კობახიძე– გვარამიას შესაძლო შეწყალებაზე: "პერზიდენტი უნდა გაუფრთხილდეს პრეზიდენტის ინსტიტუტს"
17/05/2022 07:59:41 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალება არ შეიძლება, რადგან "გვარამია განსაკუთრებით პრეზიდენტის მიმართ გამოირჩეოდა ბილწსიტყვაობით, რაც პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ბილწსიტყვაობაა და ამის გატარება უბრალოდ არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოგვეშლება".
კობახიძის თქმით, პერზიდენტი უნდა გაუფრთხილდეს პრეზიდენტის ინსტიტუტს:
„რაც შეეხება შეწყალებას, ეს არის პრეზიდენტის ექსკლუზიური პრეროგატივა, უბრალოდ, ერთ რამეს ვიტყვი, გვარამია განსაკუთრებით პრეზიდენტის მიმართ გამოირჩეოდა ბილწსიტყვაობით. როცა გვარამია ბილწსიტყვაობს პრეზიდენტის მიმართ, ეს არ არის ბილწსიტყვაობა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ეს არის ბილწსიტყვაობა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ. თუ ასეთ პირობებში სალომე ზურაბიშვილი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც ჰქვია შეწყალება, გამოდის, რომ ის არ იცავს პრეზიდენტის ინსტიტუტს. ეს ძალიან მარტივად იქნებოდა ჩემთვის, როგორც უბრალო მოქალაქისთვის ამის ნიშანი და დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს. რა თქმა უნდა, პერზიდენტი უნდა გაუფრთხილდეს პრეზიდენტის ინსტიტუტს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სალომე ზურაბიშვილის მიმართ ბილწისტყვაობა არის პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ბილწსიტყვაობა და ამის გატარება უბრალოდ არ შეიძლება, ასეთ შემთხვევაში, უბრალოდ ჩამოგვეშლება ჩვენ სახელმწიფო ინსტიტუტები. ის ვინც, ბილწსიტყვაობს პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, ბუნებრივია, შეწყალების საგანი არ შეიძლება გახდეს“, - განაცხადა კობახიძემ.
16 მაისს სასამართლომ "მთავარი არხის" დირექტორ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. დაკავებამდე გვარამიამ განაცხადა, რომ იგი პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით არასდროს მიმართავდა.
ამავე თემაზე: „ხელისუფლებამ „რუბიკონი“ გადალახა“: რაში სჭირდებათ მედიამენეჯერი ციხეში.


