Accentnews.ge
ხიდაშელი: "ალი უზდენოვთან რუსეთიდან ხორბლის შემოტანის იდეას ვამუშავებ, ივანიშვილთან და ღარიბაშვილთან არანაირი შეხვედრა არ გამართულა"

ხიდაშელი: "ალი უზდენოვთან რუსეთიდან ხორბლის შემოტანის იდეას ვამუშავებ, ივანიშვილთან და ღარიბაშვილთან არანაირი შეხვედრა არ გამართულა"

26/04/2022 11:05:09 პოლიტიკა

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი აცხადებს, რომ რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი მისი მეგობარია, ხოლო ალი უზდენოვთან რუსეთიდან ხორბლის შემოტანის იდეას ამუშავებს.

მისი თქმით, სწორედ ამ საკითხზე შეხვდა საქართველოში ალი უზდენოვს, ბიზნესმენებსა და მეხორბლეებს, თუმცა ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან და მოქმედ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა არ გამართულა.

„ვლადიმერ ევტუშენკოვი 30 წელია არის ჩემი მეგობარი, მისი ოჯახის წევრები მუშაობდნენ ჩემს კომპანიებში შვეიცარიაში. მე საქართველოში წლების განმავლობაში არ ვიმყოფებოდი და არ ვსაქმიანობდი. რამდენიმე წლის წინ მთხოვეს ჩავრთულიყავი ერთ-ერთ ბიზნეს საკითხში, რომელიც ეხებოდა „რუსთავის აზოტის“ ქარხნის კრედიტს, თუმცა აღნიშნულ საკითხში არ ჩავრეულვარ. „რუსთავის აზოტის“ ქარხანას ჰქონდა ევტუშენკოვის კუთვნილი კორპორაცია „სისტემისგან“ 100 მლნ დოლარამდე კრედიტი აღებული, რომლის გასტუმრებაც ვერ ხერხდებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით ევტუშენკოვი 3-ჯერ იყო ჩამოსული საქართველოში. როგორც ვიცი, სასამართლო დავა კვლავ გრძელდება და არ მსურს დეტალებზე საუბარი, ვინაიდან ეს საკითხი მე არ მეხება“, — ნათქვამია ხიდაშელის განცხადებაში, რომელსაც „რუსთავი 2“ ავრცელებს.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ალი უზდენოვთან დაკავშირებით, ხიდაშელი აღნიშნავს, რომ „ალი უზდენოვი არის ბიზნესმენი და არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან“:

„მოგეხსენებათ, საქართველოში ღვინის კონსორციუმის შექმნა დავიწყე და გეგმაში მაქვს ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა. გარდა ამისა, ვამუშავებ შესაძლებლობას, რომ რუსეთში ღვინის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით მოხდეს ხორბლის შემოტანა რუსეთიდან, ვინაიდან საქართველოში არის ხორბლის საჭიროება. ალი უზდენოვთან ერთად სწორედ ამასთან დაკავშირებით გავმართე შეხვედრები საქართველოში ბიზნეს სექტორთან, მეხორბლეებთან. ბიძინა ივანიშვილთან არანაირი შეხვედრა არ გამართულა. რაც შეეხება პრემიერთან შეხვედრას, ასეთი შეხვედრა არ შემდგარა. მე მქონდა კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან, ვთხოვე შეხვედრა, თუმცა პრემიერმა გადაგვამისამართა ბიზნეს სექტორთან. აქვე განვმარტავ, რომ ბიზნეს სექტორთან შეხვედრები რაიმე კონკრეტული შეთანხმებით და შედეგით არ დასრულებულა“.

აღსანიშნავია, რომ სანქცირებული რუსი ოლიგარქი ვლადიმირ ევტუშენკოვი ადასტურებს, რომ მისი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ალი უზდენოვი თბილისში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. მისი მტკიცებით, მათ "დასვენებასთან დაკავშირებით" ისაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ 25 აპრილს გავრცელდა ჩანაწერი, რომელიც სავარაუდოდ, ივანიშვილისა და სავარაუდოდ, ევტუშენკოვის საუბარს ასახავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S