"კადიროველების" რეალური მისია ბრძოლის ველიდან გაქცევის მცდელობების აღკვეთა, მძიმედ დაჭრილთა დახვრეტა, გვამების განადგურება და ნაქურდალის მისაკუთრებაა"

05-05-2022 10:33:04 კავკასია

უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის პირველ ფაზაში "კადიროველები" კიევის ოლქის დაბა ბოროდიანკას ჰოსპიტალში მიყვანილ მძიმედ დაჭრილ რუს სამხედროებს ადგილზე ხვრეტდნენ და გვამებს საწყის ეტაპზე უბრალოდ ყრიდნენ, ხოლო მოგვიანებით - მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსული არმიის სავარაუდო სამხედრო დანაშაულების მტკიცებულებების აქტიური შეგროვება დაიწყო, სპეციალურ მობილურ კრემატორიუმებში წვავდნენ, - აცხადებს ბოროდიანკას სიახლოვეს მდებარე, უკრაინული არმიის მიერ დროებითი რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებული ქალაქ ირპენის საქალაქო საბჭოს დეპუტატი არტიომ გურინი.

მანამდე უკრაინის უშიშროების სამსახურმა ოჯახის წევრებთან სავარაუდო "კადიროველების" სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერები გაავრცელა. "როსგვარდიელები" ყვებიან, რომ მათი ძირითადო ამოცანა "ბრძოლის ველიდან გაქცევის ან უკან დახევის მსურველი სამხედროების შეკავებაა".

ამ მისიის შემსრულებელ რაზმებს რუსულ ჯარში "заградотряд"-ებს უწოდებენ და ეს პრაქტიკა ადრეც არაერთგზის გამოუყენებიათ.

ინფორმაციას უკრაინის ომში "კადიროველთა" "заградотряд"-ებად გამოყენების შესახებ ადასტურებს უკრაინის მხარეს მებრძოლ ჩეჩენ მოხალისეთა დაჯგუფების - ჯოჰარ დუდაევის სახელობის ბატალიონის მეთაური ადამ ოსმაევიც.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, "კადიროველთა" სწორედ ეს საქმიანობა იქცა ამასწინათ მათსა და ბაშკირეთიდან გადასროლილ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების მიზეზად. კერძოდ, ბაშკირებმა უკმაყოფილება გამოხატეს იმის გამო, რომ "კადიროველები" საერთოდ არ იბრძვიან, მხოლოდ ვიდეოებს იღებენ "ტიკ-ტოკისთვის" უკრაინის ერთსა და იმავე ქალაქში, მერე კი ქსელში ავრცელებენ, ვითომდა ხან აქ იყვნენ ბრძოლაში, ხან - იქ, სამაგიეროდ რეალურად მებრძოლებს ძაღლებივით ექცევიან, დაჭრილებს კლავენ, მათ გვამებს ანადგურებენ, სხვებს მაროდიორობას აიძულებენ და მერე ამ ნაქურდალს ისაკუთრებენ".

სწორედ უკრაინის ომის მსვლელობისას დაიმკვიდრეს "კადიროველებმა" "ტიკ-ტოკ-მებრძოლების" სამარცხვინო სახელი. თუმცა იმას, რომ "როსგვარდიელები" რეალურად არ იბრძვიან, ახსნა აქვს: რუსული გვარდია ხომ შიდა დავალებების შესასრულებლად, კერძოდ, მიტინგების დასაშლელად იწვრთნებოდა და არა ომში მონაწილეობისთვის - და ბრძოლა უბრალოდ არ იცის.

მიუხედავად ამისა, ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულ ლიდერ რამზან კადიროვს, რომლის მიერ "კადიროველებთან" ვითომდა უკრაინის "ცხელ წერტილებში" გადაღებული რამდენიმე ვიდეოს სიყალბე უკვე დადასტურდა, ამ ომის მსვლელობისას გენერლის წოდება მიენიჭა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები