ომში დაღუპული ქართველი მებრძოლისთვის პატივის მისაგებად უკრაინის სამხედრო ატაშე სამეგრელოში ჩავიდა

30-04-2022 14:52:54 თავდაცვა

ომში დაღუპული ქართველი მებრძოლისთვის ალიკა ცაავასთვის პატივის მისაგებად უკრაინის სამხედრო ატაშე საქართველოში გენერალ-მაიორი სერგეი კრავჩუკი სამეგრელოში ჩავიდა.

"ორ თვეზე მეტია, რაც რუსეთის მხრიდან, უკრაინაში მიმდინარეობს ოკუპაციური ომი. ომის პირველივე დღიდან ქართველები მოხალისეობრივად წავიდნენ უკრაინაში, რათა დაეცვათ უკრაინის დამოუკიდებლობა. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ უკვე გვყავს ათი დაღუპული. დღეს მე თბილისში ჩამოვედი, რათა უკანასკნელ გზაზე გავაცილო ჩვენი გმირი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე დათმო უკრაინის დამოუკიდებლობისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. ჩვენ სულ ვგრძნობთ ჩვენი ძმების, ქართველი ხალხის მხარდაჭერას" – განაცხადა სერგეი კრავჩუკმა.

ცნობისთვის: ალიკა ცაავას ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია. აფხაზეთის ომისას მოკლეს მებრძოლის მამა ედემი ცაავა. მაშინ ალიკა 15 წლის იყო. აფხაზეთში დაიღუპნენ მისი ბაბუა და ბიძაც - მამა-შვილმა სოფელ აჩიგვარაში ალმოკიდებული სახლიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო.

ალიკა ცაავა იყო კომანდოს ბატალიონის წევრი. მონაწილეობდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, იგი უკრაინაში იბრძოდა 2014 წელსაც.

ალიკა ცაავა და მასთან ერთად კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ზაზა ბიწაძე 16 აპრილს ლუგანსკის ოლქში, ქალაქ რუბეჟნოესთან დაიღუპნენ იმ დროს, როდესაც ცდილობდნენ ცოტა ხნით ადრე დაღუპული არკადი კასრაძის ცხედრის გამოტანას. თანამებრძოლების თქმით, რუსმა სამხედროებმა ააფეთქეს ავტომობილი, რომელშიც ქართველი მებრძოლები ისხდნენ.

50 წლის ზაზა ბიწაძე რუსთავში დაკრძალეს, 50 წლის არკადი კასრაძე – ერგნეთში.

რუსეთის თავდასხმის შემდეგ 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში 10 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები