დარჩიაშვილმა და ალიევმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს

27-04-2022 13:11:21 კავკასია ,საგარეო პოლიტიკა

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

ოფიციალური რელიზის მიხედვით, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის მჭიდრო ტრადიციული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი პრეზიდენტ ალიევის პირად წვლილს ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორობისა და მეგობრობის გაღრმავებაში.

მხარეებმა აღნიშნეს რეგიონში სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა სფეროში საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელობა და ამ მხრივ დადებითი შეფასება მისცეს წარმატებით მიმდინარე ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებს.

როგორც რელიზში ვკითხულობთ, მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევების ფონზე ხაზი გაუსვეს მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს, ილია დარჩიაშვილმა პრეზიდენტ ალიევს გადასცა საქართველოს მთავრობის მეთაურის მოკითხვა და სურვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს უმასპინძლოს საქართველოში.

მოგვიანებით ილია დარჩიაშვილმა ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა:

„ჩემთვის პატივია, დავიწყო ჩემი ოფიციალური ვიზიტი მეგობარ აზერბაიჯანში და ვაფასებ, რომ მაქვს აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, მის აღმატებულება ილჰამ ალიევთან შეხვედრის შესაძლობლობა. ჩვენ ხაზი გავუსვით საქართველოს და აზერბაიჯანის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს. ჩვენი პარტნიორობა დღითიდღე ძლიერდება, ყურადღება მახვილდება მშვიდობაზე, სტაბილურობაზე და რეგიონულ განვითარებაზე“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები