„ხელისუფლებამ „რუბიკონი“ გადალახა“: რაში სჭირდებათ მედიამენეჯერი ციხეში

16-05-2022 16:45:08 ანალიზი

„ევროკავშირის კითხვარი თავზე გადაგვახიეს“,– ამგვარად აღიქვეს საქართველოს ხელისუფლების კრიტიკოსებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჩხიკვაძის გადაწყვეტილება, რომელმაც მედიამენეჯერი, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენდირექტორი ნიკა გვარამია 3,6 წლით გაისტუმრა ციხეში საქმისთვის, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტების შეფასებით, მაქსიმუმ, შესაძლოა, სამოქალაქო დავის რესურსი ჰქონოდა, მაგრამ არა სისხლის სამართლებრივი დევნის.

ინფორმაციისთვის: საქართველოს პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის 2019 წლის ზაფხულში წარდგენილი ბრალი ეხება პერიოდს, როცა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“.

მოსამართლემ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. მოსამართლე ჩხიკვაძემ გვარამიასთვის კიდევ ერთი, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით(მითვისება, ან გაფლანგვა) წაყენებული ბრალი დააკვალიფიცირა 220-ე მუხლით და ამ ნაწილში სასჯელად განუსაზღვრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000 ლარის ჯარიმის გადახდა.

„რუსული განაჩენი!“, „ლახვარი ევროინტეგრაციის კურსისთვის!“, „საშიში პრეცედენტი სხვა დირექტორებისთვის!“, ფრონტის გახსნა მედიისთვის!“, „ბელარუსიზაცია!“ – ამგვარი შეფასებები ისმოდა სასამართლოს ეზოში გვარამიასთვის განაჩენის გამოცხადების შემდეგ. ნეგატიურ ფონს კი ის გარემოებაც აძლიერებს, რომ ქართული მართლმსაჯულების მიმართ მწვავე კრიტიკა ბოლო წლების განმავლობაში ინტენსიურად ისმის დასავლელი პარტნიორების მხრიდან – მათგან, ვინც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერებაში რესურსს დებენ.

"დიქტატურის წინაშე ასე პირისპირ, ასე ხისტად, ასე მკაფიოდ არ ვმდგარვართ"

შეშფოთებას იზიარებს მედიაექსპერტი, ამჟამად ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს“ წარმომადგენელი ზვიად ქორიძეც:

„ჩემთვის ცალსახაა, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებმა, მთავრობამ, სასამართლომ, საქართველოს ევროინტეგრაციას პრაქტიკულად დანა გამოუსვეს. ახლა ამოცანის წინაშე ვდგავართ – გადავარჩინოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა და დემოკრატიულობის რესურსი. ასე პირისპირ, ასე ხისტად, ასე მკაფიოდ არ ვმდგარვართ დიქტატურის წინაშე. ეს უნდა გავიაზროთ, გამოვიტანოთ დასკვნა და ვიმოქმედოთ – ეს არის #1 ამოცანა“.

მისი ხედვით, დღეს გადადგმული ნაბიჯით მმართველმა გუნდმა ღიად განაცხადა დიქტატურის ფაზაში გადასვლის თაობაზე და ახლა ჯერი საზოგადოებაზეა – მიიღებს მას, თუ წინ აღუდგება ხელისუფლების სურვილს:

„ის [„ქართული ოცნება“] გადავიდა შტურმზე საზოგადოების წინააღმდეგ, რომელიც დაიწყო მედიით და ის უფრო ფართომასშტაბიანი გახდება. დიქტატურას კი მრავალი საცეცი აქვს, რომელიც შედის ყველგან და სპობს განსხვავებულ ხედვას. დიქტატურაში საუბრის დრო აღარაა, უნდა ვიმოქმედოთ! საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რის წინაშე დადგა დღევანდელი გადაწყვეტილებით: 16 მაისს საქართველოს ხელისუფლებამ ღიად უთხრა ქართულ საზოგადოებას, „ჩემი არჩევანია დიქტატურა“. დიქტატურამ არ იცის არჩევა, ის ყველასთან მივა და იქნება ულმობელი, უფრო რადიკალურ ქმედებაზე გადავა, ვინაიდან მან დღეს რუბიკონი გადალახა და ვინაიდან გადალახა, უკან აღარ დაიხევს, წავა ბოლომდე. მთავარია, საზოგადოებამ ის გავაჩეროთ ყველა რესურსით, რაც გაგვაჩნია და ვუთხრათ, რომ არა, „საქართველოში დიქტატურა არავის გასვლია და არ გაუვა“. სხვა შემთხვევაში თითოეულ მოქალაქეს მძიმე პერსპექტივა ელის, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა. ამაზე უნდა დავფიქრდეთ და გვქონდეს რეაქცია. დღეს სწორედ ამ რეაქციის დროა“.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის საბოტაჟი?

მმართველ გუნდში ამგვარ რისკებს ვერ ხედავენ, აცხადებენ რა, რომ საქმე სამართლებრივია და მხოლოდ მის ფარგლებში უნდა იქნეს განხილული, თუმცა როგორც ჩანს, განსხვავებული მოსაზრებები აქვს ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს.

"ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველო, თუნდაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის პირობებში, ირჩევს არა დემოკრატიას, არამედ პუტინის გზას, რათა ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს ივანიშვილის ძალაუფლება? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მას [ივანიშვილს] ასეთი ქმედებებით სურს წევრობის კანდიდატის საბოტაჟი?", – იკითხა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია კი შიშობს, რომ სწორედ ამგვარ პროცესთან გვაქვს საქმე: მმართველი გუნდი ცდილობს, არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

მისი ხედვით, მოსახლეობას უნდა განემარტოს, რომ ევროკავშირს არ აინტერესებს პერსონები, ის საქართველოსგან პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალ მართლმსაჯულებას მოითხოვს.

ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე, რომელიც ამ დრომდე ინარჩუნებდა პოზიტიურ მოლოდინს, დღეს ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას აღარ უნდა ველოდოთ.

„როდესაც, ყველამ იცის, რომ საქართველოში სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, როდესაც ევროკავშირმა უნდა იმსჯელოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე და პარტნიორები აცხადებენ, რომ მათ დავეხმაროთ დადებითი გადაწყვეტილების მიღებაში, ვფიქრობ, ყველაფერი გასაგებია და არ უნდა ველოდოთ რაიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ევროკავშირის მხრიდან. ეს კიდევ ერთი გამოუყენებელი შესაძლებლობა იქნება, რომელმაც შეიძლება, გვერდით ჩაგვიაროს. მომავალში კიდევ იქნება თუ არა მსგავსი შესაძლებლობა, ძალიან რთული სათქმელია“.

„რუსეთის „არგაღიზიანების“ პოლიტიკის ნაწილია, რომ ჩვენ დასავლური ინტეგრაციის თვალსაზრისით ძალიან თავშეკავებულები ვიყოთ“

პოლიტიკის კომენტატორი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი არ იზიარებს შეფასებას, რომ 16 მაისის განაჩენი იქნება მთავარი ფაქტორი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ფორმირების პროცესში.

„იმდენი პრობლემა აქვს საქართველოს ხელისუფლებას, ერთით მეტი ექნება გვარამიას სახით, თუ ნაკლები, არ მგონია, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. იმ მანკიერებების გამო, რაც ქვეყანაში ხდება, ფასს უკვე ვიხდით მთელი საზოგადოება. გვარამია ამის მხოლოდ ერთ–ერთი ელემენტია. ამ ბოლო დროს ხელისუფლებისგან იმდენ სისულელეს ვისმენთ (საბანკო ტრანზაქცია ომის და მშვიდობის საკითხად აქციეს), რა ლოგიკა უნდა დავინახოთ? ბოდვითი ლოგიკის ახსნა ძალიან რთულია. თუ ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი რეალური ამოცანაა და არა ფსევდო, ამ შემთხვევაში არც გვარამია უნდა იჯდეს ციხეში და კიდევ ბევრი სხვა რამ არ უნდა ხდებოდეს. ეს ხელისუფლების მხრიდან პირველი მსგავსი ნაბიჯი ხომ არ არის?! ეს საკითხი არც აინტერესებთ. ჯერ არც აპირებდნენ განაცხადის გაკეთებას უკრაინაში ომი რომ არ ყოფილიყო. რუსეთის „არგაღიზიანების“ ნაწილია ის, რომ ჩვენ დასავლური ინტეგრაციის თვალსაზრისით ძალიან თავშეკავებულები ვიყოთ. ამდენად, რომ გითხრათ, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღება ამ ხელისუფლებისთვის სერიოზული დარტყმა იქნებაო, მოგატყუებთ. ეს საკითხი მათთვის სულერთია“,– ამბობს „აქცენტთან“ ხუხაშვილი.

ბატონო გია, კვლევებიც აჩვენებს, რომ საზოგადოების დიდ ნაწილში ნიჰილიზმია. ამდენად, ესა თუ ის კრიტიკული მედიასაშუალება ქვეყანაში ვერ ქმნის იმგვარ ამინდს, რომელიც კატალიზატორი იქნება ცვლილებების მიმართულებით. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, მმართველ გუნდს გვარამიას დაპატიმრება რაში უნდა სჭირდებოდეს?

– პირადი ვენდეტა, შურისძიება ... ათასი რამ შეიძლება, იყოს. გუშინ შეიძლება, არ აპირებდნენ დაჭერას, დღეს დაურეკეს მოსამართლეს... ამას რაციონალური ახსნა რამდენიც არ უნდა ვუძებნოთ, ეს ლატარიის თამაშს ჰგავს. ხელისუფალს მწყობრი სტრატეგია არ აქვს, მაგრამ აქვს ერთადერთი ამოცანა – ნებისმიერი გზით შეინარჩუნოს ძალაუფლება. ის მუდმივად ტაქტიკური ნაბიჯებით და ინსტინქტებით მოქმედებს: დღეს მოშივდა? შეჭამს, ხვალ უფრო ჰუმანური იქნება. ამდენად, როდესაც მწყობრი სტრატეგია არ ჩანს, მიზეზი შეიძლება, ათასნაირი იყოს. ფაქტია, რომ ეს ყველაფერი სისტემური მანკიერებაა – არაპროგნოზირებადი, გაუგებარი.

ფაქტია, რომ მმართველი გუნდი მსგავსი ნაბიჯებით ჯერ–ჯერობით ფონს გადის...

– ეს უკვე ოპოზიციას მოჰკითხეთ, რატომ ვერ ახერხებენ დიდი უკმაყოფილების მიუხედავად ამ პროტესტის კაპიტალიზაციას?! ოპოზიცია ძირითადად ხელისუფლების მხილებითაა დაკავებული და ესაა საზოგადოებასთან მათი კომუნიკაცია. ხელისუფლება კი დიდი ხანია, მხილებულია. ოპოზიციას ადამიანების იმაში დარწმუნება სჭირდება, რომ თავად უკეთესები არიან და ამ მიმართულებით არაფერი კეთდება. ამომრჩეველი კი ფიქრობს, „კი ბატონო, გავიგე, რომ ხელისუფალი ცუდია, მაგრამ შენ რომ უკეთ შეგიძლია ჩემი პრობლემების გადაწყვეტა, რომ სანდო ხარ, არ მატყუებ ამ ხელისუფლების მსგავსად, დამარწმუნე ამაში“. სწორედ ამ მიმართულებით არაფერს აკეთებს ოპოზიცია და შედეგიც შესაბამისია. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში იმიტომ კი არ არის, რომ ძლიერია, არამედ იმიტომ, რომ ოპოზიციაა არაადეკვატური – ოპოზიციის სისუსტეა მისი მთავარი იარაღი.

ამჟამად ოპოზიცია გამოსავლის გზებზე მსჯელობს. „ლელოს“ წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ გეგმის დასახვა, საზოგადოებასთან კომუნიკაცია და რეალისტური გზავნილებია საჭირო და არა არასათანადო მოლოდინის შექმნა: მაგალითად, საუბარი იმაზე, რომ აღნიშნული ნაბიჯის შემდეგ რეჟიმი მყისიერად ჩამოიშლება და პირობითად, ხვალ ბრიუსელიდან „წამოვა" სანქციები, დამაზიანებელია. ამასთან, საზოგადოება მკაფიოდ უნდა განემარტოს, რომ ხუთიოდე პოლიტიკოსი მოცემულობას ვერ შეცვლის და პროცესში მათი ჩართულობა გადამწყვეტია.

ამჟამად გვარამიას პატიმრობიდან შედარებით მოკლე დროში გათავისუფლების ერთადერთი სამართლებრივი გზა შეწყალებაა, რომელთან მიმართებითაც დაკავებულს ნეგატიური დამოკიდებულება აქვს. თუმცა როგორც იურისტები განმარტავენ, პრეზიდენტს მსგავსი გადაწყვეტილების ექსკლუზიური უფლება აქვს, მიუხედავად მსჯავრდებულის პოზიციისა. გამოიყენებს თუ არა საკუთარ უფლებამოსილებას პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ამ ეტაპზე უცნობია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები