რატომ დამარცხდა კრემლის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი

09-05-2022 17:28:16 კონფლიქტები ,ინტერვიუ

ცხინვალის რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. არჩევნები, რომელსაც ცივილიზებული სამყარო არ აღიარებს, „ნიხასის“ თავმჯდომარის ალან გაგლოევის გამარჯვებით და კრემლის მიერ მხარდაჭერილი ანატოლი ბიბილოვის მიერ მარცხის მყისიერი აღიარებით დასრულდა.

ცხინვალში დაბადებულმა 41 წლის ალან გაგლოევმა, რომელსაც „უშიშროების კომიტეტში“ მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს, ბიბილოვი დიდი უპირატესობით დაამარცხა, მათ შორის, ოკუპირებულ ახალგორის რაიონში, რომლის მცხოვრებთაც, ე.წ. საარჩევნო კამპანიის დროს ჰპირდებოდა ბიბილოვის მიერ დანარჩენ საქართველოსთან 2019 წელს დაკეტილი ე.წ. საზღვრის გახსნას. თავად ბიბილოვი აქცენტს აკეთებდა რუსეთის შემადგენლობაში "სამხრეთ ოსეთის" შესასვლელად რეფერენდუმის ჩატარებაზე, რომელიც, როგორც შედეგებმა აჩვენა, გადამწყვეტი ფაქტორი არ აღმოჩნდა ადგილობრივი მკვიდრებისთვის პოლიტიკური არჩევანის გაკეთებისას. ამასთან, ბიბილოვის დე ფაქტო ხელისუფლებამ უკრაინაში საომრად გაგზავნა ადგილობრივი სამხედროები, რასაც ადგილობრივთა მხრიდან უკმაყოფილება მოყვა. მაგრამ მაინც რამ განაპირობა ბიბილოვის მარცხი? როგორი იყო კრემლის როლი „არჩევნებში და შეცვლის თუ არა რამეს ბიბილოვის ჩანაცვლება მათ შორის ახალგორელებისთვის?

თემის კომენტირებისას კონფლიქტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი "აქცენტთან" ამბობს, რომ ადგილობრივმა საზოგადოებამ ხმა არა მათთვის უცნობ გაგლოევს, არამედ ბიბილოვის წინააღმდეგ მისცა, კრემლმა კი საზოგადოებრივი ნების გამოხატვა კონკრეტული მოტივებით დაუშვა:

„ხალხისთვის მკაფიოდ მიუღებელი იყო ბიბილოვი, რადგან მას ჰქონდა თავხედური, ძალოვანებზე დაფუძნებული პოლიტიკა, ანგარიშს არ უწევდა საზოგადოებრივ აზრს, ციხეებში იყო პატიმრების წამება, რასაც საზოგადოებაში აღშფოთება და პროტესტი მოჰყვა, თუმცა ამას ბიბილოვი უგულებელყოფდა. ის გრძნობდა რა საზოგადოების მიუღებლობას, ჩათვალა, რომ თუ პოპულარულ ადამიანებს ჩამოაშორებდა საარჩევნო პროცესს, გამარჯვებას თავად შეძლებდა. სწორედ ამიტომ ჩახსნეს რეგისტრაციის დროს ისეთი პოპულარული ფიგურა, როგორიც არის დავით სანაკოევი (ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერი), თავდაცვის ექს–მინისტრი და დატოვა მისი აზრით, შედარებით უმნიშვნელო ფიგურები. მიუხედავად ამისა, იმდენად მიუღებელი იყო ბიბილოვის ფაქტორი, საზოგადოებამ პირველივე ტურში ხმა მისცა უცნობ კანდიდატს.

საინტერესოა, რომ პირველ ტურში რუსეთი ბიბილოვს ცალსახად უჭერდა მხარს, მაგრამ პირველი ტურის შემდეგების შემდეგ რუსეთი დადუმდა. აშკარად ჩანდა, რომ უკრაინის ომის ფონზე, დამატებითი მღელვარება მათ ინტერესში არ შედიოდა. რუსეთმა დაუშვა, საზოგადოებას საკუთარი ნება გამოეხატა, რადგან ეს მისთვის არაფერს ცვლის. მათთვის მნიშვნელოვანია, არ იყოს ანტირუსული განწყობები და კარგად იცის, რომ ყველა კანდიდატი, რომელიც საბოლოო ჯამში ბიულეტენზე მოხვდება, პრორუსია. გაგლოევი უშიშროების სამსახურის ოფიცერი იყო და იციან, ვინც არის. იციან, რომ მასში არანაირი პროქართული ელემენტები არ მოიძებნება. ამიტომ, თავიდანვე დაუშვეს მისი შესაძლო გამარჯვება და გაიმარჯვა კიდეც“.

შეასრულებს გაგლოევი ახალგორელებისთვის მიცემულ პირობას?

პაატა ზაქარეიშვილი: გამოჩდება, ეს ადგილობრივ დონეზე მიღებული გადაწყვეტილება იყო, თუ რუსეთისგან ნაკარნახევი. ჰიპოთეზურად, რუსეთის ინტერესებში უნდა იყოს რეგიონის ჩაკეტვა, დანარჩენი საქართველოსგან მოწყვეტა, რადგან ოსები კიდევ უფრო მეტად ინტეგრირებულნი არიან დანარჩენ საქართველოსთან, ვიდრე აფხაზები: ჰყავთ ნათესავები, მეზობლები, ზოგადად, სიმპათიები აქვთ ოსებს საქართველოს მიმართ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩაკეტვა რუსების ინტერესებში უფრო მეტად უნდა იყოს. ვფიქრობ, თუ გაგლოევი გადასასვლელებს გახსნის, ესეც რუსების ინტერესებში იქნება და საქართველოსთან ურთიერთობების „დალაგების“ კონტექსტში უნდა მოხდეს. აშკარაა, რომ რუსეთის ხელისუფლებას, პრინციპში, მოსწონს „ქართული ოცნება“. ამიტომ, შესაძლოა, რაღაც ნაბიჯი გადაიდგას ამ მიმართულებით, შემდეგ კი „ქართული ოცნება“ „ქულებს“ ჩაიწერს.

– კონტექსტი გავითვალისწინოთ: სანქციების ფონზე რუსეთშიც ელიან პრობლემებს; დე ფაქტო ხელისუფლებებს იმთავითვე დაუანონსეს, დოტაციები შემცირდებაო და მით უფრო, თუ მმართველ გუნდთან მეტ–ნაკლებად „დალაგებულია“ ურთიერთობები, ამ გადასასვლელების გახსნა რატომ არის ასეთი პრობლემატური, რომ ადამიანებმა შეძლონ პროდუქტის, მედიკამენტების შეტანა, სამედიცინო სერვისების მიღება? დანარჩენი საქართველო არც იმდენად თვალისმომჭრელადაა განვითარებული (არსებითი პრობლემები გვაქვს), რომ ამან გარდამტეხი გავლენა მოახდინოს ცხინვალის რიგით მკვიდრზე...

– მათ ყურადღება მთლიანად ფოკუსირებული აქვთ წნელისთან პოლიციური საგუშაგოს გახსნაზე...

– დიახ, ამაზე ბიბილოვი აქცენტირებდა და შეუძლიათ, ბიბილოვისვე პერსონალურ გადაწყვეტილებას მიაწერონ...

– თუ მათთვის ღირებულია ამ გადასასვლელის გახსნა, რაც მოსახლეობას მიმოსვლის, ცხინვალში იაფიანი პროდუქტების (ზამთარში ძალიან გაძვირდა ყველაფერი) შეტანის შესაძლებლობას მისცემს, დიახ, ახლა ამისთვის კარგი პერიოდია – შეუძლიათ, ყველაფერი ბიბილოვს დააბრალონ და ქართულ მხარესაც „შეარჩინონ“ წნელისთან საგუშაგოს გახსნა, რადგან ამ საგუშაგოს აღება გამორიცხულია. მეორეს მხრივ, მათ ეშინიათ ინტეგრაციის პროცესის. დანარჩენ საქართველოში ქართველების გარდა ოსებიც გადმოდიან და რიგ სიკეთეებს ხედავენ. ხოლო რუსეთს, მით უფრო, ამჟამინდელი წნეხის [საერთაშორისო] ფონზე, არ აწყობს საქართველოს მიმართ სიმპათიის ზრდა. აქ კიდევ ერთი მომენტია – რამდენად ვართ მზად, რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის გზად ვიქცეთ. თუ გადასასვლელები [ოკუპირებულ ცხინვალთან დამაკავშირებელი] სწრაფად გაიხსნა, აქ ჩადებული იქნება რუსული ინტერესები და შემდეგ ყველანი უნდა დავაკვირდეთ, რა სახის პროდუქცია დაიწყებს მოძრაობას ამ მიმართულებით. არ მგონია, რუსეთის მოთხოვნები აქედან წასულმა ტვირთებმა სრულად დააკმაყოფილოს, სხვა შემთხვევაში კილომეტრებზე გადაჭიმული რიგები დადგება, რაც შეუმჩნეველი ვერ დარჩება.

ჩატარდება „რეფერენდუმი“?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბიბილოვის ერთ–ერთი წინასაარჩევნო დაპირება ოკუპირებული რეგიონის რუსეთთან მიერთების თაობაზე „რეფერენდუმის“ ჩატარება იყო, რაც პროცესზე დამკვირვებლების მხრიდან უფრო საარჩევნო მანიპულაციად იქნა აღქმული, ვიდრე კრემლთან შეთახებულ საკითხად. მათი ხედვით, არ შედიოდა რა ამ ეტაპზე კრემლის ინტერესებში, საქართველო ანექსიით ეიძულებინა, დაერღვია დუმილის რეჟიმი.

მიუხედავად იმისა, რომ ბიბილოვმა 9 მაისსაც გაიმეორა, „რეფერენდუმი აუცილებლად ჩატარდებაო“ და საკითხის მიმართ მიუღებლობა არც გაგლოევს დაუფიქსირებია, კონფლიქტოლოგი საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით, მსგავსი დანაპირების რეალიზაციას სადღეისოდ არ ელის:

„ქართულ საზოგადოებაში შეიქმნა განცდა, თითქოს ბიბილოვმა იმიტომ წააგო, რომ რუსეთთან შეერთება უნდოდა. ეს ორი საკითხი ერთმანეთთან კავშირში არაა. რეგიონის მოსახლეობის დიდ ნაწილს ნამდვილად უნდა რუსეთთან შეერთება, მაგრამ კარგად იციან, რომ ეს არა კონკრეტულ კანდიდატზე, არამედ რუსეთზეა დამოკიდებული. მე მაქვს კონტაქტი ადგილობრივებთან და ისინიც მეუბნებიან, „საზოგადოებაში განცდა დადებითია [რუსეთთან შეერთების მიმართ], მაგრამ ყველას ესმის, რომ დღეს საქართველოსთან დაპირისპირება რუსეთის ინტერესებში არაა, რადგან მოსკოვში თბილისის დუმილი უფრო უღირთ, ვიდრე ანექსიის შედეგად დანარჩენი საქართველოს დაკარგვაო“ – ასეთია განცდა. „რეფერენდუმი“ შესაძლოა, შედგეს, მაგრამ შედეგების რეალიზაციას არ ველი – მას სავაჭროდ დაიტოვებს რუსეთი“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები