“ლუკაშენკოს პუტინისგან პოლიტიკური გვამის სუნი სცემს და მისგან დისტანცირებას ცდილობს”

12-05-2022 19:07:55 თვალსაზრისი

9 მაისს მოსკოვის წითელ მოედანზე გამართულ აღლუმზე პრეზიდენტ პუტინს გვერდში არც ერთი უცხოელი კოლეგა არ ჰყავდა, მათ შორის – არც მისი უკანასკნელი “საიმედო” მოკავშირე, ბელარუსის მმართველი ალექსანდრე ლუკაშენკო. ეს კიდევ ერთი ნათელი და სამარცხვინო ილუსტრირება იყო პუტინის რუსეთის საერთაშორისო იზოლაციისა, რომელიც საბოლოოდ გაფორმდა მისი ჯარის უკრაინაში შეჭრის ფონზე. ხოლო კრემლის განმარტება, “ამჯერად არავინ მოგვიწვევიაო”, თავად რუსეთშიც კი არავისთვის აღმოჩნდა სარწმუნო, რიგით მოქალაქეთა სადეზინფორმაციო პროპაგანდით გაბრუებული ნაწილის გარდა.

დამოუკიდებელ რუსულ საექსპერტო წრეებში დარწმუნებულები არიან, რომ უკრაინაში რუსული არმიის წარუმატებლობის შემხედვარე, ლუკაშენკო პუტინისგან სულ უფრო მეტად დისტანცირებას ეცდება და დასავლეთთან ურთიერთობის შეძლებისდაგვარად მოგვარების ნებისმიერ შანსს გამოიყენებს.

ერთ-ერთი, ვინც ამ მოსაზრებას იზიარებს, პოლიტოლოგი დიმიტრი ორეშკინია. მისი ხედვით, “ლუკაშენკო არის ადამიანი საუცხოო პოლიტიკური ალღოთი და ყნოსვით, რომელმაც ბევრზე უკეთ იცის, როგორაა მოწყობილი მისთვის სხვა ყველაფერზე ძვირფასი რამ - ძალაუფლების სისტემა თავისი იდეოლოგიური მდგენელითურთ და ახლა ოთხივე კიდურით ებღაუჭება ძალაუფლებას”.

“დღეს როგორც უკრაინის ფრონტზე, ისე ზოგადად რუსეთის ირგვლივ მსოფლიოში შექმნილი ვითარების ფონზე ლუკაშენკოს პუტინისგან პოლიტიკური გვამის სუნი სცემს და მის გვერდში ყოფნა აშკარად აღარ სურს. მით უფრო, რომ ლუკაშენკომ უკვე მიიღო პუტინისგან ყველაფერი, რისი მიღებაც სათავისოდ შეეძლო და ახლა სჭირდება, ყველა შესაძლო გზითა და ხერხით, რამდენადაც შესაძლებელი იქნება, დაალაგოს ურთიერთობები დასავლეთთან. ასეთ ვითარებაში ლუკაშენკოსთვის, ცხადია, საზიანოა, პუტინის გვერდში ფიქსირდებოდეს ფსკერისკენ მიმავალი რუსული გემის “ცხვირზე” და გასაკვირი იქნებოდა, 9 მაისს იგი წითელ მოედანზე გვეხილა. მისი არყოფნა მხოლოდ პუტინისთვისაა ძალიან ცუდის ნიშანი: ლუკაშენკო ხომ მათ გვერდშია, ვისშიც ძალას ხედავს, პუტინის მხრიდან კი ის ძალას ვეღარ გრძნობს – გრძნობს მხოლოდ პოლიტიკური გვამისა და ხრწნადი რუსული სახელისუფლებო სისტემის სიმყრალეს” – თვლის ორეშკინი.

რაც შეეხება ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს მიერ ორიოდ დღის წინ გამოცხადებულ "რეაგირების ძალების მოულოდნელ შემოწმებასა" და ამ წვრთნების ფარგლებში უკრაინასთან საზღვრის გასწვრივ 20 000-მდე სამხედროს განლაგებას, სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, ეს შესაძლოა, ბოლო ბელარუსული “სიკეთე” იყოს ძალზე არასახარბიელო მდგომარეობაში ჩავარდნილი პუტინისთვის, ამ მანევრის მიზანს კი უკრაინული ჯარის ნაწილის ყურადღების მიზიდვა შეიძლება, წარმოადგენდეს, მაგრამ არა რეალური სამხედრო საფრთხე.

ამ კონტექსტში საგულისხმოა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან ლუკაშენკოს ჯარში მსგავსი შემოწმებები უკვე რამდენჯერმე ჩატარდა და მართალია, რუსული ჯარი უკრაინას ბელარუსის ტერიტორიიდანაც ბომბავს, თუმცა თავისი არმიით ბელარუსი ომში ამ დრომდე არ ჩართულა. და ახლაც, წვრთნების გამოცხადებისას ბელარუსის თავდაცვის უწყებაში საგანგებოდ აღნიშნეს, რომ ეს მოქმედებები "არ შეიცავს არავითარ საფრთხეს არც მთლიანობაში ევროპული თანამეგობრობისთვის, არც ბელარუსის სამეზობლოსთვის".

ლუკაშენკოს ჯარის ომში ჩაბმას სხვა კოლეგების მსგავსად, არც აზერბაიჯანელი სამხედრო ექსპერტი აგილ რუსტამზადე ელის.

“საზღვრის გასწვრივ ბელარუსი სამხედროების განთავსება, ცხადია, აიძულებს უკრაინას, ამ მიმართულებით გადაისროლოს და მოაცდინოს თავისი სამხედროების გარკვეული ნაწილი, რომელიც იძულებული იქნება, სხვა რაიონებში მიმდინარე ბრძოლას მოაკლდეს. ამაში კარგი არაფერია. თუმცა ამას იქით მე ბელარუსის ამ ნაბიჯში საფრთხეს ვერ ვხედავ. ეს წვრთნები ალბათ, ლუკაშენკოს ერთ-ერთი ბოლო “სიკითეა” პუტინისთვის, რომელსაც იგი ომის დაწყებამდე “რუსული ჯარისთვის ზურგის გამაგრებას” დაჰპირდა” – ასკვნის სამხედრო ანალიტიკოსი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები