მმართველი გუნდი ივანიშვილის ფინანსების სადარაჯოზე: ახლოვდება სანქციები?

11-05-2022 17:19:45 პოლიტიკა ,ანალიზი

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ფინანსების საკითხი ქართულ სინამდვილეში ახალი აქცენტით დაბრუნდა. ჯერ კიდევ 6 მაისს ივანიშვილის დაქირავებულმა PR კომპანია Cision-მა განცხადება გაავრცელა, რომლითაც იუწყებოდა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთ სასამართლო დავას იწყებდა შვეიცარიული ბანკის - Credit Suisse-ის წინააღმდეგ, შეფერხდა რა ამ შვეიცარიული ბანკის დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ოპერაციები და ივანიშვილმა ფინანსური ზიანი მიიღო.

როგორც PR კომპანია აცხადებდა, 4 მარტს მოთხოვნილ გადარიცხვასთან დაკავშირებით თანხმობა ერთი თვის თავზე, 4 აპრილს გაიცა, ოფიციალურ დასაბუთებაში კი მიზეზად "გეოპოლიტიკური გარემო აღმოსავლეთ ევროპაში" იყო მითითებული.

"ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, აქვს ორმაგი მოქალაქეობა მხოლოდ საფრანგეთთან და საქართველოსთან, არ არის და არ შეიძლება იყოს დაკავშირებული სანქცირებული ორგანიზაციებისა და პირების სიასთან", - ეწერა Cision-ის განცხადებაში.დაანონსდა, რომ ივანიშვილი საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავს.

იხილეთ ასევე: პრობლემები ბრიტანეთში, აშშ–ში, გერმანიაში

ინფორმაციისთვის: ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-თან ერთი სასამართლო დავა უკვე მოგებული აქვს და ბანკს 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს. დავა 2011 წელს დაიწყო, როცა ის კერძო საბანკო მომსახურების სფეროში იყო მისი კლიენტი. ამ პერიოდში გავრცელდა საქმის დეტალები, რომლის მიხედვით, ბანკის თანამშრომელი პატრის ლესკოდრონი ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავალობაში იპარავდა ფულს შვეიცარიული ბანკის ყველაზე კონფიდენციალური ანგარიშებიდან, რომელთა შორის იყო ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის ვიტალი მალკინის ანგარიშები. შვეიცარიის მარეგულირებელი ფირმის Finma-ს თებერვალში გავრცელებული ანგარიშის მიხედვით, Credit Suisse-მა არ მიიღო ზომები არაერთი გაფრთხილების და ასეულობით საეჭვო გარიგების შესახებ მტკიცებულების და ოთხი ოფიციალური დისციპლინარული განხილვის შემდეგ.

თუმცა თემა ქართულ საზოგადოებაში განსაკუთრებით აქტუალური ბოლო ორი დღის განმავლობაში გახდა, როდესაც მმართველმა გუნდმა ივანიშვილის ფინანსები სახელმწიფო ინტერესებს გაუთანაბრა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ამავე პარტიის დამფუძნებლისთვის შვეიცარიულ ბანკში გადარიცხვებთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემა საქართველოს ომში ჩართვის მცდელობას დაუკავშირა: მან პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრის დროს გაიხსენა უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევაზე და ოპოზიციური ტელეარხებით გავრცელებული აუდიოჩანაწერი, რომელშიც რუსი სანქცირებული ბიზნესმენი და ივანიშვილი ფიგურირებდნენ.

"ჩვენთვის გასაკვირი იყო ის განცხადებები, რომელიც კეთდებოდა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან და იყო გაუგებარი, მაღალი ხარისხის კოორდინაცია. გვახსოვს, [უკრაინის] პრეზიდენტის გადაწყვეტილება ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით. იყო სხვა შემთხვევებიც, სადაც იყო ალოგიკური მოვლენები. [რუსი სანქცირებული მილიარდერის, ვლადიმერ] ევტუშენკოვის ზარიც გაუგებარია - კაცი არ ექვემდებარება სანქციებს, ეს კაცი ახორციელებს ზარს [ბიძინა ივანიშვილთან] და შემდეგ ეს ხვდება "ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებული ტელევიზიებისთვის ერთთვიანი თემა.

ამას როცა ემატება შვეიცარიული ბანკი, კონკრეტული ბანკი აფერხებს ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვას, ეს დამატებით კითხვებს აჩენს. ამის მიზეზი არ ვიცი, რა შეიძლება იყოს. თუ ვინმეს აქვს ასეთი მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი, მისი ნების წინააღმდეგ, შემოაბრუნოს ქართულ პოლიტიკაში იმისათვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, მგონია, რომ მინიმუმ მიუღებელი და პრინციპულად არასწორია", - ამგვარი ვერსია შემოგვთავაზა ირაკლი კობახიძემ და იგივე ხაზი გააგრძელეს მმართველი გუნდის დანარჩენმა წევრებმაც.

რონდელის ფონდის მკვლევარ ალექსი პეტრიაშვილისთვის ივანიშვილის შესაძლო დაბრუნება საჯარო სივრცეში – დაანონსებული პრესკონფერენციები მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ მას რეალურად აქვს „სანქცირებულთა სიაში“ შესაძლო აღმოჩენის საფრთხის განცდა:

„ჩემი გამოცდილებით, ბიძინა ივანიშვილი საჯაროობის მოყვარული არასდროს იყო, მედიასთან ურთიერთობის, მაშინაც კი, როცა ამის ვალდებულება ჰქონდა. დაანონსება, რომ გამოჩნდება საერთაშორისო მედიასთან და ისაუბრებს პრობლემაზე, რომელიც მას შეექმნა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქმე კიდევ უფრო რთულად შეიძლება, იყოს, ვიდრე ეს რამდენიმე ასეული მილიონის ჩარიცხვის შეფერხებაა: რეალურად, განცხადებაში [ბანკის] სანქციებზე საუბარი არ არის, მაგრამ ამას ახსენებს ივანიშვილი და ამაზე საუბრობენ „ქართული ოცნების“ „მოლაპარაკე თავებიც“, „რატომ ხდება თანხის ჩარიცხვის შეფერხებაო“. ჩემი ვარაუდით, ალბათ ეს მისთვის სიგნალია, რომ შესაძლოა, განიხილებოდეს სასანქციო პირების ნუსხაში და სწრაფად სურს კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლა“.

რაც შეეხება მმართველი გუნდის მოტივაციას, ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი „აქცენტთან“ ამგვარად ხსნის: „ამ გუნდისგან ეს არ უნდა გვიკვირდეს, რადგან მთლიანად ბიძინა ივანიშვილის ფინანსებზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ეს მათთვის მტკივნეული თემაა. არ გამოვრიცხავ იმასაც, ჰქონდეთ მცდელობა, ბიძინა ივანიშვილი უფრო აქტიური გახადონ საშინაო პოლიტიკაში, თუნდაც კულუარებიდან. როგორც ჩანს, შიგნით არის ნიუანსები, რის გამოც უკმაყოფილება არსებობს“.

პროცესზე დამკვირვებლების ყურადღება ასევე მიიქცია ე.წ. სახელისუფლებო ექსპერტებად აღქმული რიგი პირების გზავნილებმა, რომელთაც აქტიურად ავრცელებენ მმართველი გუნდის მიმართ ლოიალურად განწყობილი მედიარესურსები. ამ ნარატივის მიხედვით, საქართველოს „ომში ჩათრევა“ სწორედ რომ დასავლეთს, მათ შორის აშშ–ს სურს და ამ მიზნით ახორციელებს ზეწოლას ბიძინა ივანიშვილზე. მართალია, შემდეგ „ქართულ ოცნებაში“ ივანიშვილის ფინანსებთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების ირგვლივ წარმოქმნილ დისკუსიაში საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის ხსენება ტრადიციულად ოპოზიციას დაუკავშირეს, თუმცა კომენტატორთა ნაწილში მზარდია შეშფოთება იმის თაობაზე, რომ სახელისუფლებო გუნდი ყოფილი პრემიერის ფინანსების გამო ქვეყნის რეპუტაციას რისკავს.

„ჯერ კიდევ 2012 წლიდან ვლაპარაკობ, რომ „ქართულ ოცნებაში“ აშკარად არის ჩრდილოეთისკენ გადახრის ტენდენცია. არა იმიტომ, რომ იმთავითვე „ჩრდილოელები“ იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ მათ დასავლეთთან კომუნიკაციის გაბმა გაუჭირდათ. უბრალოდ, არ ჰყავთ ის პერსონები, რომლებიც ნდობას იწვევენ – ყველა, ვისაც დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში ნდობის აღძვრა შეეძლო, განდევნეს „ქართული ოცნებიდან“ და ხელში შერჩათ ისინი, ვისაც ვხედავთ, რომლებიც ერთი მეორეზე უფრო უხერხულ განცხადებას აკეთებენ არა მხოლოდ დასავლეთის საწინააღმდეგოდ, არამედ ძალიან ბევრი მიმართულებით. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის პრაგმატული ხალხი, რომელთათვისაც დასავლურ თუ ჩრდილოურ ორიენტაციას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ძალაუფლება შეინარჩუნონ. არ არიან იდეური ადამიანები. ამდენად, სიტუაციურად ძლიერ ძალას მათი დაყოლიება არ გაუჭირდება. სწორედ ესაა ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული“,– ასკვნის ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი.

საქართველოში აშშ–ის ელჩმა კელი დეგნანმა კი დამაბნეველი უწოდა მმართველი გუნდის პოზიციონირებას და გამოვიდა გაფრთხლებით, რომ დამაბნეველი განცხაებები არაა სასარგებლო და რომ ახლა არა დაყოფის, ერთიანობის დროა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები