
რულოვსი საპროტესტო ტალღას აანონსებს – „მოვითხოვთ ივანიშვილის ქვეყნიდან წასვლას“
20/05/2019 10:48:35 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ოპოზიციური გაერთიანების ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი19 მაისის არჩევნებს შედეგებს არ აღიარებს და საპროტესტო ტალღას აანონსებს.
ამის შესახებ რულოვსმა ოპოზიციის შტაბში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„გუშინდელი ე.წ არჩევნების შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საპროტესტო ტალღა უნდა დაიწყოს ზუგდიდიდან და გაგრძელდება მთელ ქვეყანაში და მთაწმინდაზე, შუშის სასახლესთან – ივანიშვილის სახლთან დამთავრდება.
ჩვენ მოვითხოვთ ივანიშვილის ქვეყნიდან წასვლას, მან უნდა დაგვანებოს თავი, იმიტომ, რომ მისი ქმედებები და ე.წ. მმართველობა არის ყველასთვის ყველანაირ ზღვარს გადასული. ჩვენ ივანიშვილს აღარ უნდა ჩავატარებინოთ არჩევნები. ამიტომ ჩვენ ყველანი უნდა დავირაზმოთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით. არ დავტოვებ არც ერთ ქუჩასა და უბანს, სოფელს და ქალაქს - ყველანი ერთად ხელიხელჩაკიდებული უნდა მივიდეთ თბილისამდე და უნდა მოვიშოროთ ივანიშვილი ამ ქვეყნიდან.ეს საპროტესტო ტალღა უკვე დაწყებულია, ჩამოვყალიბდებით რომელი რეგიონებიდან დავიწყებთ, მაგრამ ყველგან ვიქნებით და ხალხის ძალას ვაჩვენებთ ივანიშვილს, იმიტომ, რომ არჩევნები ამ ქვეყანაში არ ტარდება“, – განაცხადა რულოვსმა.
ცნობისთვის: ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში „ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი შენგელიამ ხმათა 54.45% მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა ‐ ოპოზიციური გაერთიანების კანდიდატი სანდრა ელისაბედ რულოვსი და მან ხმათა 42.75% დააგროვა.