სომხეთის პარლამენტი და საგარეო საქმეთა სამინისტრო ალყაშია

04-05-2022 21:23:45 კავკასია

ერევანში 10 000-მდე მომიტინგემ პრემიერ ფაშინიანისა და მისი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით პარლამენტისა და საგარეო უწყების შენობები ალყაში მოაქცია.

თავიდან აქციის მონაწილეებმა ქალაქში პარლამენტისკენ მსვლელობა გამართეს. ამ პროცესში ადგილი ჰქონდა რამდენიმე დაპირისპირებას პოლიციასთან, თუმცა მომიტინგეებმა მოახერხეს, საკანონმდებლო ორგანო ალყაში მოექციათ.

მოგვიანებით მომიტინგეთა ნაწილი საგარეო საქმეთა სამინისტროსკენ დაიძრა და ეს შენობაც ალყაში მოაქცია. ერთ-ერთმა მომიტინგემ შენობაში შეღწევა და ყარაბაღის დროშის გადმოფენაც შეძლო. შემდგომში დროშა პოლიციელებმა ჩამოხსნეს და რამდენიმე ადამიანიც დააკავეს, თუმცა მიტინგი არ დაშლილა.

სომხური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი იშხან საღათელიანი მოქალაქეებს ღამით მოედანზე დარჩენისა და საგარეო უწყების შენობის "კარის შემტვრევისკენ" მოუწოდებს. "ეშმაკამდე გზა ჰქონია ყველა მინისტრს, რომელიც ყარაბაღელი სომხების უფლებებს არ იცავს" - აღნიშნა მან.

ფაშინიანის წინააღმდეგ მასობრივი პროტესტი 25 აპრილს დაიწყო. ოპოზიცია პრემიერ-მინისტრსა და მის მთავრობას ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტის აღიარების შესახებ შეთანხმების გაფორმების განზრახვაში ადანაშაულებს.

ნიკოლ ფაშინიანი ხელისუფლებაში 2018 წელს, წინა ხელისფულების მიმართ საპროტესტო ტალღის ფონზე მოვიდა. 2021 წელს იგი ვადამდელ არჩევნებზე გადაირჩიეს. ამასთან, პრემიერად მისი ყოფნის პერიოდში სომხეთი მთიანი ყარაბაღის სადავო ტერიტორიებისთვის აზერბაიჯანთან ომში დამარცხდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები