
ნარკოდანაშაულის ბრალდებით აზერბაიჯანის 2 მოქალაქე დააკევეს
02/05/2022 06:51:00 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სასაზღვრო სექტორ "ვახტანგისის" დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად აზერბაიჯანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე 1998 წელს დაბადებული უ. ტ. და 1989 წელს დაბადებული ე. მ. დააკავეს.
მათ ბრალად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და შემოტანა ედებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და მართლსაწინააღმდეგოდ შემოიტანეს 10 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების 15-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.