Accentnews.ge
ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა გადაიდო

ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა გადაიდო

10/05/2022 08:32:19 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა გადაიდო. გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც გაარკვია, რომ ჰქონდა ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სახელით დაწერილი 3 და 10 მაისით დათარიღებული განცხადებები, რომლებიც ერთმანეთის გამომრიცხავად მიიჩნია.

პროცესის გადადების გამო ვერ მოუსმინეს ცენტრ "ემპათიის" ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენელსაც, რომელსაც უნდა აეხსნა მოსამართლისთვის, რატომ ითხოვდნენ ციხეში შესვლისა და სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარების უფლების მიცემას.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მოსამართლეს ბრალდებულის 3 მაისის წერილი წარუდგინეს, რომელშიც პატიმარი ითხოვდა სასამართლო პროცესი მისი დასწრების გარეშე, მხოლოდ შუამდგომლობების განხილვის ნაწილში გაგრძელებულიყო. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ადვოკატებს უთხრა, რომ მას ჰქონდა 10 მაისით დათარიღებული განცხადებაც, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილი თანახმა იყო მისი სასამართლო პროცესი ჩატარებულიყო მისი მონაწილეობის გარეშე.

მოსამართლის შეთავაზება იყო გაგრძელებულიყო პროცესი და გამოეკვლიათ მტკიცებულებები, თუმცა ადვოკატები ითხოვდნენ, რომ განხილულიყო მხოლოდ შუამდგომლობები, რომელთაგან ერთ-ერთი იყო, ციხეში დაეშვათ დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად.

მოსამართლემ სხდომაზე განმარტა, რომ ამ საკითხზე მას შემდეგ იმსჯელებდა, რაც მოისმენდა ექსპერტთა ჯგუფის რომელიმე წარმომადგენლის პოზიციას.

"ექსპერტიზის ჩატარება და მტკიცებულებების მოპოვება მხარეების კომპეტენციაა, მათ შორის თუ რომელიმე მხარე თვლის, რომ სამედიცინო ექსპერტიზაა ჩასატარებელი, მას ამის შესაძლებლობა უნდა მიეცეს, მაგრამ აქ რამდენიმე საკითხია გასარკვევი. სამედიცინო ექსპერტიზა ტარდება როგორც პირის გამოკვლევით, ისე სამედიცინო დოკუმენტების შესწავლით - ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, სამედიცინო დოკუმენტებზე წვდომის შესაძლებლობა მხარეს გაქვთ, თუ ამ სამედიცინო დოკუმენტების საფუძველზე არ არის შესაძლებელი სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, მაშინ სასურველია მოვისმინოთ განმარტება... ჩვენ ვერ დავავალებთ ექსპერტს, რომ მაინცდამაინც სამედიცინო დოკუმენტებზე დაყრდნობით ჩაატაროს ექსპერტიზა, თუმცა განმარტების მოსმენა საინტერესოა, რატომ ითხოვს ის პირის პირადად გამოკვლევას", - განაცხადა მოსამართლემ.

იმის გამო, რომ ბადრი კოჭლამაზაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ორი განცხადება ერთმანეთის გამომრიცხავად მიიჩნია და სასამართლო პროცესი გადადო, ვერ გამოჰკითხეს ვერც დამოუკიდებელი ექსპერტთა ჯგუფის რომელიმე წევრი. შესაბამისად, ამ საკითხის განხილვა მომდევნო სასამართლო სხდომამდე გადაიდო.

ე.წ. პიჯაკების საქმეზე, რომლითაც პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტს სახელმწიფო ფინანსების გაფლანგვას ედავება, სასამართლო პროცესი 24 მაისს გაგრძელდება. სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებაშია კიდევ ორი საქმე: 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლისა და საქართველოში საზღვრის უკანონო კვეთის საქმები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S