ლომჯარია – გვარამიაზე: "დღევანდელი გადაწყვეტილებით ვთქვით, რომ ვცხოვრობთ ავტორიტარულ ქვეყანაში"

16-05-2022 19:48:17 სამართალი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას მოსანახულებლად რუსთავის ციხეში მივიდა.

როგორც მან გვარამიასთან შესვლამდე განაცხადა, დღევანდელი განაჩენი "მთავარი არხის" დირექტორის მიმართ კანონთან შეუსაბამოა და ამ საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.

მისივე შეფასებით, ეს ყველაფერი დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე ზეწოლას ემსახურება.

"ეს არის გაგრძელება კრიტიკული და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ დაწყებული ძალიან მტრული გარემოსი და ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური გამოვლინება. ჩვენ ვხედავდით არაერთ სისხლის სამართლის საქმეს მედია მფლობელებისა და მედია მენეჯერების მიმართ, ფიზიკურ თავდასხმებს, დისკრედიტაციის მცდელობებს და დღეს ალბათ უკვე ყველაზე კულმინაციური მომენტია, როდესაც ყველაზე ძლიერი და ყველაზე კრიტიკული მედიასაშუალების მენეჯერს სასამართლომ გამოუტანა განაჩენი იმისთვის, რაც საერთოდ არ წარმოადგენს დანაშაულს. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ კრიტიკულ მედიასაშუალებებზე განხორციელდეს ისეთი ზეწოლა, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოში არ ხდება. ასეთი ფაქტები ხდება ავტორიტარულ ქვეყნებში და ჩვენ დღევანდელი გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, ვთქვით, რომ ვცხოვრობთ არა დემოკრატიაში, სადაც მნიშვნელოვანია მედიის და გამოხატვის თავისუფლება, არამედ ჩვენ ვცხოვრობთ ავტორიტარულ ქვეყანაში",- განაცხადა ლომჯარიამ.

მისი თქმით, ამ საქმეს საერთაშორისო სასამართლოებში წარმატება ექნება.

16 მაისს სასამართლომ ნიკა გვარამია 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები