
რატომ არის დნესტრისპირეთი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი
26/04/2022 09:01:53 მსოფლიო
მოლდოვის დნესტრისპირეთის სეპარატისტული რეგიონი, რომელსაც აქვს ე.წ. კონსტიტუცია, ვალუტა და დროშა, მაგრამ არ არის აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომში შესაძლოა, ჩაერთოს, – იუწყება CNN.
მისი ცნობით, სამხედრო ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ რუსეთი ლოჯისტიკური მხარდაჭერისთვის დნესტრისპირეთზე დაყრდნობას გეგმავს, რათა ისარგებლოს მისი სტრატეგიული პოზიციით და შექმნას შავი ზღვის გასწვრივ სახმელეთო დერეფანი საპორტო ქალაქ ოდესის დასაპყრობად.
გასულ კვირას რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა, გენერალ-მაიორმა რუსტამ მინეკაევმა განაცხადა, რომ "რუსი სამხედროები მიზნად ისახავენ სრული კონტროლის მოპოვებას დონბასის რეგიონსა და სამხრეთ უკრაინაზე და წვდომას დნესტრისპირეთში".
გენერალ-მაიორ მინეკაევის განცხადებამ, რომელიც ასახავდა რუსეთის სტრატეგიას ომის "მეორე ეტაპისთვის", მოლდოვის ხელისუფლების მყისიერი შეშფოთება გამოიწვია, რომელმაც საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარა.
"დნესტრისპირეთის შესახებ განცხადებები უსაფუძვლოა და ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის პოზიციას, რომელიც მხარს უჭერს მოლდოვას რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განაცხადა მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტრომ.
გუშინ დნესტრისპირეთის დედაქალაქ ტირასპოლში აფეთქებები მოხდა, რასაც უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ რუსული სპეცსამსახურების მიერ "დაგეგმილი პროვოკაცია" უწოდა.
სეპარატისტული დნესტრისპირეთი დაახლოებით, 1350 კვადრატული მილის სიდიდის რეგიონია, რომელიც მდებარეობს უკრაინასა და დანარჩენ მოლდოვას შორის. რეგიონში ცხოვრობს დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი, რომელთა უმეტესობა რუსულენოვანია.
მოლდოვამ, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, დნესტრისპირეთზე რეალური კონტროლი დაკარგა, როცა რეგიონის სეპარატისტმა ლიდერებმა 1990 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ამას მოჰყვა 1992 წლის ომი მოლდოვის არმიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის.
ამჟამად დნესტრისპირეთში 1500-მდე რუსი სამხედრო იმყოფება.