13-05-2022 18:35:49 ინტერვიუ
ინტერვიუ „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ (GIPA) საერთაშორისო ურთიერთობათა პროგრამის ხელმძღვანელთან, პროფესორ თორნიკე შარაშენიძესთან.
– ბატონო თორნიკე, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში არსებულ განწყობებს თუ გავითვალისწინებ, როგორც ჩანს, ფინეთი გახდება ნატო–ს წევრი რუსეთთან თავისი გრძელი საზღვრით. ცხადია, ამ საკითხით საქართველოშიც არიან დაინტერესებულნი და პროცესზე დამკვირვებლები მასში საქართველოსთვის შესაძლებლობას ხედავენ (წევრობასთან დაკავშირებით არგუმენტების თვალსაზრისით, რადგან მანამდე სკეპტიკოსი ქვეყნები რუსეთის „გაღიზიანებას“ არიდებდნენ თავს და მის ფაქტორსაც ითვალისწინებდნენ), თუმცა გამოითქვა შიშებიც, ასე ვთქვათ, „რუსეთი ჯავრს ჩვენზე იყრისო“. თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს?
– სიტუაცია უნიკალურად ცუდია, ვგულისხმობ ზედ თბილისთან – საქართველოს ცენტრთან განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზას. მხოლოდ აფხაზეთის თემა რომ იყოს, ის ცენტრიდან შორს არის. ამდენად, ვინც არ უნდა მიიღონ ნატო–ში, იქიდან გამომდინარე, რომ აქ რუსული ჯარი დგას, ჩვენ სიტუაციას რეალურად მაინც და მაინც რეალურად არ ცვლის. რაც შეეხება საკითხს, რამდენად იყრის რუსეთი ჯავრს ჩვენზე, უკრაინის მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენთვის დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოიცლის. ამდენად, ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ვითარება მაინც და მაინც არ შეიცვლება.
– რუსული ბაზის უშუალო მდებარეობა კონკრეტულად რა კუთხით ქმნის ნატო–ს წევრობასთან დაკავშირებით პრობლემას?
– ალიანსმა ნატო–ს წევრი ქვეყანა ხომ უნდა დაიცვას?
– დიახ, მაგრამ აქ ხომ საუბარია იმაზე, რამდენად წავა რუსეთი პროვოკაციაზე უშუალოდ ალიანსთან, დაცვის მთავარი მექანიზმი ხომ თავად ნატოა?
– კი ბატონო, მაგრამ ჩვენ ხომ გვახსოვს, ყირიმის შემდეგ ბალტიისპირეთში რა მოხდა? იქ შეეშინდათ, რომ ყირიმის ომის შემდეგ გათავხედებული რუსეთი მათთან შეიჭრებოდა. შემდეგ შესაძლოა, ისე მომხდარიყო, რომ მოეწვიათ ნატო–ს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა ბრიუსელში, ნატო–ს რომელიღაც წევრი წასულიყო წინააღმდეგი [ნატო–ს მეხუთე მუხლის ამოქმედების, რომელიც კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს] და შემდეგ ალიანსი მათ ვეღარ დაიცავდა. თავი რომ დაეზღვიათ, იქ ამერიკელი სამხედროები ჩადგნენ. აი, ასეთია ვითარება. შესაბამისად, თუ სწრაფად, ვთქვათ, ღამით მიიღებენ გადაწყვეტილებას და დილით აღმოვჩნდებით ნატო–ში, ეს მშვენიერია. თუ აქ ამერიკელი სამხედროები ჩადგებიან, კიდევ უკეთესი. ჩვენ ფინეთის სიტუაციაში არ ვართ. მას თავის დაცვა მშვენივრად შეუძლია – გამაგრებულია, ჩვენზე მდიდარიცაა და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჰელსინკთან რუსული ჯარები არ დგანან. ჩვენთან განსხვავებული ვითარებაა. აქ სიღარიბე და დემოკრატიის დონე გადამწყვეტი არ არის – არც მონტენეგრო ყვავის და არც ალბანეთი, უბრალოდ, ჩვენი დაცვა გაცილებით უფრო რთული იქნება, ვიდრე მონტენეგროს, ალბანეთის და ფინეთისაც. ფინეთი კი ახლოსაა რუსეთთან, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, საუკეთესოდაა გამაგრებული, გამოცდილებაც უზარმაზარი აქვს. თან რუსეთი ახლა უკრაინაში ომობს და პარალელურად ფინეთში შევარდეს, ძალიან საეჭვოა: უკრაინაშიც უჭირს და ფინეთთან ომით საერთოდ კატასტროფით დაამთავრებს.
– ანალოგიური ვერსია ხომ საქართველოსთან მიმართებითაც შეიძლება, განვიხილოთ?
– ვერ განვიხილავთ: პირდაპირ გიდგას ავტობანთან, რომლის გადაკეტვაც საკმაოდ მარტივად შეუძლია. ერთადერთი ტერიტორია, საიდანაც ჩვენ შეიძლება, იარაღი მივიღოთ, თურქეთია, მაგრამ ვიდრე თურქეთიდან თბილისამდე მოაღწევს იარაღი, თბილისია დასაცავი. ჩვენ რომ გვქონდეს იმგვარი ვითარება, როგორც უკრაინას, რომელიც პოლონეთიდან და სლოვაკეთიდან მარაგდება იარაღით, კიდევ შეიძლება რაღაცაზე საუბარი.
ყველაზე კარგი ვარიანტია, თუ გადაწყვეტენ, ამერიკული ბაზა განათავსონ ვთქვათ, გორთან – რუსების ცხვირწინ. ეს აბსოლუტურად შეცვლის ყველაფერს, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ „ჩვენ რუსეთთან ომი შეგვიძლია, რადგან რუსებს ახლა ამის საშუალება არ აქვთო“, ეს ჩემთვის ავანტიურაა.
– რაც შეეხება ამერიკულ ბაზას, გვქონდა კომუნიკაცია პენტაგონთანაც და გვითხრეს, რომ საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
– არ მგონია, პირობითად, მე და თქვენ გვითხრან, ჩადგამენ თუ არა აქ ბაზას. ნურც გვეტყვიან, სჯობს, სიურპრიზი იყოს.
– ერთია სურვილი, მეორე – რეალობა. არსებულ მოცემულობაში რისი მიღება შეგვიძლია უსაფრთხოების კონტექსტში?
– იმის, რაც ახლა ვთქვით – კარგი სიურპრიზის [ამერიკული ბაზა საქართველოში – რედ].
– ეს რეალურად გესახებათ?
– გამორიცხული ნამდვილად არ არის. ამ ომის კონტექსტში ეს ახლა უფრო რეალური მგონია, ვიდრე შარშან იყო. უნდა გავიხსენოთ, რომ როდესაც მსგავსი რამ მომხდარა, ყოველთვის სიურპრიზის სახით იყო. მაგალითად, წვრთნის და აღჭურვის პროგრამა უცებ გამოცხადდა, როდესაც პროცესი უკვე დაწყებული იყო. მთავრობამ რომ დაიწყოს წინასწარ ყვირილი, „ვაშა, ამერიკის ბაზა გაიხსნება 1 წელიწადშიო“, ეს შესაძლოა, რუსების შემოვარდნით დასრულდეს. ამიტომ ვამბობ, ეს უნდა იყოს „სიურპრიზი“ და არაა საჭირო ამაზე ხმამაღლა ბევრი საუბარი.
– მახსოვს, ამერიკული ბაზის საქართველოში განთავსების პერსპექტივის მიმართ სკეპტიკურად იყავით განწყობილი, მიუხედავად იმისა, რომ მხარს უჭერთ...
– ომიდან გამომდინარე ბევრი რამ შეიცვალა: მას შემდეგ, რაც რუსეთმა გააკეთა, მსგავს ნაბიჯს ამერიკის შიგნით მეტი მხარდაჭერა ექნება. მეორე – რუსეთს ჩვენთან ომის თავი კი აქვს, მაგრამ შედარებით მაინც დაკავებულია უკრაინაში და ამერიკას უფრო ადვილად გამოუვა აქ ბაზის ჩადგმა. რუსეთი ისეთი საშიში აღარ ჩანს, როგორიც შარშან ჩანდა [ომამდე]. ამიტომ, ახლა მსგავსი ნაბიჯის გადადგმა უფრო ადვილია.
– მინდა, მკითხველისთვის განმარტოთ, ამ ნაბიჯში აშშ–ის ინტერესი რა არის?
– საქართველო ძალიან საინტერესო ქვეყანაა გეოგრაფიულად – სამხრეთ კავკასიის „გასაღებია“. აქ ამერიკის ყოფნა ნიშნავს, რომ რუსეთი ბოლომდე ჩაკეტილი ვერა, მაგრამ ნაწილობრივ მაინც ბლოკირებულია. აქ შემოდის ძალიან ბევრი თემა, მათ შორის ეკონომიკური, სატრანზიტო, შავი ზღვის...
ნატო–ს სამიტზე ამ მიმართულებით სერიოზულ გადაწყვეტილებებს არ ველოდები, რადგან იქ კონსენსუსია საჭირო და რომელიღაც ქვეყანა აუცილებლად წავა ჩვენთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების წინააღმდეგ. ამიტომ, ეს უნდა მოხდეს ორმხრივ, ქართულ–ამერიკულ ფორმატში. ამერიკას ხაზს ვუსვამ, რადგან მხოლოდ ისაა რუსეთის გამჩერებელი, მეტი არავინ. ამ მიმართულებით უნდა ვაქტიურობდეთ, რადგან ეს უფრო რეალისტურია. ნატო–სთვის ამ ეტაპზე ფინეთის და შვედეთის გაწევრიანებაც ძალიან დიდი ნაბიჯია, ამიტომ საქართველოსთან კიდევ რაღაც სერიოზულის წამოწყებას (გაწევრიანებაზე აღარ ვლაპარაკობ), მკვეთრ ნაბიჯებს არ ველი.
– ამ კონტექსტში ძალიან საინტერესოა დისკუსია, რომელიც საქართველოში ბოლო დღეებში გაიშალა, როდესაც აშშ დასახელდა ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლის განმახორციელებლად, რათა „საქართველო ომში ჩართოსო“. ვგულისხმობ, ივანიშვილის ფინანსებთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემებს... მსგავსი პოზიციონირება ამერიკულ ბაზებამდე მიგვიყვანს?
მადლობა ღმერთს, ამ სისულელეს მეორე დღესვე დაანებეს თავი. ყოველ შემთხვევაში, მსგავსი რამ ოფიციალური პირებისგან არ მოგვისმენია. და ორიოდ ფილოსოფოსი რას იტყვის, ამას სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისთვის მნიშვნელობა არ აქვს. თუ მოინდომებენ, დამიჯერეთ, იმას არ მიაქცევენ ყურადღებას, რა თქვა რომელიღაც ფილოსოფოსმა. დროებით „გამოხტომად“ ჩაითვლება.