„სოციალური სამართლიანობის ცენტრი": "გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილება კრიტიკულ მედიაზე ზეწოლის კიდევ ერთი პრეცედენტია"

16-05-2022 18:38:15 საზოგადოება ,სამართალი

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ „მთავარი არხის“ დირექტორ ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯას "კრიტიკულ მედიაზე ზეწოლად" აფასებს.

„ნიკა გვარამიას ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, კომერციულ მოსყიდვაში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლებით ჰქონდა წარდგენილი. წარდგენილ ბრალდებებიდან, მას მხოლოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის (ორ ეპიზოდში) შეეფარდა გამამტყუნებელი განაჩენი, სხვა ყველა წარდგენილ ბრალდებაში კი გამართლდა. პირველი, 2015 წლის ეპიზოდი, გვარამიას მიერ საწარმოსთვის არამომგებიანი ხელშეკრულების დადებას (მაქსიმალური თანხის არმიღებას) შეეხება, რაც პროკურატურის პოზიციით, საწარმოს ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვას წარმოადგენდა. ეს ეპიზოდი მოსამართლემ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად გადააკვალიფიცირა, თუმცა სრულად გაიზიარა კომპანიისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა (6 763 509 ლარი) და ამ ნაწილში სანქციად ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით განუსაზღვრა. მეორე ეპიზოდი, რის გამოც ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, შპს ,,პროესკო მედიის” მიერ შპს ,,თეგეტა პრემიუმ ვიიქელსგან“ 232 201 ლარად შეძენილი ავტომობილის (,,Porche Macan S”) პირადი მიზნებით ფლობასა და სარგებლობაში გამოიხატა, რამაც, სასამართლოს შეფასებით, კომპანია რუსთავი 2-ს “მნიშვნელოვანი ზიანი” მიაყენა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მძიმე და ნიკა გვარამიას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს და თავისუფლების აღკვეთის გარდა, უფრო მსუბუქი ტიპის სასჯელებსაც ითვალისწინებს, როგორიცაა, ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო და შინაპატიმრობა. ამ ფონზე, გაუგებარია, თუ რა პრინციპით იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საქმის განმხილველმა მოსამართლემ, როდესაც იმ ქმედებისთვის, რომლითაც, სასამართლოს მსჯელობით, კომპანია რუსთავი-2 მა 6,7 მილიონ ლარზე მეტი ზიანი მიიღო, ბრალდებულს 50 000 ლარის ოდენობის ჯარიმა შეუფარდა, ხოლო იმ ეპიზოდზე, სადაც შესაძლო ზიანის ოდენობა ბევრად დაბალია, და თან დაუკონკრეტებელი,1 ბრალდებულს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა დააკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლთან, რომელიც სასჯელის დანიშვნის ზოგად საწყისებს უთითებს. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, სასჯელის დანიშვნისას, სხვა კრიტერიუმებთან ერთად, მოსამართლე აფასებს “ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს”. საგულისხმოა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი “მართლსაწინააღმდეგო შედეგი” სწორედ ქმედების შედეგად გამოწვეული ზიანით შეიძლება შეფასდეს. გარდა ამისა, ამავე მუხლის მიხედვით, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, თუ ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას”.

დემოკრატიულ საზოგადოებაში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულება, განსაკუთრებით კი ისეთ საქმეებში, რომლების შესაძლო გავლენაც სცდება კონკრეტული ბრალდების საქმეს და უკავშირდება მედიის შეუფერხებელ ფუნქციონირებას, სარგებლობდეს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით და ხარისხით. მოცემული განაჩენი კი აჩენს არა მხოლოდ სამართლებრივ კითხვებს განაჩენის დასაბუთებულობასთან დაკავშირებით, არამედ, საფუძვლიან ეჭვებს – სასამართლოს პოლიტიკური მიზნებით ინსტრუმენტალიზების თაობაზე. ამ რეალობაში ცხადია, რომ ძირეულად ინგრევა ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ, რომელიც ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვისა და სახელმწიფო უწყებების თვითნებობის შეკავებისა და კონტროლის ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმია.

ცხადია, განსახილველ საქმეს აქვს პოლიტიკური კონტექსტიც. მოსამართლის მიერ მიღებულმა განაჩენმა, რომლითაც ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელს საპატიმრო სასჯელი შეეფარდა, შესაძლოა ქვეყანაში გამოიწვიოს არა მხოლოდ მედია-გარემოს გაუარესება, არამედ, შიდა პოლიტიკური პოლარიზებისა და კრიზისების გაღრმავება, რაც არსებით გავლენას მოახდენს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე. მით უფრო, რომ პოლიტიკური პოლარიზების შემცირება, სტაბილური დემოკრატიული განვითარება და მართლმსაჯულების პოლიტიზირების დაძლევა ამ პროცესის ძირეული მოთხოვნებია“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები