
რას ფიქრობენ მმართველ გუნდში პრეზიდენტის შესაძლო იმპიჩმენტზე
23/09/2019 16:15:38 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებებს „ქართულ ოცნებაში“ არ იწოდებენ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს ნაადრევად მიიჩნევენ. აღნიშნულის მთავარი არგუმენტი კი შეწყალების სკანდალთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაა, რომელიც სულ რაღაც სამიოდ დღის წინ დაიწყო. თავად იმპიჩმენტის პროცედურა საკმაოდ ხანგრძლივი და რთულია: 50-მა დეპუტატმა ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიართოს საკითხის განსახილველად, ხოლო თუ კონსტიტუციის დარღვევა დადგინდება, დოკუმენტი პარლამენტს წარედგინება და სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გაშვებისთვის 100 კანონმდებლის ხმა გახდება საჭირო. პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება.

„იმპიჩმენტზე საუბარი ამ ეტაპზე ზედმეტია. ჯერ უნდა მოვისმონით განმარტებები, თუ როგორ მხდა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული ადამიანის, ნარკომოვაჭრეების და სხვა მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულების შეწყალება. პროკურატურამ დაიწყო გამოძიება. ერთი წამითაც არ ვფიქრობ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა უკან დაიხევს, თუ სისხლის სამართლის დანაშულის ნიშნებს ნახავს. ის, რომ ქალბატონი სალომე „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატია, არ ვფიქრობ, რომ ეს პროკურატურისთვის შემაკავებელი ფაქტორი იქება. „ქართული ოცნება“ ამ საკითხებს უყურებს ობიექტურად“,- ამბობს დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი.
ანალოგიური პოზიცია აქვს მმართველი გუნდის წევრს, დეპუტატ ნუკრი ქანთარიას:
„ამ ეტაპზე მე ამას ვერც და არც განვიხილავ. რამდენადაც ცნობილია, პროკურატურამ აიღო ეს საქმე გამოსაძიებლად და ვნახოთ, რა დასკვნებს გამოიტანს პროკურატურა, და ალბათ, ამის შემდეგ შეიძლება ამ საკითხზე ფიქრი. დარწმუნებული ვარ, თავად ქალბატონი სალომე ამ ყველაფერს ნანობს. ვერაფრით დავიჯერებ, რომ ის შეგნებულად მოიქცა ასე: ვიზიტიდან ვიზიტამდე ალბათ ნაკლები ყურადღება მიაქცია ამას და ეს არის საბოლოო შედეგი, რასაც ახლა ვიმკით. ვინ შეაცურა ეს ამბავი, ვინ იყო მოწადინებული, ვინ „გაულამაზა“ ესენი, რომ არ წაუკითხავს, ფაქტია. რომ ჩაძიებოდა, ალბათ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა“.
გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ იმპიმენტი ქვეყნისთვის დიდი სტრესი იქნება და საზოგადოება ამ სტრესს უნდა აარიდონ:
„ამ საკითხზე ლაპარაკი ჯერ არ შემდგარა. ვფიქრობ, ქვეყნისთვის სერიოზული სტრესი იქნება აქამდე თუ მივიდა საქმე. აქედან გამომდინარე, საზოგადოება ამ სტრესს უნდა ავარიდოთ, თუმცა სურათი ძალიან მძიმეა. გუნდში საკმაოდ პრინციპულად ნეგატიური შეფასებები კეთდება, ვფიქრობ, საკმაოდ მკაცრიც, ეს ჩვენი განწყობაა პარტიაშიც და უმრავლესობაშიც. როდესაც შემდგომ გადაწყვეტილების საკითხამდე თემა უნდა მივიდეს, აქ უკვე ბევრი სხვადასხვა ფაქტორი შემოდის, არა მხოლოდ ის, რომ ჩემი მეგობრის შვილის მკვლელი არის გარეთ (ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლო გადაწყვეტილებაა მიღებული), არის კიდევ სხვა გლობალური თემები, რომელიც ეხება ქვეყანას, მის სტაბილურობას, უსაფრთხოებას“.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის მიერ მარიამობის დღესასწაულისთვის შეწყალებულ პირთა შორის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირი აღმოჩნდა, შემდეგ კი იუსტიციის მინისტრისგან გახდა ცნობილი, შეწყალებულია ძებნილი პირი და ასევე ყაჩაღობისთვის, ქურდობისთვის და ნარკოტიკული დანაშაულისთვის დაკავებულები, მათ შორის ნარკორეალიზატორები. თეა წულუკიანისვე თქმით, პრეზიდენტს კონსულტაციები იუსტიციისა და შს სამინისტროებთან არ გაუვლია. გასულ კვირას ფაქტზე „ევროპული საქართველოს მიმართვის საფუძველზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო.
გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას 19 სექტემბერს "ევროპულმა საქართველომ" მიმართა.
„საქართველოს საადვოკატო წრეებთან დაახლოებული პირისგან, წყაროს გაუთქმელობის პირობით მივიღე ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობისას თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ამა თუ იმ პირის შეწყალებას, დაინტერესებული ადამიანები უკავშირდებიან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას და მასთან გადიან ფინანსურ საკითხებს, თუ რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი იყოს შეწყალებული. ჩემ წყაროს არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, არის თუ არა ამ კორუფციულ სქემაში ჩართული უშუალოდ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, თუმცა ვარაუდობს, რომ მისი გვერდის ავლით ასეთი საკითხების მოგვარება არის შეუძლებელი. აღნიშნული წარმოადგენს ინფორმაციას შესაძლო დანაშაულების შესახებ, კერძოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (სსკ მუხლი 332) ქრთამის აღება (სსკ მუხლი 338), ქრთამის მიცემა (სსკ მუხლი 339), ზეგავლენით ვაჭრობა (სსკ მუხლი 3391), სამსახურებრივი გულგრილობა (სსკ მუხლი 342)” - ნათქვამია ნადირაშვილის მიერ პროკურატურაში შეტანილ განცხადებაში.
თავად გაბუნია ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და თითს სხვისკენ იშვერს.