Accentnews.ge
„საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ ეკონომიკა შოკებისგან დაცული იყოს“

„საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ ეკონომიკა შოკებისგან დაცული იყოს“

20/05/2019 07:57:04 ეკონომიკა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველი დირექტორის კრისტინ ლაგარდის განცხადებით, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ ეკონომიკა შოკებისგან დაცული იყოს.

ამის შესახებ ლაგარდმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში განაცხადა, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან ერთად უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს ხვდება. 

„მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამა საქართველოს ეკონომიკისა და მოქალაქეების საჭიროებებზეა მორგებული. ჩვენ მხარს ვუჭერთ მთავრობის რეფორმებს. საქართველოს მთავარი მიზანია, რომ ეკონომიკის განვითარებით ევროპას დაეწიოს. ამისთვის აუცილებელია მოქალაქეების პოტენციალის გამოყენება. ამ პროცესში უნდა ჩაერთოს ყველა როგორც თბილისში, ისე მთელ ქვეყანაში, მოხუციც და ახალგაზრდაც, მდიდარიც და ღარიბიც. რა შეუძლია საქართველოს გააკეთოს ეკონომიკის დასაცავად? ორი ათწლეულის განმავლობაში სიღარიბის დონე შემცირდა სამი მეოთხედით, სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა 6 პროცენტით და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი გასამმაგდა, მაგრამ ეს ყველაფერი არაა. სულ ახლახანს საქართველომ მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელი პოლიტიკა მიიღო ეკონომიკის დასაცავად. ფისკალური დეფიციტი კონტროლირებადია, ინფლაცია შემცირებულია, ბანკები კაპიტალიზებულია, ხოლო უმუშევრობის დონე ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ამიტომ, არავის გვიკვირს, რომ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი გაზრდილია. წელს ეკონომიკის ზრდა 4,6 პროცენტითაა ნავარაუდევი, ხოლო მომავალ წელს, ოდნავ მეტით. ეს საოცარი მიღწევებია. ეკონომიკის ზრდასთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია შემოქმედებითი მიდგომა. საქართველომ მუდამ უნდა იზრუნოს ამ კომპონენტის დამატებაზე, თუ სურს ინკლუზიური ზრდის მიღწევა“, – აღნიშნა კრისტინ ლაგარდმა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ლაგარდის ვიზიტი იმის დემონსტრირებაა, რომ „საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს იმ რეფორმებს და მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს“.

მისივე თქმით, ეს ვიზიტი დადებითად აისახება საინვესტიციო გარემოზე.

„მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე საქართველო ახორციელებს სამწლიან პროგრამას, რომელიც ფინანსურად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერაა მხარდაჭერილი. პროგრამა კიდევ ერთი წელი გაგრძელდება და საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. მნიშვნელივანია, რომ ეს ვიზიტი და ამასთან მიმდინარე პროგრამა, არის ძალიან მკაფიო სიგნალი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ საქართველო არის მიმზიდველი ქვეყანა ინვესტიციების განხორციელებისთვის“, -განაცხადა კობა გვენეტაძემ.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S