პროკურატურამ ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქის მიმართ ჩადენილი თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა

17-05-2022 16:07:17 სამართალი

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქის მიმართ ჩადენილი თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ „ევრობანკ კვიპროსის“ სახელით მოქმედმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა წარსულში ონლაინ-ვაჭრობით დაზარალებულ ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქესთან სატელეფონო კომუნიკაცია დაამყარეს და თითქოსდა დაკარგული თანხების დაბრუნების და დამატებით მოგების მიღების პირობით, მას დაახლოებით 34 000 ევრო მოტყუებით, ბრალდებულის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინეს.

„შემდგომში, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის ნაწილი, კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ბრალდებულმა პირად საბანკო ანგარიშებზე განათავსა და პირადი საჭიროებისთვის განკარგა, რითაც დაახლოებით 20 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ბრალდებული 16 მაისს დააკავეს. მას ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს უკვე მიმართა.

საქართველოს გენერალური პროკურატურა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით, გამოძიებას აგრძელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები