“გაფრთხილება და მუქარა სხვა მედიების მიმართ” – სამოქალაქო ორგანიზაციები გვარამიას დაკავებაზე

17-05-2022 18:57:05

საზოგადოებრივი ორგანიზაციები მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის შეფარდებულ სასჯელს ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან. ორგანიზაციები აცხადებენ, რომ გვარამიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება აღიქმება როგორც გაფრთხილება და მუქარა სხვა დამოუკიდებელი მედიების მიმართ.

"საზოგადოებრივი ორგანიზაციები მხარდაჭერას ვუცხადებთ ნიკა გვარამიას და მთავარი არხის გუნდს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2022 წლის 16 მაისს მიღებული გადაწყვეტილება და ნიკა გვარამიასთვის თავისუფლების აღკვეთის მისჯა აღიქმება როგორც გაფრთხილება და მუქარა სხვა დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ, რათა შეწყვიტონ ხელისუფლების საქმიანობის კრიტიკულად გაშუქება, არ შეასრულონ ხელისუფლების მაკონტროლებელი ფუნქცია და უარი თქვან ხელისუფლებისთვის არასასურველი ფაქტების საზოგადოებამდე მიტანაზე.

კრიტიკული მედიასაშუალების გენერალური დირექტორის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მათ შორის, მენეჯერული გადაწყვეტილების მიღების გამო წარმოადგენს შერჩევითი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის და მსჯავრდების კიდევ ერთ მაგალითს. ვფიქრობთ, მსგავსმა პროცესებმა, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე". – ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტილი
  • ბერალური აკადემია თბილისი
  • მედიაკლუბი
  • მედიის განვითარების ფონდი
  • მედიის უფლებები
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  • სატელევიზიო ქსელი
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
  • საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • უფლებები საქართველოღია საზოგადოების ფონდი
  • მედიაომბუდსმენი
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • Georgian Court Watch
  • მწვანე ალტერნატივა
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
  • საქართველოს პენცენტრი
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • (EPRC)
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • CSI
  • დემოკრატიის ინსტიტუტიევროპის ფონდი
  • ცენტრი “ემპათია”
  • მწვანე სექტორი
  • თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • საფარი
  • სირცხვილია

ცნობისთვის: 16 მაისს სასამართლომ "მთავარი არხის" დირექტორ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

საქართველოს პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის 2019 წლის ზაფხულში წარდგენილი ბრალი ეხება პერიოდს, როცა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“.

მოსამართლემ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. მოსამართლე ჩხიკვაძემ გვარამიასთვის კიდევ ერთი, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით(მითვისება, ან გაფლანგვა) წაყენებული ბრალი დააკვალიფიცირა 220-ე მუხლით და ამ ნაწილში სასჯელად განუსაზღვრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000 ლარის ჯარიმის გადახდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები