რუსი დეპუტატი: „პოლონეთი გვიბიძგებს, დენაციფიკაციის რიგში ჩავაყენოთ“

13-05-2022 23:47:48 ევროპა

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი მმართველი პარტიიდან ოლეგ მოროზოვი პოლონეთს "დენაციფიკაციით" ემუქრება.

„თავისი განცხადებებით რუსეთის, როგორც „კიბოს“ შესახებ, ასევე შეძახილებით, რომ უკრაინას კომპენსაცია უნდა გადავუხადოთ პოლონეთი გვიბიძგებს, უკრაინის შემდეგ დენაციფიკაციის რიგში პირველ ადგილზე ჩავაყენოთ“,– წერს რუსი დეპუტატი ტელეგრამ–არხზე.

პოლონეთი მთავარ ფლაგმანად იქცა უკრაინისთვის ვლადიმირ პუტინის მიერ ომის გაჩაღების შემდეგ: ლტოლვილების ძირითადი ნაკადი სწორედ ამ ქვეყანამ მიიღო ან მისი გავლით გადავიდნენ სხვა ქვეყნებში; პოლონეიდან მიეწოდება უკრაინას უწყვეტ რეჟიმში დასავლური იარაღი; მათ შორის, პოლონეთის ტერიტორიაზე გადიან უკრაინელი სამხედროები წვრთნებს დასავლური იარაღის გამოყენებაში.

კრემლის პროპაგანდისტების სამიზე ხშირად არის პოლონეთი. გაიჟღერა ბირთვულმა მუქარამაც. ერთ–ერთი პროპაგანდისტული ნარატივი, რომელიც რადენიმე დღის წინ ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმაც გამიმეორა და რომელსაც საქართველოშიც ხშირად აჟღერებენ პრორუსული ჯგუფები, დასავლეთ უკრაინას ეხება, თითქოს „გარკვეული ფიგურები და პოლიტიკოსები უკრაინის ამ ნაწილს პოლონეთის შემადგენლობაში განიხილავენ“.

„ეს რუსული ოცნებაა“,– ამბობს თემის კომენტირებისას რუსი პოლიტოლოგი ვლადიმირ პასტუხოვი და კრემლის მცდელობაზე ამახვილებს ყურადღებას:

„ეს მანტრაა, რომელიც ბოლო 15 წელია, ისმის, მაგრამ განსაკუთრებით აქტიურად – 2014 წლის შემდეგ. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ „უკრაინა სიცოცხლის უუნარო სახელმწიფოა, გაუგებარი წარმონაქმნი, თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ტერიტორიული პრეტენზიები და საკმარისია, ჩვენ დავიწყოთ [რუსეთმა], დანარჩენები გააგრძელებენ, დაანაწევრებენ და უკრაინისგან არაფერი დარჩებაო“ – ეს არის ერთ–ერთი რუსული ოცნება. ცხადია, ისევე როგორც სხვა ბევრ ქვეყანას, უკრაინას ტერიტორიული საკითხები დახურული არ აქვს და ეს მძიმე საბჭოთა მემკვიდრეობაა. ზოგადად აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიები ხელიდან ხელში გადადიოდა და იქ საზღვრის გავლება ძალიან რთულია. მაგრამ ეს რას ნიშნავს?აღმოჩნდა, რომ ბუკვალურად არც არაფერს: ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინისთვის ყველაზე რთულ პერიოდში ვარშავა კიევის მთავარი მოკავშირეა (არადა ისტორიულად მათ რთული ურთიერთობები ჰქონდათ) და იღებს ყველაზე რთულ დარტყმას – სწორედ მან მიიღო ყველაზე მეტი უკრაინელი დევნილი ან ატარებს მათ და მერწმუნეთ, ეს ნებისმიერი ქვეყნისთვის ძალიან რთული საკითხია. პოლონეთი იქნება უკანასკნელი, ვინც რაიმე სახის ტერიტორიულ პრეტენზიებს წაუყენებს უკრაინას. იმიტომ, რომ პოლონეთს ესმის, იმ მომენტიდან, როდესაც უკრაინა აღარ იქნება, „კეთილსინდისიერ“ რუსებს საკუთარ საზღვრებთან პირველ რიგში თავად იხილავს“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები