
ოსურმა სასამართლომ თამარ მეარაყიშვილი გაამართლა
16/05/2022 13:12:41 კონფლიქტები, სამართალი
ცხინვალის დე ფაქტო საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილის სარჩელი დე ფაქტო პროკურატურის წინააღმდეგ.
მანამდე მეარაყიშვილმა ორჯერ თქვა უარი დე ფაქტო პროკურატურის წინადადებაზე, მის მიერ ვითომდა ჩადენილ დანაშაულებზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეები "ვადის გასვლის" მოტივით შეწყვეტილიყო და საკუთარ სიმართლეს ბოლომდე იცავდა.
სამოქალაქო აქტივისტი ხუთი წლის განმავლობაში რჩებოდა ოსი ძალოვანების მხრიდან უკანონო დევნის მსხვერპლად და მოითხოვდა, ან მისი ბრალეულობა დაემტკიცებინათ, ან საქმე მარეაბილიტირებელი საფუძვლებით დაეხურათ და დე ფაქტო პროკურატურის ის თანამშრომლები, რომლებიც უფლებამოსილებას ამეტებდნენ, პასუხისგებაში მიეცათ.
მეარაყიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 2017 წლის 16 აგვისტოდან დაიწყო. დე ფაქტო პროკურატურა მას მმართველი მარტია "ერთიანი ოსეთის" მიმართ "ცილისწამებასა" და "ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის მიღებას" ედავებოდა.
2018 წლის 4 სექტემბრიდან სასამართლოში საქმის განხილვა გრძელდებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში რამდენიმე სხდომა ჩატარდა.