
კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დელეგაცია საქმიანი ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდა
12/04/2022 16:34:20 თავდაცვა, რეკლამა
კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დელეგაცია საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა პოლონეთში, ქალაქ პოზნანში.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთკვირიანი საქმიანი ვიზიტის ფარგლებში ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი, ლიცეუმის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ანა კობახიძე და ლიცეუმის სასწავლო კურსის სერჟანტი, მასტერ სერჟანტი იმედა ბექაური პარტნიორ მხარესთან ერთად სამომავლო თანამშრომლობის გეგმები შეიმუშავეს. მონაწილეობდნენ საგანმანათლებლო კონფერენციებში, გამოფენებსა და სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებში.
"ლიცეუმის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ პოლონეთის ქ.პოზნანის სავაჭრო სკოლა კომპლექსის საგანმანათლებლო სისტემას, განხილულ იქნა ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ერთობლივი სასწავლო-შემეცნებითი და გაცვლითი პროგრამების განხორციელებას. საბოლოოდ, ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი და მასპინძელი სასწავლებლის დირექტორი ბატონი ანდრეი კაჩმარეკი შეთანხმდნენ, რომ პირველ ეტაპზე სასწავლებლებს შორის განხორციელდება გაცვლითი პროგრამები. მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, სასწავლო წლის დასრულების შემდეგ კადეტთა სამხედრო ლიცეუმი უმასპინძლებს პოლონეთის ქ.პოზნანის სავაჭრო სკოლა კომპლექსის მსმენელებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ლიცეუმის სამხედრო-საველე სწავლებებში. მომავალ სასწავლო წელს კი ლიცეუმის კადეტებს ექნებათ შესაძლებლობა ეწვიონ პარტნიორ სასწავლებელს და მონაწილეობა მიიღონ შემეცნებით, საინტერესო და მრავალფეროვან სწავლებებში.
ვიზიტი კადეტთა სამხედრო ლიცეუმსა და პოლონეთის, ქალაქ პოზნანის სავაჭრო სკოლა კომპლექსს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე დაიგეგმა. მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი სწავლებების ჩატარების, კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებისა და კადეტთა გაცვლითი პროგრამების განხორციელებას", – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში".