"სანქციებისგან თავის არიდება არის ის, რასაც დიდი ყურადღებით ვაკვირდებით მთელ მსოფლიოში"
27/04/2022 05:49:39 პოლიტიკა
სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერის ნედ პრაისის განცხადებით, აშშ დიდი ყურადღებით აკვირდება რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდების ან მასში დახმარების შემთხვევებს.
მისი თქმით, არ შეუძლია, ისაუბროს გავრცელებულ ჩანაწერებზე ან დაადასტუროს მათი ავთენტურობა, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ აშშ-მა გასულ კვირას აამოქმედა სანქციების პაკეტი იმ პირთა მიმართ, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთისთვის უკვე დაწესებული სანქციებისგან თავის არიდებას.
"ჩვენ არა მხოლოდ ავამოქმედეთ სანქციები და სხვა ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელნი არიან კრემლის გადაწყვეტილებაზე, შეჭრილიყო უკრაინაში, არამედ გასულ კვირას ჩვენ გამოვაქვეყნეთ სანქციების ფართო სპექტრი იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სანქციების თავიდან აცილებისა და ამის ხელშეწყობაზე. სანქციებისგან თავის არიდება არის ის, რასაც ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებით მთელ მსოფლიოში, იქნება ეს რუსეთში, ბელორუსში თუ სხვაგან, ნებისმიერ ადგილას მსოფლიოში. ვფიქრობ, გასულ კვირას ჩვენმა ქმედებებმა დაადასტურეს, რომ ჩვენ პასუხს ვაგებინებთ იმ ქსელებს, ორგანიზაციებსა და ინდივიდებს, რომლებიც მიზანმიმართულად და სისტემატიურად აარიდებენ თავს ან ეხმარებიან სხვებს სანქციებისგან თავის არიდებაში. რა თქმა უნდა, მე არ ვარ იმ პოზიციაში, რომ განვიხილო შესაძლო სანქციების დაწესება ინდივიდებსა თუ ორგანიზაციებზე, მაგრამ ეს არის ის, რასაც ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებით". - განაცხადა პრაისმა.
იხილეთ ასევე: ჩანაწერების სკანდალი: „რკინის ფარდის“ რომელ მხარეს ირჩევს თბილისი


