"ჩემთვის კარლ ბილდტი არის კრიმინალი, რომელიც სააკაშვილის და მისი პარტიის პარტნიორია"

17-05-2022 14:16:39 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი ირაკლი ზარქუა შვედეთის ყოფილ პრემიერ–მინისტრ კარლ ბილდტს "კრიმინალს" უწოდებს.

"ჩემთვის კარლ ბილდტი არის კრიმინალი, რომელიც სააკაშვილის და მისი პარტიის პარტნიორია და წლების განმავლობაში ლობისტობდა მის ინტერესებს, კრიმინალი სააკაშვილის ინტერესებს",- ასე უპასუხა ზარქუამ კითხვას, "ეთანხმება თუ არა ირაკლი კობახიძეს, რომ გარკვეული საერთაშორისო პარტნიორები კრიმინალებს მფარველობენ".

ამასთან, ზარქუა გამოეხმაურა ამერიკელი სენატორის ჯიმ რიშისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით და უცხოელ პარტნიორებს შემდეგი კიტხვით მიმართა:"არაერთი მაგალითია მსგავსი მათ შორის, ევროპაში, აშშ- ში, გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა მედიაზე?!"

"რაც შეეხება საერთაშორისო გამოხმაურებებს, ეს მოსალოდნელი იყო, ჩვენ ეს გამოვიარეთ 2017 წელს "რუსთავი 2"- ის თემაზე, ამოიღეთ მესიჯები ენჯეოშნიკენის, ცნობილი ჟურნალისტების, ევროპარლამენტარების, სენატის წარმომადგენლებისგან, ფასიანი ლობისტებისგან, ერთი - ერთში ემთხვევა დღევანდელ მესიჯებს, რომ "ეს არის დემოკრატიის დასასრული," "დიქტატურა მყარდება", "მედია აღარ არსებობს", შემდეგ როგორც კი სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს სასამართლოს ყველა ინსტანციაზე სამართლიანი სასამართლოს უფლება იყო დაცული, ხმა არ ამოუღია არც ერთს, გაქრნენ საერთოდ, ზუსტად იგივე სცენარია ახლაც. მე მივმართავ ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივარს, მათ შორის, ევროპარლამენტარებს, სენატის წარმომადგენლებს, ყველას, თქვენს ქვეყანაში ანალოგიური დანაშაული რომ ჩაედინა ვინმეს, იქნებოდა თუ არა ინდულგენცია, რომ ის არის მედიის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, გამოხვიდოდით და იტყოდით, რომ ეს არის მედიაზე ზეწოლა?! ძალიან გთხოვთ, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც კანონით, კონსტიტუციით ცხოვრობს და გვინდა ვიყოთ სახელმწიფო, სადაც სტატუსი არაფერს ნიშნავს, როცა დანაშაული გაქვს ჩადენილი, ასეთ სახელმწიფოს ვაშენებთ და დიდი იმედი გვაქვს თქვენი გვერდში დგომის. თუ კითხვები გაქვთ, არის შესაძლებლობა ჩაერთოთ, პასუხები მიიღოთ და ამის შემდეგ თუ კიდევ დაგრჩებათ კითხვები, მერე კი ბატონო, შეგიძლიათ, ასეთი განცხადებები აკეთოთ",- განაცხადა ზარქუამ.

გუშინ აშშ–ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, "სასამართლო გადაწყვეტილება გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეებზე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი".

16 მაისს სასამართლომ "მთავარი არხის" დირექტორ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ამავე თემაზე: „ხელისუფლებამ „რუბიკონი“ გადალახა“: რაში სჭირდებათ მედიამენეჯერი ციხეში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები