Accentnews.ge
ჩანაწერების სკანდალი: „რკინის ფარდის“ რომელ მხარეს ირჩევს თბილისი

ჩანაწერების სკანდალი: „რკინის ფარდის“ რომელ მხარეს ირჩევს თბილისი

26/04/2022 14:54:38 პოლიტიკა, ანალიზი

Youtube-ზე 25 აპრილს გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის ირგვლივ მზარდი შეშფოთება მკაფიო პასუხებს მოითხოვს, თუმცა თუ 26 აპრილის მდგომარეობით ვიმსჯელებთ, სამწუხაროდ, ამ სკანდალსაც (ისევე, როგორც სხვა ბევრ მნიშვნელოვან საკითხს) პოლიტიკურ სპეკულაციად ქცევის და საზოგადოებისთვის რწმენის დონეზე დატოვების პერსპექტივა უჩანს: მმართველმა გუნდა ჩანაწერი ჯერ „ფეიკად“ გამოაცხადა, შემდეგ მართალია, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ დაუშვა მისი ავთენტურობის შესაძლებლობა, თუმცა ჩანაწერის მნიშვნელობის ნიველირებას შეეცადა, „ავთენტური რომც იყოს, საუბარია რაღაც სავაჭრო ურთიერთობებზეო“ და ალტერნატიული თეორია შემოგვთავაზა „შულავერის კომიტეტის მოღალატეობრივი შეკრების“ თაობაზე.

რა მოხდა

Youtube-ზე 25 აპრილს გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის მიხედვით [ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის], რუს ოლიგარქ ვლადიმირ ევტუშენკოვსა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს შორის ორჯერ შედგა საუბარი (10 და 13 მარტს). პირველში საუბრის თემა ხორბალია (Зерно). ევტუშენკოვი ამბობს, რომ აქვს იდეა, რომელსაც „დავითი ჩამოიტანს“. ამავე დროს, ევტუშენკოვი მის იმდროინდელ მოადგილესთან ალი უზდანოვთან შეხვედრის შესახებ საუბრობს (ევტუშენკოვმა „სისტემის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია 15 აპრილს დატოვა).

მეორე ჩანაწერის [ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ მიხედვით, ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს მის წარმომადგენელთან შეხვედრას. ივანიშვილი კი ამბობს, რომ ის უკვე ხვდება პრემიერ-მინისტრს, რომელიც „ახალგაზრდაა და ყველაფერს მიხედავს", თავად კი ქალაქგარეთ არის და ცოტა მოუხერხებელია მასთან შეხვედრა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ამისთვის მზად არის. საბოლოოდ, ჩანაწერის თანახმად, ივანიშვილი ევტუშენკოვს დათანხმდა მის წარმომადგენელთან შეხვედრაზე.

ევტუშენკოვი მსხვილი რუსული კორპორაცია “სისტემას” მფლობელია. 2022 წლის აპრილში უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დიდმა ბრიტანეთმა ევტუშენკოვზე პერსონალური სანქცია გაავრცელა, რის შემდეგაც, “როიტერსის” ცნობით, მან “სისტემას” წილების ნაწილი შვილზე გადააფორმა.

რას ამბობენ ჩანაწერის სავარაუდო ფიგურანტები

საინტერესოა, რომ ევტუშენკოვმა „ფორმულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში მისი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის ალი უზდენოვისა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა დაადასტურა, თუმცა როგორც ირწმუნება, მათ "დასვენებასთან დაკავშირებით" ისაუბრეს:

„საქართველოში იყო ალი უზდენოვი, პრემიერსაც შეხვდა. არ მახსოვს, როდის, მგონი, მარტში. მიზანი არაფერი პოლიტიკური არ იყო, მგონი, დასვენებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. სჯობს, მას კითხოთ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იყო რიგითი ვიზიტი“.

ოლიგარქი ირწმუნება, რომ ივანიშვილთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს და არა საქმიანი.

"ბოლოს ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ დაბადების დღე მივულოცე. ჩანაწერი მილიონი გავრცელებულა, არ ვიცი, ბევრი მაგ ჩანაწერებიდან „ფეიკია“,– განუცხადა ოლიგარქმა „ფორმულას“ ჩანაწერთან დაკავშირებით, თუმცა დამაზუსტებელ კითხვაზე "გაიხსენა": „ა, კი, ვილაპარაკეთ დასვენების [ალი უზდენოვის] საკითხზე“.

ჩანაწერში კიდევ ერთი სავარაუდო ფიგურანტი დავით ხიდაშელია, რომლის რუსულ კავშირებზეც ქართული მედია ბევრს წერდა, ამბობს, რომ ევტუშენკოვთან 30 წელია, მეგობრობს, ხოლო ალი უზდენოვთან დაკავშირებით გაკეთებული მისი განცხადება წინააღმდეგობაში მოდის ევტუშენკოვის განმარტებასთან. კერძოდ, ხიდაშელი ირწმუნება, რომ უზდენოვთან რუსეთიდან ხორბლის შემოტანის იდეას ამუშავებს და სწორედ ამ საკითხზე შეხვდა საქართველოში უზდენოვს, ბიზნესმენებსა და მეხორბლეებს, თუმცა ბიძინა ივანიშვილთან და პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრა არ გამართულა:

„მოგეხსენებათ, საქართველოში ღვინის კონსორციუმის შექმნა დავიწყე და გეგმაში მაქვს ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა. გარდა ამისა, ვამუშავებ შესაძლებლობას, რომ რუსეთში ღვინის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით მოხდეს ხორბლის შემოტანა რუსეთიდან, ვინაიდან საქართველოში არის ხორბლის საჭიროება. ალი უზდენოვთან ერთად სწორედ ამასთან დაკავშირებით გავმართე შეხვედრები საქართველოში ბიზნეს სექტორთან, მეხორბლეებთან. ბიძინა ივანიშვილთან არანაირი შეხვედრა არ გამართულა. რაც შეეხება პრემიერთან შეხვედრას, ასეთი შეხვედრა არ შემდგარა. მე მქონდა კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან, ვთხოვე შეხვედრა, თუმცა პრემიერმა გადაგვამისამართა ბიზნეს სექტორთან. აქვე განვმარტავ, რომ ბიზნეს სექტორთან შეხვედრები რაიმე კონკრეტული შეთანხმებით და შედეგით არ დასრულებულა“.

რა მოხდა მანამდე

აპრილის დასაწყისში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "რუსეთი საქართველოს ტერიტორიის გავლით სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხებს ქმნის". საუბარი იყო ორმაგი დანიშნულების საქონელზე.

ამასთან, როგორც უწყების მიერ 4 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში იყო აღნიშნული, "ქართულ სპეცსამსახურებს ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მიღებული აქვთ მითითება, კონტრაბანდისტების საქმიანობას ხელი არ შეუშალონ".

4 აპრილს კიევის ბრალდებას საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული" უწოდა, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მტკიცებულებების წარდგენა მოითხოვა. უცნობია, მოხდა თუ არა მოთხოვნის დაკმაყოფილება, თუმცა, საყურადღებოა, რომ ამ დაძაბულობის ფონზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა უკრაინაში, მათ შორის რუსული სისასტიკის სიმბოლოდ ქცეულ ბუჩაში, შედგა რიგი შეხვედრები და შეიქმნა შთაბეჭდილება ურთიერთობების მეტ–ნაკლებად ნორმალიზების თაობაზე.

პარტნიორები სიცხადეს ელიან

საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის განცხადებით, იგი თვალ-ყურს ადევნებს სავარაუდოდ, ივანიშვილი-ევტუშენკოვის საუბრის ჩანაწერებთან დაკავშირებული ამბის განვითარებას და კონტექსტის და ავთენტურობის შესწავლამდე კომენტარს ვერ გააკეთებს:

"ვადევნებთ თვალს ამ ისტორიას, რომელიც სწრაფად ვითარდება და ვიდრე არ გავიგებ ამ ამბის კონტექსტს და არ დადგინდება ჩანაწერების ავთენტურობა, არ გავაკეთებ კომენტარს; მოვერიდები სპეკულაციებს ამ შედეგების შესახებ, რადგან ეს არის მიმდინარე ამბავი. ასე რომ, ველოდები უფრო მეტ სიცხადეს, ვიდრე კომენტარს გავაკეთებ“.

ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე

საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე „აქცენტთან“ საუბრისას იმ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ საქართველოში დღეს მსგავსი თემები მგრძნობელობით გამორჩეულია, რადგან საზოგადოება მტკივნეულად აღიქვამს რუსეთის უკრაინაში შეჭრას და ის, „ისევე როგორც სახელმწიფო დეკლარირებულად, არის უკრაინის მხარეს და მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ტიპის კომუნიკაციის შესახებ, რომელიც რუსულ მხარესთან არსებობს ეკონომიკურ თემებთან დაკავშირებით, საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდოს სწორად, ღიად და გამჭვირვალედ:

„თუმცა, ჩვენს ხელისუფლებას კომუნიკაციის პრობლემა რომ აქვს, იქიდანაც ჩანს, რომ პრაქტიკულად ყველა ფინანსურ სანქციას, რომელიც რუსეთის ფედერაციას აზიანებდა, პირდაპირ თუ ირიბად მიერთებული აღმოვჩნდით; ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინას დავუჭირეთ მხარი, თუმცა იქამდე მივედით, რომ უკრაინელებს ჰგონიათ, რუსეთის მხარეს ვართ. ჯერ–ჯერობით კომუნიკაციის პრობლემა იკვეთება [ჩანაწერებთან დაკავშირებით] და კარგი იქნება, თუ ხელისუფლება ყველა კითხვას პასუხს გასცემს. ვიდრე დეტალები არ გვეცოდინება, რა მოხდა, რთულია საუბარი. ნებისმიერი შეფასება შესაძლოა, შეთქმულების თეორიაში გადაიზარდოს, რაც ნამდვილად არ იქნებოდა კარგი, გვეყოფა ისიც, რაც ვისმინეთ – საზოგადოება პრაქტიკულად ისედაც ნერვული აშლილობის ზღვარზეა და როდესაც ხდება გარიგებები, შეხვედრები რუსული მხარის წარმომადგენლებთან, (რომელშიც, წესით, არც არაფერი უნდა იყოს საიდუმლო, გარდა იმისა, რომ შესაძლოა, მორალურად სწორი არ იყოს), უნდა ვიცოდეთ და უნდა განმარტონ. ხოლო თუ თვლიან, რომ აუცილებლობა არ არსებობს, ისიც უნდა თქვან, რატომ აკეთებენ იმას, რისი აუცილებლობაც არ არსებობს. ამჟამად შეთქმულების თეორიებით ორმხრივი არასაჭირო ბრძოლა გვაქვს. თუკი ვინმეს ეხმარებიან საქართველოში სანქციების გვერდის ავლაში, ეს საქმე ბოლომდე უნდა იქნეს გამოძიებული, ხოლო თუ არაფერი მსგავსი არ ხდება, მაშ რაა დასამალი?“.

ქართველი მკვლევარი დარწმუნებულია, რომ სანქციებისთვის გვერდის ავლაში დახმარება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან შეუმჩნეველი არ დარჩება და მას ქვეყნისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება:

„ჩვენ არ ვსაუბრობთ ნემსის თივის ზვინის მეშვეობით გადატანაზე. ვსაუბრობთ სერიოზულ არამეგობრულ მოქმედებაზე უკრაინის მისამართით და საუბარია კომპლექსურ სანქციებზე. მათთვის თავის არიდებისთვის რამდენად გამოდგება საქართველო, ესეც ცალკე თემაა, მაგრამ მეორე – დახმარების დანახვა ასე მარტივი არ იქნება: არ უნდა გვეგონოს, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები ინფორმაციას მხოლოდ სამთავრობო შეხვედრებიდან იღებენ – ბევრი საშუალება აქვთ ინფორმაციის ფლობის და თუ საქართველოს ხელისუფლებაში ვინმე გაბედავს, რომ ქვეყანა ამ მიზნით გამოიყენოს, ამას რთული შედეგები მოჰყვება. შესაძლოა, ეს რაღაც ეტაპამდე არ გახმაურდეს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ არ ვართ ისრაელის ტიპის სახელმწიფო, რომელსაც ყველაფრის გასაიდუმლოება შეუძლია, არ ჰყავს ჰიპერძლიერი სპეცსამსახური, არც ისეთი დიდი ეკონომიკა გვაქვს, ამ მიმართულებით სერიოზული მოძრაობა ვინმეს შეუმჩნეველი დარჩეს“.

გობრონიძე განმარტავს, რომ პრაგმატულად საქართველოს არაფერში სჭირდება, დაეხმაროს სახელმწიფოს, რომელიც მისი მტერია და რომ საკითხი შემდეგნაირად დგას, ან ვართ ისტორიის სწორ მხარეს იმ თვალსაზრისით, რომ არ ვთანამშრომლობთ და არ ვუწყობთ ხელს აგრესორი სახელმწიფოს გაძლიერებას, ან მეორე – თითოეული თეთრი, რომელიც ჩვენგან შევა რუსეთის ეკონომიკაში, უნდა ვიცოდეთ, რომ იხარჯება იმ ყველაფერში, რაც მოხდა ბუჩაში, კიევის შემოგარენის სხვა ქალაქებში, მარიუპოლში და ამით ვიცხოვროთ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S