ნატო–ს გენმდივნის მოადგილე: "მადრიდის სამიტზე საქართველოს ხელმძღვანელობა მიწვეული იქნება"
16/05/2022 05:18:24 პოლიტიკა
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მიწვეული იქნება ნატო-ს სამიტზე მადრიდში.
მისი თქმით, ალიანსი "ღია კარის" პოლიტიკის ერთგული რჩება.
„ნატო ყოველთვის სცემს პატივს ქვეყნების უფლებას, აირჩიონ საკუთარი გზა. ეს არ ექვემდებარება სხვის ვეტოს. საქართველო ჩვენთვის "გაძლიერებული შესაძლებლობების" პარტნიორია. ჩვენ ქვეყნასთან ვმუშაობთ წლების განმავლობაში. ასევე ვიცი, რომ ნატო–ს სამიტზე საქართველოს ხელმძღვანელობა იქნება მიწვეული. ალიანსი "ღია კარის" პოლიტიკის ერთგული რჩება და შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია“, –განაცხადა მირჩა ჯოანამ.
14-15 მაისს გერმანიაში გამართულ არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობას არაწევრი ქვეყნებიდან ფინეთი და შვედეთი იღებდნენ. საქართველო კი ღინისძიებაში არ ფიგურირებდა.
იხილეთ ასევე: რატომ არ ფიგურირებს საქართველო NATO–ს და G7-ის შეხვედრებზე მიწვეულ პარტნიორებს შორის.
საქართველო არ არის 19 მაისს ბრიუსელში დაგეგმილ ნატო-ს თავდაცვის ძალების მეთაურთა შეხვედრის მონაწილეებს შორისაც, სადაც პირველ სესიაზე მადრიდის სამიტისთვის მზადება განიხილება.მეორე სესია უკრაინაში რუსეთის ომს დაეთმობა და მასში მონაწილეობას მიიღებენ ალიანსის პარტნიორი ქვეყნები :ფინეთი, შვედეთი და უკრაინა. მესამე სესია ფოკუსირებული იქნება ევროატლანტიკური ზონის შეკავებისა და თავდაცვის კონცეფციის (DDA) განხორციელებაზე, ასევე, ნატო-ს გრძელვადიან პოზიციაზე. შემდეგ თავდაცვის ძალების მეთაურები შეხვდებიან ნატო-ს აზია-წყნარი ოკეანის პარტნიორებს: ავსტრალიას, იაპონიას, ახალ ზელანდიასა და კორეის რესპუბლიკას, რათა განიხილონ რეგიონული მოვლენები.


