
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით იანვარ-აგვისტოში რუსეთი ლიდერობს
19/09/2019 10:56:12 ეკონომიკა
საქართველოში რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა ივლისი-აგვისტოში შემცირდა, თუმცა რვა თვის მონაცემებით, ვიზიტების რაოდენობით ლიდერობას სწორედ რუსეთი ინარჩუნებს. ამ ქვეყნიდან ვიზიტების ზრდა, 2018 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით, 14.6 %–ს შეადგენს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, აგვისტოში რუსეთიდან 207 899 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 8.5 %–ით ნაკლებია. რუსეთიდან ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 148 298 შეადგინა (კლება 17 პროცენტი).
ივლისში კი რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 159 063 იყო, რაც 2018 წლის ივლისზე 6.4 %–ით ნაკლებია.
2019 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოში 6 320 516 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, რაც წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.2 %–ით მეტია.