ბიბილოვის “სპეცოპერაცია” სახელად “რეფერენდუმი”: სცხელა თუ არა მოსკოვს ცხინვალისთვის?

17-05-2022 19:33:10 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის არჩეული “პრეზიდენტი” ალან გაგლოევი ჯერ კიდევ ინაუგურაციამდე ძალზე უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. 8 მაისის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებზე მასთან წაგებულმა ანატოლი ბიბილოვმა, რომელმაც წინასაარჩევნოდ უკვე მერამდენედ, მაგრამ ამჯერად უსარგებლოდ გაათამაშა “ორი ოსეთის გაერთიანების” კარტი, მოასწრო, გამოეცა ბრძანებულება ხსენებულ საკითხზე რეფერენდუმის დანიშნვის შესახებ. ეს უკანასკნელი 17 ივლისს უნდა გაიმართოს. არადა, ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი ოპოზიციაში ყოფნისას “სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის” იდეის მხარდამჭერი იყო. ახლა გაგლოევი ფრთხილობს და ბიბილოვის ბრძანებულების “ნაადრევობაზე” მიუთითებს. ჯერ-ჯერობით განცხადებების დონეზე სიფრთხილეს იჩენს მოსკოვიც, რომლის არაერთგზის დეკლარირებულ გრანდიოზულ იმპერიალისტურ გეგმებს პირველივე “დასაპყრობ პუნქტში” – უკრაინაში, რბილად რომ ვთქვათ, დიდი პრობლემები შეექმნა.

ბიბილოვის უკანასკნელი "სპეცოპერაცია"

რეფერენდუმის დანიშნვის შესახებ ბრძანებულებას ბიბილოვმა 13 მაისს – უკვე მას შემდეგ მოაწერა ხელი, რაც “არჩევნებში” მარცხი აღიარებული ჰქონდა. იმავე დღეს მან მოსახლეობას ადგილობრივი ტელევიზიის ეთერით მიმართა და მოკლე კრემლისტური “ისტორიული ექსკურსის” შემდეგ “ახალი შესაძლებლობების ფანჯრის” შესახებ ისაუბრა. “2014 წელს - ე.წ. ყირიმის გაზაფხულის დროს და შემდეგ - 2017-ში შესაძლებლობები ხელიდან გავუშვით, მაგრამ ახლა ჩვენთვის ახალი ფანჯარა გაიხსნა. ბევრი საუბრობს იმაზე, რომ რუსეთი სადღეისოდ რთულ მდგომარეობაშია და ჩვენც ვეთანხმებით იმას, რომ მიმდინარეობს გეოპოლიტიკური კატაკლიზმები, მაგრამ მოდით, ყურადღებით დავაკვირდეთ, რა არის მნიშვნელოვანი რუსეთისთვის დღეს, როდესაც მას ბევრმა ე.წ. პარტნიორმა აქცია ზურგი. ჩვენ, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, ყოველთვის ვთვლიდით თავს რუს ხალხთან ერთ მთლიანად, ხოლო რუსეთის ფედერაციას – ჩვენს ისტორიულ სამშობლოდ. საქართველომ ახლახანს ევროკავშირში აუცილებელი დოკუმენტების მეორე პაკეტი წარადგინა და შეუძლებელია, ეს არ გვძაბავდეს. თავად თბილისის მსგავსად, ევროკავშირიცა და ამერიკაც ხომ საქართველოს სსრკ-ის დაშლამდელ ისტორიულ საზღვრებში ხედავენ. ამდენად, ვთვლი, რომ სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია. ამით მივაღწევთ ჩვენს სტრატეგიულ უსაფრთხოებასაც, ამავდროულად ისტორიული სამართლიანობის აღდგენასაც და რაც მთავარია, ამ რთულ დროს რუსეთს მის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას ვუჩვენებთ» - აღნიშნა მან.

ამასთან, ბიბილოვმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ თავად ის “მხოლოდ ერთ-ერთი ინიციატორია” რეფერენდუმის ჩატარების და საინიციატივო ჯგუფის სიაში როგორც ყველა “ექს-პრეზიდენტი”, ისე ახლადარჩეული ალან გაგლოევიც ფიგურირებენ. «საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებულ სიაში სამხრეთ ოსეთის ოთხი პრეზიდენტი შედის. დებატებისას ხელმოწერილ გადაწყვეტილებას ალან გაგლოევიც შემოუერთდა” – განაცხადა ბიბილოვმა.

ყოფილი და ახლადარჩეული "პრეზიდენტების" პოზიციები

თუმცა “თანაინიციატორებად” დასახელებული სამივე “ექს-პრეზიდენტი” (ლუდვიგ ჩიბიროვი, ლეონიდ თიბილოვი, ედუარდ კოკოითი) ამ საკითხზე დუმილს ინარჩუნებს.

რაც შეეხება ალან გაგლოევს, რომლის ინაუგურაცია 24 მაისისთვის არის დაგეგმილი, რეფერენდუმის საკითხზე საკუთარი პოზიცია მან ჯერ “არჩევნებში” გამარჯვებისთანავე დააფიქსირა: “[…] აქ საქმე მარტო იმაში არაა, რომ საჭიროა გაერთიანება. საქმე იმაშია, რა მექანიზმით. არსებულ ვითარებაში ყველაფერი სამხრეთ ოსეთზე არაა დამოკიდებული, დამოკიდებულია ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირე რუსეთზეც და ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯი შეთანხმებულად უნდა გადაიდგას. დღეს რუსეთის ფედერაცია ნეოფაშისტებთან ბრძოლის სპეცოპერაციას ატარებს უკრაინაში. როგორც კი დადგება დრო, სამხრეთ ოსეთი იყო და დღესაც მზადაა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესასვლელადო».

ხოლო შემდგომში, ბიბილოვის მოულოდნელ ბრძანებულებაზე გაგლოევის რეაქცია ასეთი იყო: «[…] სრულად ვუჭერ მხარს რუსეთის შემადგენლობაში ორი ოსეთის გაერთიანებას. სხვა საკითხია, დადგა თუ არა ის ისტორიული მომენტი, როცა აუცილებელია მსგავსი ბრძანებულების გამოცემა და რეფერენდუმის ფორსირება? ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა, [ბიბილოვს – რედ.] რეფერენდუმის თარიღი არ შეეთანხმებინა სამხრეთ ოსეთის არჩეულ პრეზიდენტთან, რომელმაც ამ რეფერენდუმთან დაკავშირებულ ღონისძიებათა მთელი კომპლექსი უნდა განახორციელოს, თანაც საკადრო გარდაქმნების პერიოდში. დაფიქრებულა კი ანატოლი ბიბილოვი მსგავს ვითარებაში რეფერენდუმისთვის მომზადების ხარისხზე და შედეგებზე?! ჩემის მხრივ, ვარწმუნებ მოსახლეობას, რომ რეფერენდუმთან დაკავშირებით ჩემი მოქმედებები მიმართული იქნება საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვაზე, კონსულტაციების ჩატარებასა და რუსეთის ფედერაციასთან მიღწეული შეთანხმებების აღსრულებაზე».

ოსი ანალიტიკოსების პოზიცია

ადგილობრივი საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს მსოფლიო პრაქტიკაში არ ახსენდებათ შემთხვევა, თანამდებობიდან მიმავალ ლიდერს მისი შემცვლელის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე პლებისციტი დაენიშნოს. “კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს არ აქვს უფლება, რეფერენდუმი დანიშნოს და ეს ლოგიკურია: ესოდენ მნიშვნელოვან საკითხებზე რეფერენდუმს ვერ უნდა ნიშნავდეს ადამიანი, რომელსაც მოსახლეობამ ნდობის გამოცხადებაზე უარი უთხრა” – აცხადებს ოსი პოლიტოლოგი ვიაჩესლავ გობოზოვი.

დამოუკიდებელ დამკვირვებლებს ენიშნათ ბიბილოვის ბრძანებულებაზე დე ფაქტო ცსკ-ისა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების წარმოუდგენელი სისწრაფეც: “რეფერენდუმის შესახებ” ოსური კანონის თანახმად, უზენაესმა სასამართლომ დე ფაქტო პრეზიდენტის მიერ წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტები ორკვირიან ვადაში უნდა განიხილოს და შემდეგ წარუდგინოს დასკვნა, ამ შემთხვევაში კი ბიბილოვს პასუხი სულ რამდენიმე საათში გაეცა და ჯამში მთელმა პროცესმა ორ დღე-ღამეზე ნაკლები დაიკავა. «სად უნახავთ მსგავსი რამ? ეს რა ცირკი მოაწყვეს? ფორმა, რომლითაც ეს ყველაფერი განხორციელდა, ეწინააღმდეგება თავად რეფერენდუმის სულისკვეთებას და სპეცოპერაციას უფრო ჰგავს!» - ამბობს მოძრაობის “კავშირი ალანია-რუსეთი” თანათავმჯდომარე როლანდ ქელეხსაევი.

გარდა ამისა, ადგილობრივ საექსპერტო წრეებში იმ გარემოებაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ ღონისძიება დაანონსდა, როგორც “რეფერენდუმი რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე”, მაგრამ სარეფერენდუმო კითხვა ფორმულირებულია შემდეგნაირად: «მხარს უჭერთ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის რუსეთთან გაერთიანებას?». “ტერმინები «გაერთიანება» და «შემადგენლობაში შესვლა» შინარაასით სრულიად განსხვავებულია. თუ სუბიექტის სტატუსით რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე იყო საუბარი, მაშინ კითვაც შესაბამისად უნდა ყოფილიყო ფორმულირებული. ასე კი გაუგებარია, რომელ სახელმწიფო თუ სახელმწიფოთაშორის გაერთიანებაში გვთავაზობენ შესვლას ინიციატორები. ეს ბუნდოვანება “ძირითადი გარანტიების შესახებ” საკონსტიტუციო კანონს ეწინააღმდეგება” – ამბობს ვიაჩესლავ გობოზოვი.

ამასთანავე, მისი შეფასებით, მსგავსი რეფერენდუმი, რომც ჩატარდეს, არავითარ დამატებით სამართლებრივ საფუძვლებს არ შექმნის რუსეთის შემადგენლობაში შესასვლელად. “რა სამართლებრივი ნაბიჯები უნდა გადაიდგას მსგავსი რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე – გაუგებარია. შეგახსენებთ კანონის მე-10 მუხლს: «სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შეუძლია, გაერთიანდეს სხვა სახელმწიფოებთან კავშირებში და გადასცეს საკავშირო ორგანოებს საკუთარი უფლებამოსილებების ნაწილის განხორციელება”. ამგვარად, თუკი სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის გარკვეულ კავშირებში გაერთიანებას გვთავაზობენ, კონსტიტუცია ამას უკვე ისედაც ითვალისწინებს და რაღა საჭიროა რეფერენდუმი? ხოლო თუ საუბარია რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში სუბიექტად შესვლაზე, მაშინ სარეფერენდუმო კითხვის ფორმულირება უნდა ყოფილიყო შესაბამისი, ჩვენ კი სულ სხვა რამეს ვხედავთ და ეს კითხვებს წარმოშობს» - განმარტავს ვიაჩესლავ გობოზოვი.

ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ, ბიბილოვის შტაბში “კავშირში გაერთიანებას” “სხვა სახელმწიფოს შემადგენლობაში სუბიექტის სტატუსით შესვლისგან” ვერ ასხვავებდნენ. მათი ვარაუდით, სარეფერენდუმო კითხვის ბუნდოვანება გამიზნული ნაბიჯია და “არჩევნებში” ბიბილოვის გამარჯვებაზე იყო გათვლილი.

რაც შეეხება ახალი “პრეზიდენტის” ინაუგურაციამდე 10 დღით ადრე რეფერენდუმის ინიცირების მიზეზებს, ადგილობრივი ანალიტიკოსების ვარაუდით, აქ შესაძლოა, ბიბილოვის მხრიდან უფრო ემოციურ და არა რაციონალურ მიზეზებთან გვქონდეს საქმე: “არჩევნებში” მარცხის შემდეგ ხომ ანატოლი ილიჩი ზოგადადაც უცნაურად გააქტიურდა: დე ფაქტო მთავრობასთან სოციალური განვითარების საკითხებს განიხილავს, ხელფასებს ზრდის, წოდებებს არიგებს, რეფერენდუმს ნიშნავს, მისი პრეს-სამსახური კი ამ სიახლეებს ყოველ ჯერზე აშუქებს წინსართით «მოქმედი პრეზიდენტიო».

რას ფიქრობს ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა

თანამდებობიდან მიმავალი ლიდერის მსგავსი ქცევა ოკუპირებულ რეგიონში ბევრს მოხვდა თვალში, მათ შორის – მოსახლეობის დიდ ნაწილსაც. ხალხი ამ ყველაფრის ფონზე დაბნეულობაშია.

სოცქსელების ოსურ სეგმენტში კი ნელ-ნელა მძლავრდება ტალღა მოწოდებებით, არ მიიღონ მონაწილეობა რეფერენდუმში, რომელიც “არჩევნებში” წაგებული პოლიტიკოსის გუნდთან ასოცირდება.

რუსეთის "სიფრთხილე"

რაც შეეხება რუსეთს, დეკლარირების დონეზე იგი სადღეისოდ ბიბილოვის გადაწყვეტილებისგან დისტანცირებას ცდილობს. ამ თემაზე რამდენჯერმე დააფიქსირა პოზიცია სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინე ზატულინმა, რომელიც რეფერენდუმის “ნაადრევობაზე” საუბრობს, მსგავს გადაწყვეტილებებს “სახიფათოდ” მიიჩნევს და ამ კონტექსტში საქართველოს პოზიციაზე მიუთითებს:

«ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, რა ხდება კავკასიაში. ნათელია, რომ მსგავსი რეფერენდუმი საქართველოში ემოციების ტალღას გამოიწვევს. ამჟამად ჩვენ უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია გვაქვს და ვთვლი, რომ “წვერის ქაჩვა” არ გვიღირს» - განუცხადა ამასწინათ რუს ჟურნალისტებს ზატულინმა.

ოფიციალური თბილისის "ზომიერების" მოკლე- და გრძელვადიანი პერსპექტივები

არავითარი “ემოციების ტალღა” ოფიციალური თბილისის მხრიდან ჯერ-ჯერობით არ შეინიშნება - პირიქით, ბიბილოვის ინიციატივაზე საქართველოს ხელისუფლების რეაქცია უაღრესად თავშეკავებული იყო: მმართვაელი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ წარსული მიმოიხილა და ეს საკითხიც მოსახლეობის თვალში პოლიტიკური ოპოზიციის იმიჯის შესალახად გამოიყენა, უშუალოდ რეფერენდუმის თემაზე კი მხოლოდ ის თქვა, რომ თბილისი მას ისევე არ აღიარებს, როგორც დე ფაქტო მთავრობასა და დე ფაქტო არჩევნებს. “სამომავლოდაც სწორედ ამ ხაზს შევინარჩუნებთ” – დასძინა კობახიძემ.

ქართველი ანალიტიკოსების აზრით, ოფიციალური თბილისი მხოლოდ იმაზე აკეთებს გათვლას, რომ რუსეთი ხსენებულ საკითხს სამომავლოდ გადადებს: ამ ეტაპზე – უკრაინის ომის ფონზე ცხინვალის რეგიონის მიერთებას მოსკოვისთვის პოზიტიურზე ბევრად მეტი ნეგატიური ეფექტი ექნება და ამ კუთხით მოვლენების ფორსირებას თავს აარიდებსო. თუმცა რეალურად, არ არსებობს არავითარი გარანტია იმისა, რომ მოსკოვი კიდევ ერთ ირაციონალურ ნაბიჯს არ გადადგამს, ამდენად, თბილისს ჰმართებს, ამ შესაძლებლობისთვისაც აქტიურად ემზადოს.

კონფლიქტოლოგ გიორგი კანაშვილის აზრით, «რეფერენდუმის» დანიშნვის კუთხით საქმე უფრო ბიბილოვის კერძო ინიციატივასთან უნდა გვქონდეს, მაგრამ ის გარემოება, რომ მოსკოვიდან მისთვის ხელი არ შეუშლიათ, შესაძლოა, იმაზე მეტყველებდეს, რომ კრემლს თბილისზე ზეწოლის დამატებითი ბერკეტის ფლობა სჭირდება: თუკი უკრაინის საკითხში საქართველოს ხელისუფლების პოზიცია მოსკოვის მიმართ მეტი სიმკაცრისკენ გადაიხედება, კრემლი «რეფერენდუმის» შედეგების აღსრულებას მოაყოლებს. «ჩვენს რეგიონში პროცესები იმდენად დინამიურია, რომ რამის გამორიცხვა ძალზე რთულია. ჯერ-ჯერობით ხსენებული მიმართულებით მოსკოვიდან გადადგმული ნაბიჯები არ ჩანს, თუმცა როდესაც მოინდომებენ, საამისოდ ყველანაირი ბაზა მომზადებულია» - ამბობს კონფლიქტოლოგი.

მისივე შეფასებით, ის, რომ დღეს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ანექსია არ ხდება და მეტ–ნაკლებად მშვიდი გარემოა, ნაწილობრივ მართლაც შეიძლება, უკავშირდებოდეს მოსკოვის მიმართ საქართველოს ხელისუფლების «ზომიერ» პოზიციას, კერძოდ, იმას, რომ „ქართული ოცნება“ რიტორიკის დონეზე მაინც არაა ანტირუსული და «აკეთებს იმგვარ განცხადებებს, როგორიც მოსკოვის ხედვით უნდა გააკეთოს», თუმცა საკითხავია, რამდენად შედეგიანი იქნება მსგავსი მოქმედება გრძელვადიან პერსპექტივაში.

ფიქრებს იმაზე, რომ მოსკოვის მხრიდან არაფერია გამორიცხული, ამ დღეებში დამატებითი ბიძგი მისცა რუსეთის პატრიარქმა კირილმა, რომელმაც ალან გაგლოევს დე ფაქტო საპრეზიდენტი არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ფაქტს უკვე გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქო, რომლის შეფასებით, კირილის ეს ნაბიჯი "გაუგებრობას ბადებს და ვითარებას ართულებს".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები