რატომ არ ფიგურირებს საქართველო NATO–ს და G7-ის შეხვედრებზე მიწვეულ პარტნიორებს შორის

13-05-2022 20:13:27 საგარეო პოლიტიკა ,კომენტარი

უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე და მისი შედეგების დაძლევის გზებზე იმსჯელებენ გერმანიაში, G7-ისა და NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრებზე, რომლებზეც საქართველო მიწვეული არ არის.

14 -15 მაისისთვის დაგეგმილ NATO-ს არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობას არაწევრი ქვეყნებიდან მიიღებენ ფინეთი და შვედეთი, რომლებიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას ესწრაფვიან, ხოლო G7-ის შეხვედრაში – უკრაინა და მოლდოვა.

"აქცენტი" მიზეზის გარკვევას NATO–ში შეეცადა. როგორც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში განმარტეს, „ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიწვეულნი არიან, მონაწილეობა მიიღონ NATO–ს მოკავშირეებთან სამუშაო სესიაში 14 მაისს, ხოლო 15 მაისს შეხვედრა მხოლოდ NATO–ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით გიმართება.

რაც შეეხება საქართველოს, ალიანსში აცხადებენ, რომ „უსაფრთხოების არსებული გარემო კიდევ უფრო ძლიერს და მჭიდროს ხდის საქართველოსთან NATO–ს პარტნიორობას“. NATO–ში ამის მაგალითად მოჰყავთ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის მონაწილეობა NATO–ს თავდაცვის მინისტერიალებში თებერვალსა და მარტში; საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის მონაწილეობა NATO–ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში აპრილში და სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO–ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ხავიერ კოლომინას მეორე ოფიციალური ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში.

„ამასთან, ჩვენ ვინარჩუნებთ პრაქტიკული თანამშრომლობის ძლიერ დონეს, მათ შორის - მარტში გამართული NATO-საქართველოს მესამე ერთობლივი წვრთნით და მრავალი სხვა მიმდინარე აქტივობით "NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის" ფარგლებში. უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის ფონზე მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააძლიერონ დახმარება პარტნიორებისთვის, რომლებიც დაზარალდნენ რუსეთის მუქარითა და ჩარევით. ეს ხელს შეუწყობს რუსეთის მავნე გავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევას და პარტნიორების მედეგობის გაძლიერებას. ეს განსაკუთრებით ეხება საქართველოსაც, რომელიც NATO–ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და მრავალი წლის განმავლობაში რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეებისა და ზეწოლის ქვეშ იმყოფება. საქართველო და NATO ამჟამად სამუშაო დონეზე განიხილავენ, თუ რას უნდა მოიცავდეს თბილისზე მორგებული მხარდაჭერა",– განუცხადეს „აქცენტს“ NATO–ში.

რაც შეეხება G7-ის შეხვედრას, საქართველოში გერმანიის საელჩომ „აქცენტთან“ შემდეგი სახის მოკლე განმარტება გააკეთა:

"უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიეს მის ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამო, მოლდოვის რესპუბლიკა კი - ამ ომის უშუალო გავლენის, მათ შორის მოლოდოვაში უკრაინელ ლტოლვილთა ძალიან დიდი რაოდენობის გამო".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები