
"სააკაშვილი უზრუნველყოფილია დღეში სამჯერადი კვებით, მიეწოდება ყველა საჭირო მედიკამენტი, აქვს სუფთა ჰაერზე ყოფნისა და სეირნობის უფლება"
02/05/2022 09:16:28 პოლიტიკა, სამართალი
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განმარტა, თუ რას აკეთებს უწყება იმისთვის, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო არ დამძიმდეს.
როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, სააკაშვილს სათანადო მკურნალობა უტარდება და მისთვის ყველა საჭირო პირობაა შექმნილი, როგორც კვების, ასევე ვიზიტორების მონახულების მხრივ:
"მე ვისაუბრებ იმ ცილისმწამებლურ კამპანიაზე, პირდაპირ ვიტყვი, რომელიც მიზანმიმართულად ხორციელდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის, ასევე, იუსტიციის სამინისტროს მიმართ, და რომლის მიზანიც არის პირდაპირ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილის არ ეწევა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, რაც არის მტკნარი სიცრუე. გამომდინარე იქიდან, რომ მას ყოველთვის მიეწოდებოდა მკურნალობა, როგორც მე-12 დაწესებულებაში, ასევე, მე-18-ში, საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ იგი გადაყვანილი იყო გორის სამხედრო ჰოსპიტალში და სულ ახლახან, გაყვანილი იყო კვლევებზე სამედიცინო მულტი პროფილურ დაწესებულებაში ამის შესახებ პენიტენციურმა სამსახურმა უკვე გაავრცელა განცხადება. შესაბამისად, საუბარი იმაზე, თითქმის მას არ მიეწოდებოდა მკურნალობა, სრულიად კონტექსტიდან ამოგლეჯილია. მეორე, ასევე საუბარი იყო იმის შესახებაც, თითქოს მსჯავრდებული სააკაშვილი პენიტენციურმა სამსახურმა კვების გარეშე დატოვა, რაც ასევე ტყუილია. ხაზგასმით უნდა ითქვა ისიც, რომ იგი უზრუნველყოფილია დღეში სამჯერადი კვებით. ასევე, მას აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს ციხის მაღაზიაში არსებული ფართო ასორტიმენტიდან ნებისმიერის სახის პროდუქტი. მას ასევე აქვს უფლება, მიიღოს ამანათები და ის ამას რეგულარული სახით ღებულობს. შესაბამისად, საუბარი იმაზე, თითქოს ის მშიერი რჩება, მიზანმიმართული ტყუილია და მიზანმიმართული კამპანია პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ. ასევე, მინდა საზოგადოებისთვის კარგად იყოს ცნობილი, რომ მას ამ პერიოდში ჰყავდა დაახლოებით 800-მდე ვიზიტორი, რაც იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ჩვენ არავის ვემალებით, არავის ვუმალავთ მის მდგომარეობას".
მინისტრის თქმით, სააკაშვილი საკუთარი სურვილით არ იყენებს სუფთა ჰაერზე სეირნობის უფლებას, ასევე მიეწოდება სრულად მედიკამენტები, მაგრამ შერჩევით არ იღებს გარკევულ ჩამონათვალს.
„მას სრულად მიწოდება ყველა ის მედიკამენტი, რომელსაც საჭიროებს, თუმცა, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი შერჩევით არ იღებს მედიკამენტების გარკვეულ ჩამონათვალს, თუმცა მისთვის სრულად ხელმისაწვდომია იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ყველა ის მედიკამენტი, რომელსაც საჭიროებს”, - განაცხადა ბრეგაძემ.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას, რატი ბრეგაძის თქმით, ამ დასკვნასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული კითხვები და სახალხო დამცველის აპარატს დეტალების დაზუსტების მიზნით მიმართეს.