აზერბაიჯანში ჟურნალისტ აიტენ მამედოვას თავს დანით დაესხნენ

10-05-2022 00:42:46 კავკასია

აზერბაიჯანში ჟურნალისტ აიტენ მამედოვას სახლის სადარბაზოში თავს დაესხნენ.

როგორც ჟურნალსტი ყვება, მას ლიფტში შესვლისას თავს დანით უცნობი შუახნის მამაკაცი დაესხა.

"დანა ყელზე დამადო“, - ამბობს მამედოვა.

ჟურნალისტის თქმით, მამაკაცმა მას უთხრა: „შენ ვერ დაჭკვიანდი “. შემდეგ კი ქალიშვილით დაემუქრა და შეურაცხყოფა მიაყენა. როდესაც ლიფტი მამედოვას სართულზე ავიდა, უცნობმა ის გაუშვა და უკან დაბრუნდა.

კაცმა ჟურნალისტს „ურჩია“, რომ არ დაწეროს საქმეზე, რომელიც არ დაუკონკრეტებია.

მამედოვა ამბობს, რომ ქმარმა თავდამსხმელზე გადევნება სცადა, მაგრამ მან გაქცევა მოახერხა.

ჟურნალისტს დაზიანება ყელის არეში აქვს მიყენებული.

ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ თავდასხმა 2019 წლის ბოლოს არასრულწლოვან ნარმინ გულიევას გატაცებისა და მკვლელობის საქმეს უკავშირდება. ცხედარი მოზარდის გაუჩინარებიდან ორი თვის შემდეგ იპოვეს.

მამედოვა ერთ-ერთი ჟურნალისტია, რომელიც აქტიურად აშუქებს ამ საქმეზე ბრალდებულის – ილკინ სულეიმანოვის სასამართლო პროცესს.ბრალდებულის თქმით, ის მრავალდღიანი წამების შედეგად გახდა იძულებული, ეღიარებინა ბრალდება. დაცვის მხარე აცხადებს, რომ სასამართლოში დაკითხულ მოწმეებს ინსტრუქტაჟი ჰქონდათ გავლილი, ხოლო საქმე გაყალბდა.

მამედოვა ამბობს, რომ „არსებობენ ძალები, რომლებსაც არ სურთ სიმართლის დადგენა“.

მისი თქმით, ჟურნალისტური საქმიანობის პერიოდში მას არასოდეს ჰქონია პრობლემები და რომ ეს მისთვის პირველი მსგავსი შემთხვევაა.

შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ პოლიციამ თავდასხმასთან დაკავშირებით ჟურნალისტისგან განცხადება უკვე მიიღო და გამოძიება დაიწყო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები