათვის სიმბოლურ ფასად ტექნიკურ აღჭურვილობას, ქალთა ფერმერობის საგანმანათლებლო და სხვა მხარდამჭერ პროექტებს, ხვნა-თესვის მიმართულებით დახმარებას, თესლს, პესტიციდებს, სასუქს, ფაროსანასა და სხვა მავნე მწერებთან ბრძოლის საშუალებებს, სარწყავ სისტემებსა და უამრავ სხვა რამეს იღებდა რესპუბლიკის განვითარებისა და მისი მოსახლეობის ყოფის ძალიან კონკრეტული გაუმჯობესებისათვის?
საერთაშორისო ორანიზაციების პროექტების აკეცვის შემთხვევაში მთელი ეს ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც დღეს აფხაზეთში ძალიან ბევრს ეხმარება გადარჩენაში, განულდება. რომ აღარაფერი ვთქვათ მათი მოქმედების ეკონომიკურ და სოციალურ ეფექტებზე, ასევე იმ გადასახადებზე, რომელიც მათგან ბიუჯეტში პირდაპირი თუ ირიბი გზით ხვდება. არის კი აფხაზეთი ამჟამინდელ მდგომარეობაში მზად, ამ ყველაფერზე უარი თქვას?!
ან იქნებ ინალ არძინბას მინისტრის სამაგიდო უჯრაში აფხაზეთის მოსალოდნელი შიმშილისგან გადარჩენის რაიმე გრანდიოზული გეგმა უდევს? თუ გავითვალისწინებთ, რომ იგი საგარეო და არა ეკონომიკური განვითარების უწყებას ხელმძღვანელობს, ეს, ცოტა არ იყოს, გასაკვირი იქნებოდა. თუმცა თუ არძინბას მსგავსი გეგმა მართლაც გააჩნია, საუკეთესო დროა, ის საჯაროდ წარმოადგინოს.
ინალ არისტავა
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება