
შსს:"იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც სტენსილებს ხატავდა შენობებზე"
23/04/2022 14:31:00 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც თბილისში სხვადასხვა ადგილებში სტენსილებს ხატავდა..
“პირი იდენტიფიცირებულია, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა, დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება, საქმე სარეაგირებოდ გადაეცემა შესაბამის სამსახურს”, — ამბობენ შსს-ში.
მათივე ინფორმაციით, ასევე იდენტიფიცირებულია არასრულწლოვანი, რომელიც ფალიაშვილის ქუჩაზე უკვე არსებულ ნახატებს ღებავდა საღებავით.
ცნობისთვის: თბილისში მოქალაქეები ცენტრალურ უბნებში უცნობი ნიშნების გამოჩენის სიმრავლემ შეაშფოთა. სოციალურ ქსელში მრავლად წააწყდებით ფერადი საღებავით შესრულებული ნიშნების ამსახველ შესაბამის ფოტოებს, როდესაც ადამიანები მისი მნიშვნელობის გარკვევას ცდილობენ. ბევრი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ამ ნახატებში რუსი დივერსანტების ხელი ერიოს.